სხვა

1:59 | 1.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

საიუბილეო “ნიამორმა” სტარტი მეკლდეურთა ტურნირით აიღო

გუშინ თბილისში, “კლუბ 71”-ში ოფიციალურად გაიხსნა თბილისის სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური სატელევიზიო ფილმების ფესტივალი “ნიამორი”. რიგით მე-10 საიუბილეო ფესტივალმა სტარტი მედია-მეკლდეურთა ტურნირით აიღო.

თავდაპირველად, შეჯიბრში მონაწილეობის სურვილი ათმა მედია-საშუალებამ გამოთქვა, თუმცა საბოლოოდ სტარტზე მხოლოდ 8 გუნდი გამოცხადდა და ისიც – არასრული შემადგენლობით. საერთო ჯამში მონაწილეთა რიცხვმა სამ ათეულს მიაღწია.

ჟურნალისტებისთვის შეჯიბრის ტრასები საქართველოს მოქმედმა მეკლდეურებმა, ჩემპიონებმა და პრიზიორებმა ააწყვეს (გუგა დაბრუნდაშვილის ხელმძღვანელობით), შემდეგ კი 3 საათის განმავლობაში, მონაწილეთა უსაფრთხოებაც უზრუნველყვეს.

გოგონათა შეჯიბრის ფინალში რადიო “იმედის” წარმომადგენელმა ია პერტენევამ თამუნა ქობულაშვილს (“პირველი რადიო”) აჯობა, მესამე ადგილი კი ნათია მღებრიშვილმა (“რუსთავი-2”, “ნიამორის” სამგზის გამარჯვებული) დაიკავა.

ვაჟთა შორის ყველას საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელმა ნიკა ლომიძემ აჯობა, მეორე ადგილზე ლაშა მიქაძე (“პირველი რადიო”) გავიდა, მესამეზე კი – ზაზა ჭითანავა (“რადიო იმედი”).

საინტერესო გამოდგა გუნდური შეჯიბრი, სადაც “რადიო იმედმა” და “პირველმა რადიომ” პირველი გუნდური ადგილი გადაინაწილეს. აქვე ვთქვათ, რომ ინდივიდუალურ ტურნირში გამარჯვებულებს პრიზები “კლუბი 71”-მა გადასცა.

ცნობისთვის, მომავალ უქმეებზე “ნიამორის” ეგიდით ჟურნალისტთა შორის სათხილამურო ტურნირიც შედგება. შეჯიბრში მონაწილეობას 10 გუნდი მიიღებს, განაცხადები კი, რომლებშიც 2 გოგონა და 2 ვაჟი იქნება, სამშაბათ საღამომდე შემდეგ მისამართზე უნდა იქნას გაგზავნილი niamori@niamori.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089125