ძიუდო

20:57 | 24.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთში ქართველებისთვის დილით ღამდება

ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მამაკაცთა და ქალთა შორის უკვე მედლების სამ-სამი კომპლექტი გათამაშდა, მაგრამ საქართველოს კაცთა ნაკრების წევრთაგან წარმატებებს ჯერ ამაოდ ველით. ავსტრიელი სპეციალისტის, პიტერ ზაიზენბახერის დამოძღვრილი გუნდიდან დღეს პარიზის “ბერსის” დარბაზის ტატამზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნუგზარ ტატალაშვილი და თენგიზ პაპოშვილი გავიდნენ და გუშინდელი ქართული ოთხეულის მსგავსად, ტურნირს საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ – დაუძლეველი ბარიერი ორივესთვის ოცდამეთორმეტედფინალი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ტურნირს ორივე ისე დაემშვიდობა, მომგებ მეტოქეებთან ყველაზე დაბალშეფასებიანი ილეთის გაკეთებაც კი ვერ მოახერხეს.
ნუგზარ ტატალაშვილი წილისყრამ პირველ წრეში დაასვენა და მომავალი სავარაუდო მეტოქეების - ჰოლანდიელი დექს ელმონისა და თურქი სეზერ ჰუისუზის დაპირისპირებას გვერდიდან მიადევნა თვალი. ამ წყვილში ფავორიტი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლის პრიზიორი ელმონი იყო. იმარჯვა კიდეც და ქართველ ძიუდოისტს დაეჭიდა. ერთადერთი, რაც ტატალაშვილმა შეძლო, საწყისი აქტიურობით მეტოქეს შიდო მიაღებინა. შემდეგ კი ტატამის ბატონ-პატრონი ჰოლანდიელი გახდა და ორიოდ წუთში მომგებიანი კისრულიც შეასრულა.
ნუგზარ ტატალაშვილის ძლევის შემდეგ, ელმონმა კიდევ 4 მოწინააღმდეგე ჩამოიცილა და მხოლოდ ფინალში დამარცხდა, იაპონელ რიკი ნაკაიასთან. ამ 22 წლის იაპონელმა ნახევარფინალში ტიტულოვან თანამემამულეს, მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონ ჰიროუკი აკიმოტოს აჯობა და ელმონს 2010 წლის ფინალური მარცხის რევანშის შანსი გადაუწურა. მოგვიანებით კი, მორიგი გადამწყვეტი მარცხი თავად აგემა.
ტიტულის დაკარგვით იმედგაცრუებულმა აკიმოტომ რეპეშაჟის ფინალშიც წაიფორხილა უზბეკ ნავრუზ ჟურაკობილოვთან და სულაც სამეულს მიღმა დარჩა. მეორე ბრინჯაოს ფრანგი უგო ლეგრანი დაეუფლა. სწორედ მან გამოთიშა შეჯიბრებას მერვედფინალიდან პირველ ნომრად განთესილი მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერი, სამხრეთკორეელი კი-ჩუნ ვანგი. თავად კი ძირითად ბადეში გამოსვლა ნახევარფინალში დაასრულა, ელმონთან ჰანტეით წაგებით.
თენგიზ პაპოშვილმა ტურნირი გვატემალელი ხუან მეხია დე ლა როკას წმინდად ძლევით გახსნა. შემდეგ კი... ბრიტანელ დენიელ უილიამსთან, მოწინააღმდეგის 2 გაფრთხილებით მიღებული უპირატესობა ბოლო წამებზე გაანიავა. უილიამსმა ვაზარი შეასრულა და მეთექვსმეტედფინალში გავიდა, თუმც სწრაფადვე დამარცხდა და პარიზულ ტატამს ერთადერთი მოგებით დაემშვიდობა.
დღესვე, ჩემპიონ-პრიზიორები ქალთა 52 და 57 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გათამაშდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე იქაც იაპონელები ავიდნენ. ამრიგად, ორი დღის საერთო შედეგებით, 6 ოქროს მედლიდან 5 ძიუდოს ფუძემდებელთა ანგარიშზეა. ქალებში ჯერჯერობით ჰიმნს მხოლოდ იაპონელები უკვეთავენ, მამაკაცებში კი ასპროცენტიან შედეგში ხელი უზბეკმა რიშოდ სობიროვმა შეუშალათ.
ხვალ მედლები მამაკაცთა 81 და ქალთა 63 კილოგრამებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრების წევრთაგან საქმეში ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური ჩაერთვებიან. ჭრიკიშვილს პირველ მეტოქედ ბურკინაფასოელი ჰერმან მონე ეყოლება. ამ წყვილში გამარჯვებულს მეორე წრეში უნგრელი შანდორ ნაგისოლიმოში ელის, მეთექვსმეტედფინალში კი, სავარაუდოდ, ყაზახი საიატ შამშიევი.
წიკლაური ტურნირში პირდაპირ მე-2 წრიდან ჩაერთვება, უზბეკ იახიო იმამოვთან შეხვედრით, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში მოლდოველ სერგიუ ტომას ან ამერიკელ ჰარი შტლეგერს დაეჭიდება.
ძიუდო
მსოფლიოს ჩემპიონატი
პარიზი
24 აგვისტო


კაცები

73 კგ
1 რიკი ნაკაია (იაპონია)
2 დექს ელმონი (ჰოლანდია)
3 ნავრუზ ჟურაკობილოვი (უზბეკეთი)
3 უგო ლეგრანი (საფრანგეთი)

ქალები

52 კგ
1 მისატო ნაკამურა (იაპონია)
2 იუკა ნიშიდა (იაპონია)
3 ანა კარასკოსა (ესპანეთი)
3 ანდრეა ჩიტუ (რუმინეთი)

57 კგ
1 აიკო სატო (იაპონია)
2 რაფაელა სილვა (ბრაზილია)
3 კორინა კაპრიორიუ (რუმინეთი)
3 კაორი მაცუმოტო (იაპონია)
 

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09128