ქართულ ფეხბურთს დალხინებული პერიოდი ნამდვილად არ უდგას, მიზეზთა გამო, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები და კლუბები საერთაშორისო ასპარეზზე იშვიათ, ეპიზოდურ წარმატებას აღწევენ და ლამისაა ქართველმა გულშემატკივარმა უიმედობისგან ხელიც კი ჩაიქნიოს. ამგვარი მდგომარეობა ყველაზე მეტად დამწყები ფეხბურთელებისთვისაა დამთრგუნველი, თუმცა, ახალგაზრდა ქართველ მოთამაშეებს სტიმულის მიმცემი თანამემამულე სპორტსმენებიც ჰყავთ და მათ შორის უდავოდ გამორჩეულია კახა კალაძე. საქართველოს ეროვნული ნაკრების აწ უკვე ექსკაპიტანი ლამის 2 ათეული წელია სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობს. კალაძემ ნიჭით, მტკიცე ხასიათით, საქმისადმი პროფესიული მიდგომით, მონდომებითა და შესაშური შრომისმოყვარეობით გაიკაფა გზა უმაღლესი “საფეხბურთო საზოგადოებისკენ” და ქართველ ფეხბურთელთა შორის ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე გახდა. მსოფლიოს საკლუბო პირველობის გამარჯვებული, ჩემპიონთა ლიგის ორგზის ტრიუმფატორი, იტალიის, უკრაინისა (სამჯერ) და საქართველოს (ხუთჯერ) ჩემპიონი, ევროპისა და იტალიის სუპრთასთა, იტალიის, უკრაინისა (3) და საქართველოს (4) ეროვნული თასების მფლობელი – აი, ნუსხა კახას მიერ მოპოვებული გუნდური წოდებებისა, რომელიც აღტაცებასა და დაფასებას ერთდროულად იმსახურებს. კალაძეს არაერთი ინდივიდუალური პრიზიც დაუმსახურებია, რომელთაგან ჯერჯერობით ბოლო, “მსოფლიო სპორტის” მიერ გულშემატკივართა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად საქართველოს 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულია...
საქართველოს ნაკრების, თბილისისა და კიევის “დინამოს”, “მილანის” ყოფილ და “ჯენოას” ამჟამინდელ წევრს სიძნელეც არაერთი შეხვედრია და არც პირადმა ტრაგედიამ “დაინდო”. თუმცა, კახამ ძლიერი პიროვნებისთვის დამახასითებელი თვისებები სრულად გამოავლინა და ღირსეულად გადალახა ყველა სირთულე თუ მიყენებული სულიერი ტკივილი. აბა, ერთი წამით წარმოვიდგინოთ, როგორი ამბავია, გახვიდე საფეხბურთო მინდორზე და მთელი მონდომებით, გულიანად იასპარეზო, როდესაც ღვიძლი ძმა ბოროტმოქმედებს ჰყავთ გატაცებული...
... ფეხბურთის თამაში კახამ ადრეული ასაკიდან დაიწყო. სკოლიდან შინ დაბრუნდებოდა თუ არა, თანატოლებთან ერთად ბურთს დასდევდა, 12 წლისა კი საფეხბურთო სკოლაში მამამ, კარლო კალაძემ მიიყვანა და ვანო ყურულაშვილს “ჩააბარა”. თავდაპირველად კახა ფორვარდის პოზიციაზე გამოდიოდა და მოწინააღმდეგეთა კარშიც გოლები ბლომად გაჰქონდა. 14 წლის კალაძე “სამტრედიაში” (ეროვნულ ჩემპიონატში დებიუტი 1992-ში ნოდარ ხიზანიშვილის მწვრთნელობისას ჰქონდა) აიყვანეს, მალევე გაიოზ დარსაძემ კალაძე 16-წლამდელთა ნაკრებში მიიწვია. მანვე შეუცვალა ამპლუაც – კახა მოედნის შუაგულში დახია და ნახევარმცველის ფუნქციების შესრულება დაავალა. კახა “სამტრედიაში” დიდხანს არ დაყოვნებულა. იგი მავანმა სპეციალისტებმა უპერსპექტივო ფეხბურთელად (?!) მიიჩნიეს და პირველი “საფეხბურთო გულისტკივილიც” კალაძემ მაშინ იწვნია. მამამ თბილისის “დინამოს” მაშინდელ დამრიგებელს გივი ნოდიას კახას საქმეში ხილვა შესთავაზა. კარლო კალაძის მეგობარმა, დინამოელთა იმდროინდელმა მთავარმა მწვრთნელმა დამწყები ფეხბურთელი თბილისში ჩაიყვანა და გუნდთან ერთად წვრთნა დააწყებინა. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი რთული იყო სამტრედიაში დაწუნებული ბიჭისთვის თბილისის “დინამოსთან” ადაპტირება, თანაც, კახა ზედმეტი წონის პრობლემაც ჰქონდა. წინსვლისკენ დაუოკებელმა ლტოლვამ შედეგი ძალიან მალე გამოიღო. კახამ წონა სამიოდე კვირაში დაიგდო, ფორმაშიც შევიდა და “დინამოს” რიგებში ცენტრალურ მცველად ჩატარებული პირველივე ამხანაგური მატჩი კარგად ჩაატარა. შედეგად, კალაძე “დინამოში” აიყვანეს და ხელფასის სახით 50 დოლარიც დაუნიშნეს. იმ დროისთვის საქართველოს უცვლელ ჩემპიონს მწვრთნელი შეუცვალეს, თუმცა, ახალმა დამრიგებელმაც კახას “კარგი თვალით” შეხედა და სწორედ დავით ყიფიანის წინამძღოლობისას შედგა მისი დებიუტი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში. ეს გორში, “დილასთან” დაპირისპირებისას მოხდა. კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, კახამ გორელთა კარში გოლი მაკრატელა დარტყმით გაიტანა და თავად წარმოიდგინეთ, როგორი გახარებული იქნებოდა. ახალბედა თამაშიდან თამაშამდე უმატებდა და სეზონის დასრულებისას, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო დებიუტანტი გახდა. იმ დროს კალაძე უკვე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც გამოდიოდა და უკვე იმხანად ალაპარაკდნენ - პირველი ნაკრების კანდიდატიაო. ქვეყნის ეროვნულ გუნდში კახა 17 წლისა ასაკში, ალექსანდრე ჩივაძემ მიიწვია და პირველი სანაკრებო თამაში კვიპროსის ნაკრებთან, სტუმრად ჩაატარა. მის კარიერაში გადამწყვეტი კი, 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში “სკუადრა აძურას” წინააღმდეგ ჩატარებული მატჩია. ასპარეზობის მეათე წუთზე, ჩვენმა კაპიტანმა კახი ცხადაძემ ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. დავით ყიფიანმა კალაძე იტალიელ ფორვარდებთან პირისპირ შესაყრელად შეუშვა და კრისტიან ვიერის მეურვეობაც დაავალა. კახა ნერვიულობდა, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი “ბობოს” მისამართით შესრულებული გადაცემის ჩაჭრამ შეასრულა – ახალგაზრდა ქართველი მცველი დამშვიდდა და დამაჯერებლად ასპარეზობა გააგრძელა. ამაში დიდად მურთაზ შელია და სხვა გამოცდილი თანანაკრებელები დაეხმარნენ. ქართველებმა საკუთარი კარი “მშრალად” შეინახეს, რაშიც სოლიდური წვლილი კალაძესაც მიუძღვის. მოლდოვასთან მორიგი სანაკრებო შეხვედრის შემდეგ კი, ოთახში დათო მუჯირთან ერთად ყოფნის დროს, სატელეფონო ზარი გაისმა. კახას კიევიდან დაუკავშირდნენ. უცნობი კალაძეს კიევის “დინამოს” მენეჯერად გაეცნო და უკრაინის გრანდში გადასვლა შესთავაზა. იმ დროისთვის კახას ჯამაგირი უკვე 500 დოლარამდე გაუზარდეს, მაგრამ გრძნობდა, საქართველოს ჩემპიონატში საკუთარი შესაძლებლობები ამოწურული რომ ჰქონდა, ამიტომაც კიეველის შეთავაზებას, ჩასულიყო უკრაინის დედაქალაქში, სადაც კლუბის პრეზიდენტსა და ვალერი ლობანოვსკის შეხვდებოდა, დადებითი პასუხი გასცა. თბილისელებს კახასთან განშორება უმძიმდათ (თანაც, მცველს კლუბთან 10-წლიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული), მაგრამ კიეველებმა მერაბ ჟორდანიასთან საერთო ენა გამონახეს და კახაც ვალერი ვასილიჩთან შესახვედრად გაემგზავრა. ლობანოვსკის კაბინეტში მამა-შვილი კალაძეები შევიდნენ. უდიდესი ავტორიტეტის მქონე მწვრთნელმა კახას თვალი შეავლო, ფართე, მამაკაცური ბეჭები მოუწონა და უთხრა, თუკი დამიჯერებ, დიდ ფეხბურთს გათამაშებო. ასეც მოხდა – კალაძე ლობანოვსკის ერთ-ერთი საყვარელი შეგირდი გახდა და კახა მოგვიანებით იტყვის კიდეც, რასაც ფეხბურთში მივაღწიე, ლომის წილი კიეველ სპეციალისტს მიუძღვისო. თავდაპირველად კახას ლობანოვსკის წვრთნების გაძლება უჭირდა, იმასაც კი ვფიქრობდი, ყველაფერი მიმეტოვებინა და საქართველოში დავბრუნებულიყავიო, მაგრამ მალე ალღო აუღო “ვასილიჩის” ვარჯიშების სტილსა და დატვირთვას და სავალდებულო ტესტების ჩაბარებისას ახალ თანაგუნდელებს სჯობდა კიდეც. მოგეხსენებათ, ნებისმიერ მაღალი დონის გუნდში დამკვიდრება ძნელია და ამიტომ, კონკურენტი მოედანზე თავად თუ არ “შეჭამე", “გადაგყლაპავს". ამიტომ, გუნდში ახალი ჩარიცხული კალაძე, არავის არაფერს უთმობდა. ამასთან, თანაგუნდელებმა კახა კარგად მიიღეს, ქართველმა ინტენსიურ წვრთნასთან, გაშინაურებასთან ერთად, რუსული ენაც დროულად კარგად ისწავლა და კიევის სრულუფლებიანი დინამოელი გახდა. უკრაინის “დინამოში” პირველი სერიოზული გამოცდა მოსკოვში, დსთ-ის ტურნირზე ჩააბარა.
თანამეგობრობის თასის ფინალში კიეველები მოსკოვის "სპარტაკს" შეხვდნენ. პირველი ტაიმი 0:0 დასრულა, შესვენებაზე კი ლობანოვსკიმ კალაძეს უთხრა, როდესაც ბურთს ჩაჭრი, ღია ზონიდან მეტოქის კარს შეუტიეო. მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო, როდესაც კახამ მოწინააღმდეგეს ბურთი აართვა და სპარტაკელთა კარისკენ დაიძრა. მან მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოებისას შევჩენკოსთან “კედელი" გაითამაშა და მარცხენა ფეხით ბურთი მეკარისგან შორეულ კუთხეში გაგზავნა. ეს ბურთი გადამწყვეტი აღმოჩნდა - “დინამომ” თამაში 1:0 მოიგო. მატჩის შემდეგ, თანაგუნდელებმა კახას სულ “სხვა თვალით” შეხედეს. ქართველი ფეხბურთელი უკრაინელმა გულშემატკივარმაც შეიყვარა, რადგან კიევის “დინამოს" დაპირისპირება მოსკოვის “სპარტაკთან" მუდამ პრინციპულ ხასიათს ატარებდა... უკრაინაში ასპარეზობის პერიოდში კალაძე მუდამ ძირითად შემადგენლობაში იყო და როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე მრავალი დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა. მისთვის კი, ყველაზე მნიშვნელოვანი მადრიდის “რეალთან” საჩემპიონთალიგო დაპირისპირება იყო. კასტილიელები ჩემპიონთა ლიგის თასის მოქმედი მფლობელები იყვნენ და მომდევნო ტურნირს სწორედ კიეველებმა ჩამოაშორეს. ასევე, დაუვიწყარი იყო შეხვედრა მიუნხენის “ბაიერნთან", რომლის კარშიც კახამ გოლი გაიტანა. ამ თამაშების შემდეგ, კალაძე დარწმუნდა, რომ უფრო მაღალ დონეზე ასპარეზობა სჭირდებოდა, ვიდრე უკრაინის პირველობა იყო.
“მილანში" ანდრეი შევჩენკოს გადასვლის შემდეგ, ფორვარდის ახალ კლუბთან კიევის “დინამომ” ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. კახამ 25-ოდე მეტრიდან, საჯარიმო დარტყმის შემდეგ “როსონერის” გაუტანა. აპენინურ პრესაში ადრეც იწერებოდა, რომ ქართველი “მილანის” ინტერესთა სფეროში შედიოდა და ამ გოლმა ჩრდილოიტალიელთა მიერ კალაძის შეძენის სურვილი გაზარდა. თუმცა, იტალიურ გრანდში გადასვლა უცებ არ მომხდარა. იმ დროისთვის კახას კიევის “დინამოსთან” კონტრაქტი უმთავრდებოდა. კლუბის პრეზიდენტის კაბინეტში, კიევის დატოვებისა და ევროპაში გადაბარგების სურვილის გამჟღავნების მიზნით შესულს რთული საუბარი გამოუვიდა. “დინამოს” თავკაცმა უთხრა, არ წახვიდე, ჩვენ გაგყიდითო და თანაც, იოკოჰამას საქველმოქმედო მატჩში მსოფლიოს ნაკრებში რომ იყო გამოძახებული, ამცნო. ამომავალი მზის ქვეყნიდან ევროპაში დაბრუნებული კალაძე დასასვენებლად ავსტრიის ერთ-ერთ ზამთრის კურორტზე გაემგზავრა. იქ მიუნხენის “ბაიერნის” წარმომადგენლები დაუკავშირდნენ, გერმანიაში ჩასვლა შესთავაზეს, ამასთან, მგზავრობისა და სასტუმროში ცხოვრების ხარჯის ანაზღაურებას დაჰპირდნენ. კახა “ბაიერნის” შეფებს კარლ-ჰაინც რუმენიგესა და ული ჰიონესს შეხვდა. ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა კახას ბავარიის დედაქალაქში გადაბირების სურვილი გამოთქვეს, საწინააღმდეგო არც ქართველს ჰქონია რაიმე, ოღონდ გერმანელებს განუცხადა, “დინამოს” ხელმძღვანელობას მოელაპარაკეთო. კიეველებმა კი კალაძეს განუცხადეს, მოსკოვში, თანამეგობრობის თასზე მხოლოდ ორ მატჩს ჩაატარებ, შემდეგ კი, მილანში უნდა გაფრინდეო. მოსკოვიდან იტალიაში კახა “როსონერის” თანამემამულე მენეჯერ რევაზ ჭოხონელიძესთან ერთად გაემგზავრა. მილანში ჩასული, კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გილიანისა და სპორტულ დირექტორ არიედო ბრაიდას შეხვდა, რომელთაც საღამოს რესტორანში ვახშმობისას ხუთწლიან კონტრაქტზე ხელის მოწერა შეთავაზეს. წინადადებამ კახა ისე დააბნია, მილანელთა ბოსებს ცოტაოდენი მოსაფიქრებელი დრო სთხოვა. იმავე საღამოს მამას დაურეკა, რომელმაც არც კი იცოდა, შვილი იტალიაში რომ იყო და გაკვირვებულმა ჰკითხა - მილანში რა გინდაო? კახამ უპასუხა, “მილანი" ხუთწლიან კონტრაქტს მთავაზობს და რა ვქნა, მოვაწერო ხელი თუ არაო... მამამ ისეთი კატეგორიული ტონით მიუგო - მოაწერე, აბა, რა უნდა ქნაო, რომ აღარც უფიქრია და ერთ საათში ხელშეკრულება გაფორმდა. “მილანმა" კალაძის სანაცვლოდ 16 მილიონი დოლარი გადაიხადა და ანდრეი შევჩენკოს ტრანსფერის შემდეგ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ფეხბურთელებს შორის ეს გარიგება ყველაზე ძვირადღირებული იყო. “მილანში” ჩარიცხვის მომენტში კახამ იტალიურად ერთადერთი სიტყვა - “ჩაო” იცოდა, შემდეგ უპირველესი საფეხბურთო ტერმინები აითვისა, თანდათან კი უცხო ენას “გაუშინაურდა” და სადღეისოდ იტალიურად ისევე დალაგებულად, გასაგებად და მწყობრად საუბრობს, როგორც ქართულად. ესეც კახა კალაძის ნიჭიერების ერთ-ერთი დამადასტურებელი ნიშანია. იტალიის ჩემპიონატში პირველი მატჩი “რეჯინასთან" ჩაატარა, რომელშიც მაღალ დონეზე ითამაშა და მატჩის დასრულებისას, საუკეთესო მოთამაშის პრიზიც გადასცეს. ამის შემდეგ, კალაძე მუდმივად ძირითად შემადგენლობაში იყო და ჩემპიონატის დასრულებამდე 4 გოლიც გაიტანა. მომდევნო სეზონში გუნდის მთავარ მწვრთნელად თურქი ფათიჰ თერიმი დაინიშნა, რომელიც კახას სათამაშო პოზიციას გამუდმებით უცვლიდა და დროდადრო სათადარიგოთა სკამზე სვამდა. ამან, ცხადია, ქართველი მცველი გაანაწყენა და ერთ-ერთი იტალიური სპორტული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში კალაძემ განაცხადა, თუ “მილანში" არ მათამაშებენ, მაშინ ეს კლუბი ჩემთვის საინტერესო აღარ იქნებაო, - თან დაამატა - მართალია, ძალიან სახელოვანი გუნდის წევრი ვარ, მაგრამ “სან სიროზე” იმიტომ მოვედი, ყველას დავუმტკიცო, რომ ძლიერი ფეხბურთელი ვარო. ამის შემდეგ, თერიმი უკვე სხვაგვარად ეპყრობოდა და სასტარტო შემადგენლობაშიც აყენებდა... თურქი მწვრთნელი “მილანის" თავკაცის პოსტზე კარლო ანჩელოტიმ შეცვალა, რომელთან თავდაპირველად კალაძეს არავითარი პრობლემა არ ჰქონდა, მაგრამ შემდეგ კახა ტრავმებმა გააწამეს და სინიორ კარლიტოც მას ძირითადში რეგულარულად არ აყენებდა ხოლმე. წამოჭრილ სირთულეებზე შემთხვევით არ გვისაუბრია. გაუტეხელი ხასიათის, შრომისმოყვარეობისა და საფეხბურთო ოსტატობის წყალობით, კალაძე ყოველი ტრავმის შემდეგ უფრო მონდომებით ვარჯიშობდა და ასპარეზობდა და როგორც კი სათამაშოდ მზად იყო, ყოველთვის ამტკიცებდა, “როსონერისთვის” საჭირო მოთამაშე რომ იყო. კახას თქმით, მილანის “სან სიროზე” თამაში ფეხბურთელისთვის იგივეა, რაც ოპერის მომღერლისთვის ამავე ქალაქის “ლა სკალას” სცენაზე გამოსვლა და თითქმის 10 წლის განმავლობაში კახა კალაძე შავ-წითელი მაისურით ასპარეზობისას სამაგალითო ფეხბურთელი გახლდათ. ყველაზე სასიამოვნო მოგონებად კი, მისთვის მაინც თანაქალაქელი “ინტერის” 6:0 განადგურებაა. “მილანისა” და “ინტერის” დერბი მილანში წლის უმთავრესი მატჩია, იმ წელს კი განსაკუთრებით სილვიო ბერლუსკონიმ გაიხარა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში იყრიდა კენჭს. “მილანის” ყოველი წარმატება, მით უმეტეს, ასეთი მნიშვნელოვანი, ხომ მის “საარჩევნო წისქვილზე” ასხამდა წყალს. “მილანს” “ინტერი” კახას დაბადების დღეს, 27 თებერვალსაც ჰყავს დამარცხებული და იმ შეხვედრის შემდეგ კალაძეს პერსონალურად ბერლუსკონიმ მიულოცა. ამასთან, “მადონინად” წოდებულ დერბიში კალაძეს გოლიც აქვს გატანილი. განსაკუთრებულად დაძაბული და პრინციპული იმავე “ინტერთან” ჩემპიონთა ლიგის 2 ნახევარფინალური შეხვედრა იყო, ტურინის “იუვენტუსთან” ჩატარებულ ფინალს კი კახა კალაძე, ისევე, როგორც უკლებლივ ყველა მისი პარტნიორი, სრულიად განსხვავებული, ამაღლებული გრძნობით შეხვდა. მეორე ტაიმში შინაგანმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია, თანდათან “მილანიცა” და “ინტერიც” უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. წესითა და რიგით, თერთმეტმეტრიანი კალაძეს არ უნდა დაერტყა, მაგრამ პიპო ინძაგიმ ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლო და ნიშნულთან მისვლა იუარა. კახამ პენალტი გააფუჭა, თუმცა, საბოლოო წარმატების შეგრძნება მაინც ჰქონდა. ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვების შემდეგ, მილანის აეროპორტში “როსონერის” იმდენი თაყვანისმცემელი დახვდა, ქალაქის ცენტრამდე ჩაღწევას გუნდმა რამდენიმე საათი მოანდომა. ამის შემდეგ იყო კიდევ ერთი საჩემპიონთალიგო ტრიუმფი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გამარჯვება - 2010 წლის 31 აგვისტოს კახა კალაძე იტალიის უძველესი საფეხბურთო კლუბის “ჯენოას” სრულუფლებიანი წევრი გახდა. 2010-11 საფეხბურთო სეზონის მიხედვით, ავტორიტეტულმა “გაძეტა დელო სპორტმა” სერია A-ს მცველებს შორის, მილანელი ტიაგო მოტას შემდეგ, კალაძე მეორე ადგილზე დააყენა...
საქართველოს ეროვნულ გუნდში კახა კალაძემ 83 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 50-ში მშობლიური ქვეყნის ნაკრებს უკაპიტნა. ამ შეხვედრებიდან სასიამოვნოდ მოსაგონარიც დაგროვდა და ავად გასახსენებელიც, ყველაზე მნიშვნელოვანი სანაკრებო მატჩი კი კახამ, ჩემი აზრით, 2003 წლის 30 აპრილს, მიხეილ მესხის სახელობის სარბიელზე რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში ჩაატარა. იმ შეხვედრაში კახა კალაძისა და მთლიანად ჩვენი ეროვნული ნაკრების ვაჟკაცური ასპარეზობის შეხსენების აუცილებლობას ნამდვილად ვერ ვხედავთ...
კახა კალაძემ თავისი საფეხბურთო ოცნება უკვე აისრულა. დღეს იგი იუბილარია და ჩვენი ვებგვერდის მკითხველთა სახელით, მას ყველა იმ ოცნების ასრულებას ვუსურვებთ, რომელიც მის ოჯახს, მეგობრებს და სამშობლოს უკავშირდება.
გოჩა კაჭარავა









