ფეხბურთი

15:12 | 19.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

საჯარიმოების ოსტატი "გაგრადან"

 

ხშირად გაიგონებთ ფეხბურთის სპეციალისტებისგან – შენებისას საძირკველი უნდა იყოს მყარიო და სავსებით მართალია. ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიექცეს დიდი ყურადღება და ნიჭიერი და პერსპექტიული თაობები ქართველებს მუდამ გვეყოლება.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 2004 წელს საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ დაარსდა, მისი დამფუძნებლების უდიდესი სურვილი იყო ქართული ფეხბურთისთვის ისეთი მომავალი გაეზარდათ, სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში მუდამ რომ ითამაშებდნენ.

როდესაც „გაგრა“ დაარსდა, იმავე წელს ახალბედა მწვრთნელმა პაატა გოცირიძემ პატარა ბავშვების გუნდი ჩამოაყალიბა და მათ აღზრდას შეუდგა. მართალია, დღეს პაატა გოცირიძე სხვა გუნდში მუშაობს, მაგრამ მის მიერ ჩამოყალიბებული გუნდიდან, „გაგრას“ ძირითად გუნდში გუგა ფალავანდიშვილი და რატი ცაცკრიალაშვილი თამაშობენ. სხვებსაც ჰქონდათ შანსი მოხვედრილიყვნენ ძირითად გუნდში, მაგრამ...…

ახლა ერთ-ერთ მათგანზე გვინდა გესაუბროთ, ნახევარმცველ რატი ცაცკრიალაშვილზე, რომელზეც უკვე ხუმრობენ – საჯარიმო დარტყმებს ისე ასრულებს, როგორც პენალტსო და ძნელია არ დაეთანხმო. ნახეთ მის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმები და ამაში თავადაც დარწმუნდებით. ჩატარებულ 8 შეხვედრაში რატიმ 7-ჯერ დაარტყა საჯარიმო დარტყმა და აქედან, 3 გაიტანა და 4-ჯერ მეკარემ იხსნა თავისი გუნდი აშკარა გოლისგან. გარდა ამისა, მან ერთი გოლი თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ გაიტანა. რატის საგოლე გადაცემის შესრულებაც შეუძლია, მის ანგარიშზე სამი საგოლე გადაცემაა, მის ერთ პასს კი ჭკუასელის მეკარის საჯარიმოში შეჭრა და პენალტი მოჰყვა, რომელიც რატიმ გოლად აქცია. 8 ჩატარებულ შეხვედრაში ცაცკრიალაშვილის ანგარიშზე 5 გატანილი გოლია და მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება „გაგრას“ ბომბარდირ, თავდამსხმელ აბაიომი ოვონიკოკოს.

რატი 11 ოქტომბერს 20 წლის გახდა და ალბათ, ურიგო არ იქნებოდა თუ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცები ახალბედა ფეხბურთელს ყურადღებას მიაქცევდნენ. გასაგებია, რომ დღეს ნაკრებებში პირველი ლიგიდან ფეხბურთელების გამოძახებისგან თავს იკავებენ, მაგრამ ნიჭიერი ფეხბურთელი არ უნდა დაიჩაგროს, მას გასაქანი უნდა მიეცეს, რათა მომავალში უფრო მაღალ დონეზე თამაში შეძლოს. შესაძლოა, მწვრთნელებმა თამაშზე მოსვლა და დასწრება ვერ შეძლონ, მაგრამ კლუბის ვებ გვერდზე ყველა თამაშის რეპორტაჟი მიმდინარეობს, შემდეგ ჩანაწერის განთავსებაც ხდება და იქნებ თვალის შევლება ღირდეს.…

„გაგრა“ უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის და სწორედაც რომ რატის და მისი ტოლი ბიჭების იმედადაა, რომელნიც ქართული ფეხბურთის მომავალს წარმოადგენენ, მათ აღზრდას დიდი ენერგია და თანხები ხმარდება.

ბევრი ფეხბურთელი ვიცით, რომელთაც ჭაბუკობაში შეძლეს თავის გამოჩენა, მაგრამ ნიჭი ნიჭად დარჩათ, ვინაიდან ზოგს „თავში აუვარდა ტალანტობა“, ზოგს ოფლისღვრა დაეზარა და გამდიდრება უვარჯიშებლად მოინდომა.…

„გაგრაში“ ასე ნამდვილად არაა. ამ ბიჭებს არც გასაგიჟებელი ხელფასები აქვთ, არც სუპერ პრემიები. უბრალოდ, ისინი თავისი მომავლისთვის, უკეთესი მომავლისთვის თამაშობენ. სურთ, რომ ქვეყანას გამოადგნენ და ევროპულ გუნდებში იასპარეზონ. არც ერთ მათგანს, თავში აზრად არ მოუვა, რომ უკვე „შემდგარი ვარსკვლავები“ არიან და მეტი აღარ უნდა იშრომონ. რაც მათ სხვებისგან გამოარჩევთ, სწორედაც რომ უბრალოება და შრომისმოყვარეობაა.

ალბათ, ჩვენი მკითხველისთვის უინტერესო არ უნდა იყოს თავად რატი რას ფიქრობს თავის გუნდზე, მომავალზე.

რატი ცაცკრიალაშვილი: “ერთი ის ვიცოდი, რომ შანსი უნდა გამომეყენებინა. დღიდან „გაგრას“ დაარსებისა, ამ გუნდში ვარ და გული ჯერ არსად მიმიწევს. ჯერ უნდა დავიმსახურო და მერე ვიფიქრებ წასვლაზე. ხოლო თუ დავიმსახურებ, ამ გუნდს ისეთი მეპატრონე ჰყავს, ვიცი რომ არ დამჩაგრავს. „გაგრასთვის“ უნდა დავიხარჯო ბოლომდე, მიზნის მიღწევაში დავეხმარო და უმაღლეს ლიგაში გადავიდეთ. ჯერ ეს გუნდია ჩემს გულში და რა იქნება ხვალ და ზეგ, ამას მომავალი გვიჩვენებს”.

- შანსი გასულ სეზონშიც გქონდათ.…

- იცით, სულ სხვაა როდესაც გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი მოგეცემა და სულ სხვაა, როდესაც შეცვლაზე შედიხარ. იმას არ ვამბობ, რომ მაშინ  თავი დავზოგე და არ დავიხარჯე. უბრალოდ, სულ სხვა შეგრძნებაა, როდესაც სასტარტო შემადგენლობაში ხარ. ქობულეთის „შუქურასთან“ შეხვედრაში გოლიც გავიტანე და პენალტიც ჩემი გადაცემის შემდეგ დაინიშნა, მაგრამ შეცდომა დავუშვი, რასაც ჩვენ კარში გოლი მოჰყვა და მეორე ტაიმში მინდორზე აღარ გამოვსულვარ. კი არ მეწყინა რომ შემცვალეს, უბრალოდ მივხვდი, რომ მომავალში ამგვარი შეცდომა აღარ უნდა დამეშვა. თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. 20 წლის ერთი კვირის წინ გავხდი, მაგრამ პატარა ნამდვილად აღარ მეთქმის, ჩემი ასაკის ფეხბურთელები ნაკრებებში, დიდ გუნდებში ასპარეზობენ და მეც ჩემი შანსი უნდა გამოვიყენო. იმ თამაშის შემდეგ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, მაგრამ მარტო ნერვიულობით საქმეს ვერ უშველი. შემდეგ თამაშებში უნდა გამოასწორო შეცდომა. ოზურგეთის „მერცხალთან“ გვქონდა თამაში, 5:2 მოვიგეთ, 2 გოლი გავიტანე, თუმცა უფრო მეტი შემიძლია.

- ჯარიმების ოსტატი ხართ.…

- გუგა ფალავანდიშვილიც კარგად ურტყამს ჯარიმებს.…

- მაგრამ თქვენ უკვე სამჯერ გაიტანეთ ჯარიმიდან.…

- დიახ, მაგრამ ეს ნამდვილად ბევრი მუშაობის შედეგია. სულ ვვარჯიშობ. ვარჯიშების შემდეგაც ვრჩები მინდორზე, ვურტყამ. მერე სახლთან ქვემოთ სტადიონი გვაქვს, იქაც ჩავდივარ და ბურთის ტრაექტორიაზე და დატრიალებაზე ვვარჯიშობ. ვცდილობ ზუსტად იქ დავარტყა, სადაც ყველაზე დაუცველია და მეკარეს მოგერიების მინიმალური შანსი აქვს.

- უპირატესობას მაინც ტექნიკურ დატყმას ანიჭებთ.…

- დიახ, მაგრამ ძლიერადაც ვურტყამ. როდესაც ვვარჯიშობ, ვცდილობ დარტყმის ძალა და ბურთის ტრაექტორია შესაბამისობაში იყოს მოსული, სხვაგვარად კარშიც შეიძლება ვერ მოახვედრო.

- ვისი დარტყმის სტილია?

- (იცინის) ახლა რომ გითხრათ ანდრეა პირლოს გავლენაა-თქო, დამიჯერებთ? ჩემი კუმირია დელ პიეროსთან ერთად, მაგრამ ვერც პირლო და ვერც დელ პიერო გიშველის, თავად თუ ვერ შეასრულე დარტყმა.

- ხუთი გოლი უკვე გაიტანეთ, აქედან 3-ჯერ ჯარიმიდან. რომელ გოლს გამოარჩევდით?

- ალბათ, თერჯოლაში „საპოვნელასთან“ გატანილი ყველას სჯობდა.…

- მწვრთნელზე რას გვეტყოდით?

- უპირველესად, დიდი მადლობა უნდა ვუთხრა შანსი რომ მომცა. სეზონის დაწყების წინ მითხრა კიდევაც, რატი ახლა შენ იმ ასაკში ხარ, როდესაც თავი უნდა წარმოაჩინო და პროგრესი გქონდესო. ჩათვალეთ, მე ჯერ არაფერი გამიკეთებია. თითოეული ფეხბურთელის წარმატება მაშინ არის დასაფასებელი, როდესაც გუნდი აღწევს წარმატებას და გამარჯვებულია. ძალიან მინდა უმაღლეს ლიგაში „გაგრას“ სახელით ვითამაშო. ზვიად ჯელაძემ ერთი წლის  წინ მომკიდა ხელი და სწორედ მან შთამინერგა ის აზრი, რომ დიდი ფეხბურთის თამაში შემიძლია. მეორე გუნდის მწვრთნელმა გაგა კირკიტაძემ პირადად მიმიყვანა ზვიად ჯელაძესთან და რეკომენდაცია გამიწია.

- „გაგრა“ ახლა მისთვის უჩვეულო, მეხუთე საფეხურზე იმყოფება.…

- სულ რაღაც სამი ქულა გვაშორების ფოთის „კოლხეთს“. ცხრილის სათავეში მყოფ გუნდებს ერთმანეთში ახლა უწევთ თამაში და ქულებსაც ნელ-ნელა კარგავენ. მოგება ქობულეთშიც შეგვეძლო და მიუხედავად იმისა, რომ თერჯოლაში წავაგეთ, იქაც სამ ქულას ვიმსახურებდით. ვერ გამოვიყენეთ საგოლე მომენტები და დავისაჯეთ. ორჯერ დაგვირტყეს და ორჯერ გაგვიტანეს. აი, რაც შეეხება ხარაგაულში თამაშს, იქ ხომ საერთოდ – პენალტი არ დაგვინიშნეს, გოლი არ ჩაგვითვალეს, თავადაც ვერ გამოვიყენეთ მომენტები.…

- „გაგრამ“ შინ ქულათა მაქსიმუმი აიღო.…

- შინ განსაკუთრებით კარგად ვთამაშობთ, მეტოქეს შანსს არ ვუტოვებთ. მინდორი იდეალურ მდგომარეობაში არაა, მაგრამ იმას კი ნამდვილად სჯობს, სადაც გვიწევს ხოლმე სტუმრად თამაში. დარწმუნებული ვარ, რომ დარჩენილ 4 შეხვედრას „გაგრა“ მოიგებს. აქედან, ერთი სტუმრად ფოთის „კოლხეთთან“ გვიწევს, მაგრამ ძალიან დიდი სიამოვნებაა კარგ მინდვრის საფარზე თამაში. „გაგრაში“ ტექნიკურ ფეხბურთს ვანიჭებთ უპირატესობას და დამიჯერეთ, ფოთში ნამდვილად განსაკუთრებულად ვითამაშებთ. შევეცდებით სეზონი პირველ ადგილზე დავასრულოთ.

www.fcgagra.ge

 

ვიდეო:

 

http://www.youtube.com/watch?v=7Q0dBjhi41Y&feature=youtu.be 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100269