ფეხბურთი

19:06 | 30.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალოს” 1/8-ფინალისთვის 8 ფეხბურთელი არ ეყო

 

“საბურთალომ” პირველი თამაში სტუმრად 2:1 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი ჰქონდა. თუმცა, საპასუხო შეხვედრას თბილისელები 8-კაციანი დანაკლისით შეხვდნენ და ამ ფაქტმა მატჩის საბოლოოს შედეგზე დიდად იმოქმედა. ევრო-2015-ის შესარჩევი ციკლის პირველი ეტაპისთვის საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში ემზადებიან მეკარე ბექა ქურდაძე, მცველები ჯემალ ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი თევზაძე და ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი. ზურაბ მენთეშაშვილმა და სენეგალელმა ლეგიონერმა დიოპმა შეხვედრა ტრავმების მიზეზით გამოტოვეს. “სპარტაკს” ტრავმირებული უჩა ბურძენაძე აკლდა.

“საბურთალოს” მეტად ახალგაზრდულმა გუნდმა რაც შეეძლო იბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ ფიზიკურად გაცილებით ძლიერ და უფრო გამოცდილ მეტოქესთან დამარცხდა. რომ არა დაცვაში ბავშვური შეცდომები, არაა გამორიცხული მასპინძლები 1/8-ფინალში მაინც გასულიყვნენ. ისიც უნდა ითქვას, რომ “საბურთალოს” მესვეურები თასზე დიდ აქცენტს არ აკეთებდნენ და მათი მიზანი უმაღლეს ლიგაში გადასვლაა. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები პირველი ლიგის “ა” ჯგუფში ლიდერობენ.

ანგარიშის გახსნის რეალური შანსი პირველად “საბურთალოს” ჰქონდა, როდესაც გიორგი ხორხელი სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა, ერთ მცველს გასცდა და კარგი პასი გაუკეთა ლატვიამოვლილ დავით ცისკარიშვილს, რომლის დარტყმის მერე, ცხინვალელი ფეხბურთელის ფეხიდან ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. საპასუხო შეტევაში გიორგი ივანიშვილმა კარგი პოზიციიდან ბურთი კარის ჩარჩოს ვერ მოახვედრა.

ცოტა ხანში, გივი იოსელიანმა მარცხენა ფლანგიდან ბურთი მასპინძელთა საჯარიმოში ჩააწოდა და სტუმრებმა მიიჩნიეს, რომ “საბურთალოს” მცველმა ხელით ითამაშა და პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ მთავარმა მსაჯმა არსენ ნონიკაშვილმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა.

ამის შემდეგ, საბურთალოელებს ანგარიში გახსნის კიდევ ერთი შანსი ჰქონდათ, როცა სანდრო ალთუნაშვილის პასის მერე, გიორგი ხორხელმა ბურთი გურამ გოშთელიანს “დაუტოვა”, რომლის დარტყმის შემდეგ, “სპარტაკი” გოლის გაშვებისგან ზედა ძელმა “იხსნა”. ცხინვალელთა პასუხმა არ დააყოვნა და მარცხენა ფლანგიდან ლაშა შინდაგორიძემ მასპინძელთა საჯარიმო მყოფი ნიკა კაჭარავა მოძებნა, რომელმაც თავით ბურთს მიმართულება შედეგიანად შეუცვალა – 0:1.

გოლის გატანის შემდეგ, ცხინვალელებმა კიდევ ერთი სახიფათო შეტევა განახორციელეს და შინდაგორიძეს კარი ლაზარე კუპატაძემ არ დაანება. ცოტა ხანში, “საბურთალოს” მეკარემ თავით კაჭარავასაც არ გაატანინა. პირველი ტაიმის დასრულებამდე მან “მცირე” სასწაული მოახდინა. ჯერ შინდაგორიძეს აუღო, ხოლო შემდეგ ივანიშვილი ახლოდან ამატებდა და კუპატაძემ ბურთი ნახტომში მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისში “საბურთალოს” მცველებმა თავის საჯარიმოში უხეში შეცდომები დაუშვეს, რითაც კაჭარავამ ვერ ისარგებლა და ფრიად ხელსაყრელი პოზიციდან, როდესაც ხელს არავინ უშლიდა, ბურთს ფეხი ხეირიანად ვერ მოარტყა. მეორე ტაიმის შუაწელში, იოსელიანი პასს კაჭარავას აწვდიდა, რომელსაც კუპატაძემ დაასწრო, მაგრამ მეკარე ცხინვალელთა ფორვარდთან შეჯახებისას დაშავდა. თუმცა, ექიმის ჩარევის შემდეგ, კვლავ კარში ჩადგა. ძირითადი დროის დასრულებამდე 20 წუთით ადრე, ხორხელმა მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, გზად ორ მოწინააღმდეგეს გასცდა და საჯარიმოს ფარგლებს გარედან უზუსტოდ დაარტყა. ხუთ წუთში, თექთურმანიძემ მარჯვნიდან კუთხური ჩამოწოდა და ბურთი “სპარტაკის” კარის შორეულ ძელთან მდგომ გიორგი კაჭლაჭიშვილს მიუვიდა, რომელმაც ძალიან ახლო მანძილიდან თავით ვერ გაიტანა.

77-ე წუთზე, ნოდარ იაშვილი “საბურთალოს” საჯარიმოს სიახლოვეს უხეშად შეცდა და ბურთი შინდაგორიძემ აართვა, რომელმა კუპატაძესთან პირისპირ გასულმა ანგარიში გაზარდა – 0:2. 86-ე წუთზე, ბიძინა მახარობლიძემ შორი მანძილიდან დაარტყა და კუპატაძის შეცდომის მერე, საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა – 0:3.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი. 1/16 ფინალი. საპასუხო მატჩი.

საბურთალო –სპარტაკი (ცხინვალი) 0:3 (0:1) პირველი მატჩი (2:1)

30 სექტემბერი. თბილისი. სტადიონი “ბენდელა”.

საბურთალო: კუპატაძე (კ), მამუჩაშვილი, იაშვილი, ბარამიძე, რუხაძე (კოხრეიძე, 78), ბლიაძე, ბიძინაშვილი (ბულუხაძე, 74), ალთუნაშვილი, ცისკარიშვილი (გვარაძე, 24), ხორხელი, გოშთელიანი.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი.

სპარტაკი: ნადირაძე, გიგაური, შინდაგორიძე, ივანიშვილი (ლექვთაძე, 63), მახარობლიძე, ჭაფოძე (კ), მაისაშვილი, თექთურმანიძე (ჯიშკარიანი, 90+3), იოსელიანი, კაჭკაჭიშვილი, ნიკა კაჭარავა (მაქაცარია, 90+3).

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.

გოლები: 0:1 კაჭარავა (20), 0:2 შინდაგორიძე (77), 0:3 მახარობლიძე (86).

გაფრთხილება: გიგაური (30), ალთუნაშვილი (48), ჭაფოძე (83).

მთავარი მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი.

ხსენებული მატჩის გარდა, 30 სექტემბერს 1/16 ფინალის კიდევ 6 შეხვედრა გაიმართა:

“დილა” (გორი) – “ლოკომოტივი” (თბილისი) 1:0 (3:1)

“სასკო” (თბილისი) – “მეტალურგი” (რუსთავი) 2:2 (1:1)

“კოლხეთი” (ფოთი) – “სქური” (წალენჯიხა) 6:0 (1:0)

“გურია” (ლანჩხუთი) – “საპოვნელა” (თერჯოლა) 2:1 (1:2) (დამ.დრო 0:0, პენ. 3:0)

“მაჭახელა” (ხელვაჩაური) – “ზუგდიდი” 3:2 (0:2)

“ბეთლემი” (ქედა) – “სამტრედია” 1:4 (0:3)

1/8 ფინალში “დილა”, “მეტალურგი”, “კოლხეთი”, “საპოვნელა”, “ზუგდიდი” და “სამტრედია” გავიდნენ.

1 ოქტომბერს 1/8-ფინალის დანარჩენი შეხვედრები შედგება:

“ჭიათურა” – “დინამო” (ბათუმი) პირველი მატჩი 0:5

“შუქურა” (ქობულეთი) – “სამგურალი” (წყალტუბო) პირველი მატჩი 1:1

“ვიტ ჯორჯია” (თბილისი) – “გაგრა” პირველი მატჩი 4:2

“მერანი” (მარტვილი) – “მერცხალი” (ოზურგეთი) პირველი მატჩი 4:1

“ტორპედო” (ქუთაისი) – “ჩხერიმელა” (ხარაგაული) პირველი მატჩი 1:0



0.183717