ჭადრაკი

16:06 | 2.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

საახალწლო ბლიცებში შანავამ იმარჯვა!

31 დეკემბერს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ქართველ მოჭადრაკეებს საახალწლო ბლიც-ტურნირის სახით ერთგვარი სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო.

გარდა ოფიციალურად გამოცხადებული საპრიზო ფონდისა, დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული სპორტსმენები. ფედერაციას როგორც ყოველთვის გვერდით დაუდგა თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიაც, რომელმაც აგრეთვე დაასახელა თავისი ფავორიტი წლის საუკეთესოები.

წლის პროგრესად ჩაითვალა ქართველი ვაჟების (ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, მერაბ გაგუნაშვილი, ლევან ფანცულაია, გაიოზ ნიგალიძე, მწვრთნელი – ლაშა ჯანჯღავა; კაპიტანი კოკა შანავა) წარმატებული გამოსვლა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე.

აღნიშნეს ქართველ ქალთა სამიას (ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, სალომე მელია) წარმატებული 2013 წელი.

ჯილდოს გარეშე არც წარმატებული სენიორი ქალები დაუტოვებიათ. ქართული ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი და მრავალგზის გამარჯვებული თუ პრიზიორი სენიორთა შორის გამართულ ჩემპიონატებში თამარ ხმიადაშვილიც დააჯილდოეს  საახალწლო ნობათით.

უყურადღებოდ არც საერთაშორისო დიდოსტატ დავით ჯოჯუას სამწვრთნელო დებიუტი დარჩენილა და შესაბამისი ნომინაციითაც აღინიშნა.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მწვრთნელთა კომისიამ საუკეთესოდ ლაშა ჯანჯღავას სამწვრთნელო შედეგები დაასახელა და ამიტომ ლაშამ კოლეგების რჩეულის ტიტულიც მიამატა თავის მრავალრიცხოვან სპორტულ მონაგარს.

განსაკუთრებით აღინიშნა ქართული ჭადრაკის მემატიანის დავით გურგენიძის მოღვაწეობა და “საჭადრაკო ჟამთაღმწერელის” ტიტული ნამდვილად უპრიანია მასზედ.

წლის მსაჯად საერთაშორისო არბიტრი, მოუსყიდველი და ავტორიტეტებთან შეუპოვარი მარგალიტა თანდაშვილი დაასახელეს.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიას. აკადემიამ 2013 წელს საქართველოს ნაკრების წევრები და პერსპექტიული ნორჩი მოჭადრაკეები სრულად მოამზადა სხვადასხვა ჩემპიონატებისათვის.

რაც შეეხება სპორტულ შედეგებს, თბილისის ღია ჩემპიონატში (ელვისებურ ჭადრაკში) პირველობა კოკა შანავამ და ლევან ფანცულაიამ გაინაწილეს 9-დან 7.5 ქულით. თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა ნაკრების კაპიტანს ერგო.

გამარჯვებულებს ნახევარი ქულით საერთაშორისო დიდოსტატი დავით ბენიძე ჩამორჩა.

ქალთა შორის პირველობა ბელა ხოტენაშვილმა დაისაკუთრა 9-დან 6.5 ქულით.

შესანიშნავად  იასპარეზა და სენიორებში იპირველა საქართველოს ქალთა ნაკრების უცვლელმა კაპიტანმა, საჭადრაკო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებულმა ნინო გურიელმა.

ახალგაზრდა მოჭადრაკეებში პირველობა გიორგი სიბაშვილმა და ნინო ხომერიკმა მოიპოვეს.

 

ტექნიკური შედეგები:

ვაჟები

1. შანავა კონსტანტინე

2. ფანცულაია ლევან

3. ბენიძე დავით

4. ვოლკოვი ნიკოლოზ

5. ჯოჯუა დავით

 

ქალები

1. ხოტენაშვილი ბელა

2. ხურციძე ნინო

3. ჯავახიშვილი ლელა

 

სენიორები

1. გურიელი ნინო

2. მელაშვილი ნინო

3. კაიუმოვი დმიტრი

 

ჭაბუკები

1. სიბაშვილი გიორგი

2. კელეპტრიშვილი ირაკლი

3. ობოლაძე ლუკა

 

გოგონები

1. ხომერიკი ნინო

2. ხომერიკი ქეთევან

3. მუმლაძე მაია

www.gcf.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.062013