ირანის ქალაქ მეშხედში, სტარტი აიღო 19th Fajr International Chess Open Tournament-მა, რომელშიც 8 ქართველი მოჭადრაკე ჩაება.
2 ტურის თავზე, ლიდერთა შორის იმყოფებიან კოკა შანავა (2560), ივერი ჭიღლაძე (2394), დავით ბენიძე (2522), შოთა აზალაძე (2456), დავით მაღალაშვილი (2453) და ბაჩანა მორჩიაშვილი (2400).
ტურნირი გვიან დაიწყეს და აქტივში თითო-თითო ქულა უწერიათ მიხეილ მჭედლიშვილსა (2641) და მერაბ გაგუნაშვილს (2619).
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს, საპრიზო ფონდი კი 40 000 დოლარია, საიდანაც გამარჯვებული 8 ათასს მიიღებს.
ცნობილი დიდოსტატებიდან შეჯიბრში მონაწილეობენ მსოფლიოს 2004 წლის ჩემპიონი რუსტამ კასიმჯანოვი (უზბეკეთი, 2681), მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული ალექსანდრე მოისეენკო (უკრაინა, 2670) და ევროპის 2008 წლის ჩემპიონი სერგეი ტივიაკოვი (ჰოლანდია, 2623).
აღსანიშნავია, რომ შარშან, მეშხედში გამართული ანალოგიური ტურნირის გამარჯვებული საერთაშორისო დიდოსტატი კოკა შანავა გახდა.







