ჰოლანდიელი ბომბარდირი რუუდ ვან ნისტელროი, ცოტა ხნის წინათ, მადრიდის “რეალიდან” ჩრდილოგერმანულ “ჰამბურგში” გადავიდა, ექვს თებერვალს ახალი გუნდის შემადგენლობაში “კიოლნის” წინააღმდეგ რამდენიმე წუთი ითამაშა, გუშინწინ კი, პირველი ბუნდესლიგური დუბლი მიითვალა. გერმანიის 2007 წლის ჩემპიონ “შტუტგარტთან” გასვლით მატჩში, ის მინდორზე 65-ე წუთზე გამოჩნდა (ანგარიში 1:1 იყო), 75-ე და 77-ე წუთებზე 2 გოლი გაუტანა ბუნდესნაკრების ყოფილ კიპერს, იენს ლემანს და ჰამბურგელებს 3:1 მოაგებინა. ამ წარმატების შემდეგ, ვან ნისტელროის ახალმა გუნდმა გათამაშების ცხრილში მე-4 საფეხურამდე ააღწია და საკლუბო ევროზონაში დამკვიდრებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა. ქვემოთ გთავაზობთ ბენილუქსელ მეგოლესთან ინტერვიუს, რომელიც “ჰერენვენის”, პსვ-ის, “მანჩესტერისა” და “რეალის” ყოფილმა ბომბარდირმა და “ჰამბურგის” ამჟამინდელმა ცენტრფორვარდმა ESPN Soccernet-ის ჟურნალისტს მისცა.
- რატომ გადაწყვიტეთ კარიერის “ჰამბურგში” გაგრძელება?
- ეს ნაბიჯი სპონტანურად არ გადამიდგამს. ჰამბურგელებმა გასული წლის მიწურულს წინადადებით მომმართეს, მაგრამ მათთვის პასუხის გაცემა გარკვეული დროით გადავდე. გამოგიტყდებით, ბუნდესლიგაში ასპარეზობის სურვილი კარგა ხანია გამიჩნდა. გერმანიის ჩემპიონატი ხომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ალემანთა უპირველეს საკლუბო პირველობას, ესპანური პრიმერა დივიზიონისა და ინგლისური პრემიერლიგის გვერდით თამამად დავაყენებდი. გერმანული ფეხბურთით ჯერ კიდევ ბავშვობაში დავინტერესდი, როდესაც ყოველ შაბათს, ჰოლანდიის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნიდან მატჩის ტრანსლაციას მოუთმენლად ველოდი. “ჰამბურგს” რაც შეეხება, ამ კლუბს უმდიდრესი ტრადიცია და მაღალი რეპუტაცია აქვს. მოკლედ გეტყვით – კლუბიც და მეც ამბიციურები ვართ. კარგად შევისწავლე ერთ დროს ჩემპიონთა თასის მფლობელი გუნდის სადღეისო მდგომარეობა და კლუბის ემისრებს მათთან გადასვლის თანხმობა დავუდასტურე. გითხრათ სიმართლე, მომეჩვენა, თითქოს “ჰამბურგის” წარმომადგენლებს ბოლომდე არც კი სჯეროდათ, მათთან გადასვლას რომ დავყაბულდი. აგერ უკვე ორ კვირაზე მეტია აქ ვარ და თანდათან კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები, სწორი ნაბიჯი რომ გადავდგი.
- “ჰამბურგს” ხშირად ჰოლანდიელი მთავარი მწვრთნელი ჰყავდა. ამანაც ხომ არ განაპირობა თქვენი არჩევანი?
- “ჰამბურგისა” და ჰოლანდიური ფეხბურთის თანამშრომლობას ნაყოფიერს ვუწოდებდი, ჩემს სამშობლოში კი, ბევრი მიიჩნევს, რომ ბუნდესლიგაში გამოსვლა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ძალიან პრესტიჟული, საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია. “ნორდბანკ არენაზე” გადმოსვლამდე თანამემამულეებსაც გავესაუბრე. იორის მატიისენი, აგრეთვე “ჰამბურგის” ექსმოთამაშეები - რაფაელ ვან დერ ვაარტი, ნაიჯელ დე იონგი და ჰალიდ ბულაჰრუზი, როგორც ქალაქს, ისე კლუბს მიქებდნენ და მარწმუნებდნენ, ჩრდილოგერმანულ გუნდში გადასვლით კმაყოფილი დარჩებიო.
- ინგლისურ პრემიერლიგაში დაბრუნების სურვილი არ გამოძრავებდათ?
- ჰამბურგელთათვის პასუხის გაცემის დაყოვნების ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლდათ, რამდენიმე ალბიონურმა კლუბმა მათთან გადასვლა რომ შემომთავაზა. თამაშის ინგლისური სტილი მომწონს, სისწრაფით და ჟინიანობით კი, ინგლისელ მოთამაშეებს ვერავინ შეედრება. მანჩესტერულ “ოლდ ტრაფორდზე” 5 ფანტასტიკური წელი გავატარე და მოგატყუებთ, რომ გითხრათ, პრემიერლიგურ “წყალში ხელმეორედ შეცურვაზე” არ ვფიქრობდი-თქო. სამწუხაროდ, თუ ვინ იცის, საბედნიეროდ, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. სადღეისოდ, სატრანსფერო ბაზარზე, საფინანსო კრიზისის გამო, კლუბები ზედმეტად ფრთხილობენ, “ჰამბურგმა” კი კარგი პირობები შემომთავაზა. ასე და ამგვარად, ბუნდესლიგის ფეხბურთელი გავხდი.
- პრემიერლიგის შეხვედრებს კვლავინდებურად ადევნებთ თვალყურს?
- რასაკვირველია. ჩემი აზრით, წლეულს, ჩემპიონობისთვის “ჩელსი” და “მანჩესტერი” იომებენ და დანარჩენი გუნდები ამ დავაში ვერ ჩაერევიან. იმედს ვიტოვებ, ჩემი ყოფილი თანაგუნდელები კიდევ ერთხელ იზეიმებენ პირველობას. თუკი ასე მოხდა, ეს, უპირველესად, გენიალური უეინ რუნის დამსახურება იქნება.
- “ჰამბურგში” რა ამოცანების გადაჭრას ისახავთ მიზნად?
- არაფერს დავიშურებ კლუბის წარმატებისთვის. თუკი ძველებურ ფორმას დავიბრუნებ, ბლომად გოლების გატანასაც შევძლებ. ამით კი, გარდა იმისა, რომ “ჰამბურგს” სათანადო სამსახურს გავუწევ, ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ბერტ ვარ მარვიკის ყურადღებასაც მივიპყრობ. როდესაც “რეალში” ყოფნისას ტრავმა მოვირჩინე, სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებაზე დავიწყე ფიქრი. გარკვეული პერიოდი მწამდა, რომ “ბლანკოსს” პრიმერაშიც გამოვადგებოდი და ჩემპიონთა ლიგაშიც. თანდათან კი მივხვდი, კრიშტიანუ რონალდუსთან, კაკასა და კარიმ ბენზემასთან კონკურენცია რომ გამიჭირდებოდა. 33 წლის ვარ, ამ ასაკში კი, რეგულარული თამაში აუცილებელია. თანაც, ნაკრებში დაბრუნება და მომავალ ზაფხულს სამხრეთ აფრიკაში გამგზავრება მწადია.
- გამოდის თქვენი უმთავრესი მიზანი სანაკრებო დონეზე მოჭარბებული ამბიციის დაკმაყოფილებაა...
- ვადასტურებ, ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი მოტივაცია ჰოლანდიის ეროვნულ გუნდში დაბრუნება რომაა. საკლუბო ასპარეზს რაც შეეხება, ყოველმხრივ შევეცდები “ჰამბურგს” ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში დავეხმარო. უფრო ახლო მიზანი კი, ევროპის ლიგაზე წარმატებული გამოსვლაა. ამ ტურნირში “ჰამბურგს” ფლეი-ოფის პირველ მოწინააღმდეგედ ჩემი ყოფილი გუნდი პსვ ერგო. ამგვარი დამთხვევა მხოლოდ ფეხბურთშია შესაძლებელი. “ჰამბურგში” წელიწადნახევარი უნდა გავატარო და ამ ხნის განმავლობაში, მდიდარი სამედლო კოლექციის შევსებას ვაპირებ.
- მადრიდიდან “რეალზე” განაწყენებული ხომ არ გაემგზავრეთ?
- არა. “სამეფო კლუბი” ჯენტლმენურად მომექცა, “სანტიაგო ბერნაბეუზე” კი, “ბლანკოსის” გულშემატკივრებმა ისეთი გულთბილი გაცილება მომიწყვეს, არასდროს დამავიწყდება. ან იმას რა დამავიწყებს, 2007 წელს როგორ ვიზეიმეთ ყველამ ერთად “სიბელესზე” პრიმერა დივიზიონის მოგება. პლანეტის ყველაზე ტიტულოვან გუნდში ვთამაშობდი, გოლებიც ბევრი გამქონდა, ქომაგებს ვუყვარდი – მეტი რა უნდა ინატროს ფეხბურთელმა!
- ჩვენი საუბრის ბოლოს ერთ უხერხულ კითხვას დაგისვამთ. 33 წლის ხართ, მარჯვენა მუხლი ორჯერ სერიოზულად დაიზიანეთ და კარგა ხნის განმავლობაში მკურნალობდით. თქვენი გადაბირებით “ჰამბურგმა” გარისკა?
- ვიცი, ამგვარად საკმაო რაოდენობის ადამიანი რომ ფიქრობს. მათი ეჭვი კარგი თამაშით უნდა გავფანტო. მთელი ჩემი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ტრავმები მტანჯავდნენ. თუ გახსოვთ, მუხლის დაზიანებამ ჩემი “მანჩესტერში” გადასვლა შეაფერხა, სადღეისოდ კი, ჯანმრთელად ვარ. ჩემი მუხლი ისეთივე მდგომარეობაშია, როგორიც კარიერის დასაწყისში მქონდა. ამას კი ამერიკელ ქირურგ რიჩარდ სტედმანს ვუმადლი. დარწმუნებული ვარ, დიდ დატვირთვას გავუძლებ და მაღალ დონეზე კიდევ კარგა ხნის განმავლობაში შევძლებ თამაშს.
გოჩა კაჭარავა







