ოთხ წელზე მეტია, რაც ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი – უეინ რუნი პოპულარულ ფირმა “კოკა კოლას“ სარეკლამო სახე გახლავთ. როგორც იცით, ამ საყოველთაოდ ცნობილ ფირმას, რეკლამირების კუთხით, აქცენტი ბოლო პერიოდში ფეხბურთელებზე აქვს გაკეთებული და სარეკლამო სახედ აღიარებულ არაერთ ცნობილ ფეხბურთელს გაუსქელა ისედაც დამძიმებული ჯიბეები.
თუმცა, უეინ რუნის გარშემო ბოლო პერიოდში მომრავლებული სკანდალების გამო, “კოკა კოლას“ შეფობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უეინთან კონტრაქტი გაწყვიტონ და სხვა ცნობილ ფეხბურთელთან დაიჭირონ საქმე. როგორც “კოკა კოლას“ ევროპულ წარმომადგენლობაში ამბობენ, მათი კომპანიის ინტერესში არ შედის, სკანდალებით სახელგანთქმული ფეხბურთელის სარეკლამო სახედ წარმოჩენა, რადგან მათი პიარ-გეზი გახმაურებულ სკანდალებს ძირშივე გამორიცხავს.
ამას გარდა, “კოკა კოლას“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ უიეინ რუნი თავისი მჟავე გუნებით ლახავს მათი ფირმის რეპუტაციას და თუკი რუნი მომავალშიც “კოკა კოლასთან“ იქნება ასოცირებული, შეიძლება რეკლამის ნაცვლად, ანტირეკლამაც კი მიიღონ. როგორც იცით, კომპანია “კოკა კოლა“ მუდმივ ბრძოლას ეწევა კონკურენტ “პეპსისთან“. ამ ბიზნესის გაგანია “ბრძოლის ველზე“ კი, სკანდალები არავის სჭირდება.







