დღეს პარიზში ოფიციალურად გაიხსნება ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობა. ავსტრალიელი სამანტა სტოსურისა და ბრიტანელი ელენა ბალტაჩას ქალთა ერთეულთა თანრიგის მატჩის წინ კორტის თავზე ესკადრილია გადაფრინდება, რომლის პილოტებიც საფრანგეთის ეროვნული დროშის ფერის (წითელი, თეთრი, ლურჯი) ბოლს გაუშვებენ ჰაერში. ტურნირის გახსნის ჩერემონიალში მონაწილეობას საფრანგეთის სარაგბო ნაკრების კაპიტანი ტიერი დიუსოტუაც მიიღებს.
დღესვე ჩოგბურთელთა რეიტინგსიები გამოქვეყნდა. მამაკაცთა და ქალთა მოწინავე ათეულებს ცვლილებები არ განუცდია. გარკვეულ პერტურბაციებს “როლან გაროსის” დასრულების შემდეგ უნდა ველოდეთ. საფრანგეთის ღია პირველობების არსებობის ისტორიაში, მისი დასრულების შემდეგ მსოფლიოს კლასიფიკაციის ლიდერი სამჯერ შეიცვალა. 1983 წელს ჯონ მაკინროიმ ჯიმი კონორსს ჩამოართვა პირველობა, ერთი წლის შემდეგ კი თავად მაკინროი ივან ლენდლმა ჩამოაქვეითა მეორე პოზიციამდე. 2010 წელს კი რაფა ნადალმა, პარიზში მორიგი გაჩემპიონებით შვეიცარიელ როჯერ ფედერერს გადაასწრო და რეიტინგსიის სათავეში ჩადგა. წლეულს პლანეტის კლასიფიკაციის ლიდერი არ შეიცვლება – “როლან გაროსის” დასრულების შემდეგ პირველ პოზიციაზე ნოვაკ ჯოკოვიჩი დარჩება.
ქალებს რაც შეეხება, საფრანგეთის ღია პირველობის ფინიშის შემდეგ ექვსჯერ შეიცვალა მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი. 1982 წელს მარტინა ნავრატილოვამ კრის ევერტი “ჩაანაცვლა”, 3 წლის შემდეგ კი უკვე ევერტმა ჩამოართვა ლიდერობა ნავრატილოვას. 1993-ში შტეფი გრაფმა მონიკა სელეში დააქვეითა, 2 სეზონის შემდეგ კი იმავე გრაფმა ესპანელ არანჩა სანჩეს-ვიკარიოს ჩამოართვა პირველობა და თავად გალიდერდა. ოცდამეერთე საუკუნეში ვინუს უილიამსმა (2002 წელს) მოახერხა ჯენიფერ კაპრიატის გადასწრება, 2008-ში კი სერბმა ანა ივანოვიჩმა მარია შარაპოვა დაუშვა მეორე პოზიციაზე.
შეგახსენებთ, საფრანგეთის ღია პირველობის ფავორიტთა საპირველწრეო მოწინააღმდეგეებს. მამაკაცთა შორის ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი, 1) პოტიტო სტარაჩეს (იტალია) დაუპირისპირდება, რაფა ნადალი (ესპანეთი, 2) სიმონე ბოლელის (იტალია) გამოცდის, როჯერ ფედერერი (შვეიცარია, 3) კი ტობიას კამკესთან (გერმანია) შეეცდება ტურნირის კარგად დაწყებას.
ქალთა ერთეულთა თანრიგს რაც შეეხება, საფრანგეთის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი ნა ლი (7) პირველ მატჩს რუმინელ სორანა კირსტიასთან გამართავს, პირველ-მეორე ნომრებად განთესილი ბელარუსი ვიკტორია აზარენკა და რუსი მარია შრაპოვა კი შესაბამისად ალბერტა ბრიანტის (იტალია) და ალექსანდრა კადანტუს (რუმინეთი) შეხვდებიან.
ATP Rankings
1 (1) ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 11800
2 (2) რაფა ნადალი (ესპანეთი) 10060
3 (3) როჯერ ფედერერი (შვეიცარია) 9790
4 (4) ენდი მარეი (დიდი ბრიტანეთი) 7500
5 (5) ჟო ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი) 4965
6 (6) დავიდ ფერერი (ესპანეთი) 4640
7 (7) ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) 4500
8 (8) იანკო ტიპსარევიჩი (სერბეთი) 3010
9 (9) ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა) 2910
10 (10) მარდი ფიში (აშშ) 2625
WTA Tour Rankings
1 (1) ვიკტორია აზარენკა (ბელარუსი) 9020
2 (2) მარია შარაპოვა (რუსეთი) 8390
3 (3) აგნეშკა რადვანსკა (პოლონეთი) 7080
4 (4) პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი) 6275
5 (5) სერენა უილიამსი (აშშ) 5695
6 (6) სამანტა სტოსური (ავსტრალია) 5440
7 (7) ნა ლი (ჩინეთი) 4965
8 (8) მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი) 4870
9 (9) კაროლინა ვოზნიაცკი (დანია) 4586
10 (10) ანჟელიკა კერბერი (გერმანია) 3560







