ინგლისური ”მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი, ამჯერად მწვრთნელად მოღვაწე – ირლანდიელი როი კინი, შესაძლოა, რაინდად აკურთხონ. ამის შესახებ, ლონდონის ბუკინგენმის სასახლეში, ჯერჯერობით, ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ, მაგრამ ბრიტანელების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ირლანდიელი როი უდავოდ იმსახურებს სერის ტიტულს და როგორც წესი, როდესაც რომელიმე კონკრეტული პერსონის შესახებ საერთო აზრი დადებითია, ინგლისის დედოფალი ითვალისწინებს ხოლმე ერის სურვილს და რაინდობას უშურველად არიგებს.
შესაძლებელია, ფეხბურთელობისას მშვენიერი გარჯის გარდა, როი კინის გარაინდება მისმა საოცარმა ოჯახმაც განაპირობოს. როის ცოლი – ტერეზა და მას ხუთი შვილი ჰყავს. ხუთი შვილი კი, ევროპაში (თუ ევროპაში ემიგრირებულ არაბებს არ ჩავთვლით) საკმაოდ ცოტა ვინმეს ჰყავს და ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ბრიტანეთის კუნძულზე იკლო მრავალშვილიანმა ოჯახებმა.
როი კინის შვილები: შენონი, კარა, აიდანი, ალანი და ლი - როი კინის თქმით, მისთვის ყველა მოპოვებულ ტიტულზე მეტს ნიშნავენ და თუკი ის ოდესმე სერი გახდება, ეს უპირველესად მისი შვილების დამსახურება იქნება და არა ყოფილი ”ოლდ ტრაფორდელის” საფეხბურთო მოღვაწეობისა. მაშ ასე, დაველოდოთ მოვლენებს და ვნახავთ, ბრიტანეთის მეფის კარზე როდის გაარაინდებენ ირლანდიელ ფეხბურთელს.







