ფეხბურთი

23:24 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

როგორ ჟღერს? "ლოკომოტივმა" ბარსელონელებს 1:0 სძლია

თბილისის "ლოკომოტივმა" პირველი მატჩი გამართა ესპანურ შეკრებაზე და "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდს კატალონიის დედაქალაქში 1:0 სძლია. თბილისელთა მეტოქე "ბარსელონას" ის გუნდი იყო, რომელიც ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის და "მილანს" გასვლაზე 6:2 სძლია. ასე რომ, ვასილ მაისურაძისა და გიორგი დევდარიანის გუნდისთვის თუნდაც ტესტ-მატჩში ასეთი დონის მეტოქის დამარცხება საამაყოა.

49-ე წუთზე ფორვარდმა დავით ჯიქიამ კარგი კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა. რა თქმა უნდა, ბურთი უფრო ხშირად კატალონიელებს ჰქონდათ, მაგრამ საერთო ჯამში, ვერავინ იტყვის, რომ "ლოკომოტივის" მოგება დაუმსახურებელი იყო. პირიქით, მეორე ნახევარში ქართველმა ჭაბუკებმა მეტოქეს აჯობეს.  

"ბარსას" ეს გუნდი თუ 19-წლამდელებისაა, ამ ასაკის ბიჭები ჰყავს "ლოკომოტივსაც". ბირთვს 1995 წელს დაბადებულები შეადგენენ, თუმცა არიან უმცროსებიც. ხოლო გიორგი არაბიძე სულაც 15 წლისაა.

აქვე ვთქვათ, რომ შეხვედრა "ბარსას" ბაზაზე გაიმართა და კლუბის სპორტული დირექტორი ენდონი სუბისარეტა დაესწრო. ასევე იყვნენ ესპანეთის სხვადასხვა გუნდების სკაუტები.

ერთი რიგითი გამარჯვება ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ნეტავ ისე მოხდეს, ამ ბიჭებმა ისეთ წარმატებას მიაღწიონ, ეს მოგება აღარც ახსოვდეთ...   

ხვალ უფრო ვრცლად შემოგთავაზებთ "ლოკომოტივის" ესპანურ ამბებს.

 

"ბარსელონა" – "ლოკომოტივი" 0:1 (0:0)

ბარსელონა: ონანა, სეგურა, გოდსვილი, კვინტილა, გრიმალდო, ხუან ანტონიო, ლი, კაპტუმი, გოდოი, ალექსი, ებველე.

შეცვლაზე შევიდნენ: ფერანი, პაიკი, ხულიენი, კარბონელი, ბლანკო, პალენსია.

მწვრთნელი: ჟორდი ვინიალსი.

ლოკომოტივი: მიქავა, მთივლიშვილი, ჭანტურია, სანდოხაძე, უბილავა, დუმბაძე, გოროზია, კიკაბიძე, მზევაშვილი, გავაშელიშვილი, ჯიქია.

შეცვლაზე შევიდნენ: ჩიტეიშვილი, არაბიძე, ზარანდია, ყანჩაშვილი, სულთანიშვილი, გაბაძე, წივწივაძე.

მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.

გოლი: 0:1 ჯიქია (49) 

 

http://www.youtube.com/watch?v=cQnz7TkRJCI 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100508