მადრიდის ტურნირის ფინალში ჩეხი ტომაშ ბერდიხის ძლევის შემდეგ როჯერ ფედერერმა თავისი ბოლო 4 “მასტერზ1000”-დან მესამე მოიგო, მსოფლიოს კლასიფიკაციაში კი რაფა ნადალს გადაასწრო და მეორე ადგილზე დამკვიდრდა. კასტილიის დედაქალაქში დასრულებული შეჯიბრების შემდეგ “მხიარულ როჯერს” ესპანელი ჟურნალისტები გაესაუბრნენ.
- მადრიდის “მასტერზ1000”-ის მოგების შემდეგ პლანეტის რეიტინგსიაში მეორე ადგილზე აინაცვლეთ, “როლან გაროსისა” ან უიმბლდონის დასრულების შემდეგ კი კლასიფიკაციაში მოწინავე პოზიციაზე დაბრუნების შანსი მოგეცემათ. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის რეიტინგის სათავეში ყოფნის ხანგრძლივობით პიტ სამპრასის რეკორდის გაუმჯობესება?
- ყოველთვის ვცდილობდი ნომერ პირველი ჩოგბურთელი ვყოფილიყავი და კარიერის დასრულებამდეც ასე იქნება. ამასთან, არასდროს მივისწრაფი რომელიმე მოთამაშის რეკორდის მოხსნისკენ. პიტი ჩემ კერპად დღემდე რჩება, მას მოწიწებით ვუმზერ და მისი რეკორდების მოხსნა ჩემ გეგმაში არ შედის. სამპრასმა თავისი განუმეორებელი კვალი დატოვა ჩოგბურთში, მეც ყოველმხრივ შევეცდები ჩემი ღვაწლი სხვებისთვის მისაბაძი და დასაფასებელი გახდეს. სადღეისოდ მხოლოდ თამაშზე ვფიქრობ და წინ მეტად საინტერესო საასპარეზო პერიოდი მელის. ამჟამად კარგ ფორმაში ვარ და ტურნირებიც მოვიგე, მაგრამ ყველაზე მეტად რომელიმე სადიდსლემო შეჯიბრების ფინალში გამარჯვებაზე ვოცნებობ.
- როგორ შეაფასებდით საკუთარ შანსს საფრანგეთის ღია პირველობაზე?
- “როლან გაროსის” კორტებზე გამარჯვების მოპოვება ძალიან გამიჭირდება. ვფიქრობ, ფავორიტი ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელიც ბრწყინვალედ ასპარეზობს. რაფა ნადალიც ნამდვილი ჩემპიონია. მის შანსსაც ჩემზე მაღლა დავაყენებდი. თუმცა, უბრძოლველად არაფერს დავთმობ და როგორც ნებისმიერ სხვა ტურნირზე, პარიზშიც პირველობისთვის ვიბრძოლებ.
- ნადალს “მასტერზ1000”-ზე მოპოვებული ტიტულების რაოდენობით გაუთანაბრდით. უახლოეს შეჯიბრებებზე ამ მაჩვენებლით რაფას გადასწრებას აპირებთ?
- მიკვირს, როგორ მოახერხა რაფამ ესოდენ დიდი რაოდენობის ტურნირების მოგება შედარებით მოკლე დროში. მე კი მახარებს, ბოლო 4 “მასტერზიდან” 3 რომ მოვიგე, დავუმატოთ ამას წლის შემაჯამებელი შეჯიბრებაც. ნადალის რეკორდს რაც შეეხება, იგივეს გეტყვით, რაც სამპრასის მიღწევასთან დაკავშირებით მოგახსენეთ – ჩემი მიზანი პირველობაა და არა სხვა ჩოგბურთელების შედეგების გაუმჯობესება.
- მადრიდის ტურნირის ფინალში თამაშს თვალყურს თქვენი ქალიშვილებიც ადევნებდნენ...
- მათ ბოლომდე არ ესმით, რა დონის მატჩებს უმზერენ, თუმცა, მოხარული ვარ, გოგონებს ჩემთან ერთად ყოფნის და მოგზაურობის საშუალება რომ აქვთ. ჩემი განწყობა მათაც გადაედებთ ხოლმე და კარგია, როდესაც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახარებულს მხედავენ.
გოჩა კაჭარავა







