ჩოგბურთი

13:07 | 12.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

როჯერ ფედერერი: “მარცხი გეგმებს ოდნავადაც არ შემიცვლის”

შვეიცარიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მატჩში ევროპელთა ფავორიტად დასახელება სარისკო საქმე კი გახლდათ, მაგრამ ნამდვილად ძნელი წარმოსადგენი იყო, თუკი ოკეანესგაღმელები ვადამდე ადრე მოახერხებდნენ მოწინააღმდეგის კორტზე გამარჯვების მოპოვებას. შვეიცარიის ქალაქ ფრიბურგში მიმდინარე მატჩის პირველ საასპარეზო დღეს ჯერ სტანისლას ვავრინკამ 2:6, 6:4, 6:4, 1:6, 7:9 წააგო მარდი ფიშთან, შემდეგ კი მასპინძელთა ლიდერმა როჯერ ფედერერმა 6:4, 3:6, 6:7, 2:6 დათმო პაექრობა ჯონ იზნერთან და შვეიცარელთა მდგომარეობა უკიდურესად რთული გახადა. წყვილთა ასპარეზობის მოგების შემთხვევაში ევროპელები მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს შეინარჩუნებდნენ, თუმცა ოლიმპიურ ჩემპიონთა დუეტმა, ფედერერ-ვავრინკას ტანდემმა 6:4, 3:6, 3:6, 3:6 დათმო მაიკ ბრაიანის და მარდი ფიშის წყვილთან და შვეიცარიელებს კაპიტულაცია გამოაცხადებინეს.
“დევისის თასზე განცდილი მარცხი ჩემ გეგმებს ოდნავადაც არ ცვლის. კვლავ ნაკრების წევრი ვარ და სექტემბერში, მორიგ შეხვედრაში წარმატების შევეცდები ჩემი ქვეყნის ღირსების დაცვას”, - განაცხადა წყვილთა მატჩის დასრულების შემდეგ “მხიარულმა როჯერმა”. ფედერერის მომდევნო შეჯიბრება კი როტერდამში ელის. ამ უდიდეს საპორტო ქალაქში მილიონ 584 482 საპრიზო ფონდის ტურნირი აიღებს სტარტს და შეჯიბრებაზე პირველ ნომრად განთესილი როჯერის სასტარტო მოწინააღმდეგე ფრანგი ნიკოლა მაიუ იქნება. თუკი შვეიცარიელი მეორე წრეში გავიდა, იგი მიხაილ იუჟნისა და იგორ კუნიცინს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ამასობაში იოლად გააღწიეს დევისის თასის მომდევნო წრეში მოქმედმა ჩემპიონმა და ფინალისტმა. ესპანელებმა მოლოდინისამებრ ყაზახეთთან 3:0 საშეჯიბრო ორი დღის შემდეგ წაიყვანეს, არგენტინელებმა კი ვადაზე ადრე გერმანელებს მოუგეს. პატაგონიელებმა ერთეულთა ორივე შეხევედრაში სძლიეს ალემან ჩოგბურთელებს, დავიდ ნალბანდიანისა და ედუარდ შვანკის წყვილმა კი “პატარა სასწაული” მოახდინა. ტომი ჰაასისა და ფილიპ პეცშნერის დუეტმა არგენტინელთა ტანდემს პირველი ორი სეტი 6:3, 6:4 კი მოუგეს, მაგრამ შემდგომ სამხრეთამერიკელებმა იძალეს და მიჯრით სამ პარტიაში 6:4, 6:3, 6:4 იმარჯვეს.



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158047