ინტერვიუები

11:16 | 4.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო კარლოსი “რეალის” მწვრთნელობაზე ოცნებობს

მილიონობით ადამიანის საყვარელი ფეხბურთელი რობერტო კარლოსი, აგერ უკვე ერთი წელია სამშობლოში დაბრუნდა და “კორინთიანსის” ღირსებას იცავს. მიუხედავად ასაკისა, 37 წლის ფეხბურთელმა საკუთარ ქვეყანში, ოთხ სხვა ტიტულთან ერთად, საუკეთესო მარცხენა მცველის წოდებაც დაიმსახურა.
რობერტო საკუთარი მდგომარეობით კმაყოფილია, ის ჯერ ბრაზილიაში დარჩენას აპირებს, მერე კი აშშ-ში გადაბარგებას და კარიერის იქ დასრულებას გეგმავს. კარლოსს უფრო შორეული გეგმებიც აქვს. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ის სპორტის ამ სახეობასთან განშორებას არ აპირებს და მწვრთნელობა სურს. მისი ოცნება მადრიდის “რეალის” თავკაცობაა, გუნდის, რომელმაც ბრაზილიელს ყველაზე დიდი აღიარება მოუტანა.

- ათასი წელია თქვენს შესახებ არაფერი გვსმენია, როგორ მიგდით საქმეები ბრაზილიაში?
- ბრწყინვალედ. გასული სეზონი ძალიან რთული გამოდგა. ბევრს ვვარჯიშობდი, ვმოგზაურობდი, ვთამაშობდი და ოჯახისთვის დრო თითქმის არ მრჩებოდა. ჩვენთან, ბრაზილიაში, ძალიან გრძელი სეზონია - იანვარში იწყება და დეკემბრამდე გრძელდება. თითქმის ყოველ კვირას და ოთხშაბათს შესვენების გარეშე ვთამაშობდით. ბრაზილიის ჩემპიონატში, ფეხბურთელს დასასვენებლად მხოლოდ 27 დღე აქვს. როგორც იქნა, ოჯახის ნახვა მოვახერხე და ახლა ყველანი ერთად ვართ.
- 37 წლის ხართ და როგორ ახერხებთ ამდენი თამაშის ჩატარებას?
- იმისათვის, რომ “კორინთიანსში” ითამაშო, საჭირო დონეზე უნდა იყო. ადგილობრივი ფეხბურთი კონკურენტუნარიანია და ხშირად გიწევს უმაღლესი დონის თამაშების ჩატარება. აქ “კორინთიანსი” იგივე დონის გუნდია, როგორიც ესპანეთში “რეალი” და “ბარსელონაა”, გუნდი ვალდებულია, რომ ყოველთვის გამარჯვება მოიპოვოს და მიმდინარე სეზონში ამასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეგვექმნა. სან პაულის შტატის ჩემპიონატში ასპარეზობის გასაგრძელებლად ერთი გოლი დაგვაკლდა, ლიბერტადორესის თასზე, ასევე ერთი გოლის გამო, ფლამენგოსთან” დავმარცხდით. “მარაკანაზე” 0:1 დავმარცხდით, შინ კი 2:1 მოვიგეთ. ჩემპიონის ტიტულიც ბოლო შეხვედრაში დავთმეთ.
- მიუხედავად ამისა, ჩანს, ბრაზილიაში მეორე ახალგაზრდობას განიცდით.
- თურქეთშიც ყველაფერი მომწონდა. იქაური ფეხბურთი სანახაობრივია, უბრალოდ, კლუბებს ბრაზილიისა და ევროპის სხვა ქვეყნების გუნდების მსგავსი ორგანიზებულობა აკლიათ. ბრაზილიაში იმის გამო დავბრუნდი, რომ ვიცოდი, უმაღლეს დონეზე თამაში ისევ შემეძლო. შედეგად, ბრაზილიაში წლის საუკეთესო მარცხენა მცველად დამასახელეს, ამასთან, სეზონის განმავლობაში კიდევ ოთხი ჯილდო მივიღე. მართლა ბედნიერი ვარ. “კორინთიანსი” უმაღლეს დონეზე ორგანიზებული გუნდია, სტრუქტურულად გამართულია და ბრწყინვალე ინფრასტრუქტურას ფლობს. ის ნამდვილი გრანდია. ახლა ჩვენთან 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ახალ სტადიონს აშენებენ. ბრწყინვალე გუნდის წევრი ვარ, მაგრამ მოშვების საშუალება არ მაქვს, რადგან ზურგს უკან ახალგაზრდა ტალანტების სუნთქვა იგრძნობა.
- ბრაზილიაში ძირითადად ეროვნულ გუნდში გამოსვლიდან გიცნობდნენ. თქვენ ხომ მილანის “ინტერში” ძალიან ადრეულ ასაკში გადახვედით.
- გარკვეული თვალსაზრისით, ამჟამად დაკარგულის ანაზღაურებას ვახდენ. დაბრუნების მოხარული ვარ, რადგან ბრაზილიელებს ჩემი თამაშის ცოცხლად ხილვის საშუალება აქვთ. ბრაზილიიდან წასვლისას სულ რაღაც 20 წლის ვიყავი და უკან 37 წლისა დავბრუნდი. აქ ყველა პატივს მცემს და ყველგან ტაშით მხვდებიან. ჩემი ნახვა ყველა გუნდის გულშემატკივარს უხარია.
- თქვენი თანაგუნდელი რონალდოა და “კორინთიანსში” ბრწყინვალე დუეტი შექმენით.
- ის, რომ “კორინთიანსში” ვთამაშობ, დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა, რადგანაც ამ კლუბში სწორედ რონალდომ მომიწვია. მან კლუბი დამიხასიათა და მითხრა, ჩემგან რას მოელოდნენ. პრაქტიკულად, შემოთავაზება სწორედ რონალდომ გამიკეთა. ერთ დღეს ის სტუმრად მეწვია და დამარწმუნა, რომ ამ კლუბის შეთავაზება მიმეღო. ამის შემდეგ ვთხოვე “ფენერბახჩეს” ხელმძღვანელობას გათავისუფლება. “კორნითნიასში” რონალდოს დამსახურებით მოვხვდი და ვგრძნობ, რომ ეს წარმატებული ნაბიჯი გამოდგა.
- როდემდე აპირებთ თამაშის გაგრძელებას?
- კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და შედეგების გათვალისწინებით, მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება შემიძლია. შევხედავ, თუ რა დონეზე ჩავატარებ 2011 წელს, ხოლო 2012 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლას და კარიერის იქ დასრულებას ვგეგმავ. ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება.
- რატომ აშშ-ში?
- ცნობისმოყვარეობის გამო. იქაური ფეხბურთის ნახვა მინდა. ერთი კვირის წინათ, ოჯახთან ერთად ნიუ იორკი და ორლანდო მოვინახულე. ხალხი ქუჩაში მცნობდა და მათთან გადასვლას მთხოვდა. ეს დიდებული გამოცდილება იქნებოდა, რადგანაც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას ვაპირებ.
- საბოლოოდ გადაწყვიტეთ?
- დიახ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.
- უკვე დაიწყეთ პირველი ნაბიჯების გადადგმა თქვენს შვილებთან?
- ჯერ არა. ფეხბურთში იმდენად დიდი გამოცდილება დამიგროვდა, რომ ვფიქრობ, პროფესიულ კლუბში მუშაობის ეგრევე უფროსებით დაწყება ხელმეწიფება. დიდ კლუბებში მუშაობა შემიძლია.
- ბავშვები თუ ესწრებიან თქვენს თამაშებს?
- რა თქმა უნდა, მატჩებს მთელი ოჯახი ესწრება, მათ გარდა, ვინც მექსიკაში და უნგრეთში ცხოვრობს.
- ესპანეთთან რა კავშირები დაგრჩათ?
- ურთიერთობა მაქვს ჩემს მეგობართან და მის მეუღლესთან. ცოტა ხნის წინ კასილასს ვესაუბრე და თავის თამაშზე დამპატიჟა, მაგრამ წასვლა ვერ მოვახერხე.
- ესპანეთის ჩემპიონატს თუ უყურებთ?
- ბრაზილიაში ყველა შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი ეწყობა. ლა ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია და მას “რეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება აგვირგვინებს. კლასიკოს 0:5-მა გული დამწყვიტა. ყველა ერთად შევიკრებეთ, რათა ამ დაპირისპირებისთვის გვეყურებინა და იმედგაცრუებული დავრჩი, მაგრამ “ბარსელონა” ახლა მართლაც უმაღლეს დონეზე თამაშობს. მიუხედავად ამისა, მადრიდში გასამართ განმეორებით მატჩზე დიდ იმედებს ვამყარებ. ვნახოთ, შეძლებს თუ ვერა “რეალი” ასეთივე გოლების ფეირვერკით პასუხის გაცემას.
- რას იტყვით მარსელოს შესახებ?
- მიმდინარე სეზონში ის ბრწყინვალედ გამოიყურება, თუმცა, თავიდან მწვრთნელებთან გარკვეული პრობლემები ჰქონდა. მოურინიომ ის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად აქცია და ახლა მარსელო ბედნიერია, ბევრად უფრო დამაჯერებლად გამოიყურება.
- “რეალში” თქვენი მსგავსი ფეხბურთელი აღარ იქნება...
- ძალიან ძნელია ისეთი გუნდის შექმნა, როგორიც თავის დროზე ლორენცო სანსმა, მერე კი, ფლორენტინიო პერესმა ჩამოაყალიბა. გუნდმა შეიძლება უამრავი ვარსკვლავი შეიძინოს, მაგრამ იმ წლების მსგავსი ჩემპიონი გუნდის შექმნა ძალიან რთულია. მარსელო ჯერ ძალიან ახლგაზრდაა და კიდევ ბევრის მიღწევა შეუძლია. “რეალი”, რომელშიც მე ვთამაშობდი, იმდენად ძლიერი იყო, რომ ფეხბურთელებსაც უმაღლეს დონეზე თამაშს გვაიძულებდა.
- მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეუდარებელი ხართ!
- მე მარტივად გავიარე ადაპტაცია და სიამოვნებას ვიღებდი ესპანეთში ცხოვრებით და თამაშით. მეც ბევრს მაკრიტიკებდნენ, მაგრამ ეს ჩემთვის გაკვეთილი იყო. კარგად მესმის, რომ იმის მიღწევა, რაც მე მოვახერხე, ძალიან რთულია, მაგრამ “რეალი” უდიდესი კლუბი და ნამდვილი ძალაა.
- მოურინიოს თუ იცნობთ?
- რა თქმა უნდა! მას თამაშებისას შევხვედრივარ. ვერ ვიტყვი, რომ მეგობრები ვართ, მაგრამ ურთიერთობა არ გვიჭირს. დიდებული ადამიანია!
- ის “რეალის” შესაფერისია?
- დიახ, თავისი სტილი აქვს, კარგად იცის, რომ მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტია და ასე ხშირადაც ამის გამო აკრიტიკებენ. სამუშაოსადმი ასეთი დამოკიდებულებით და ასეთი პირადი თვისებებით, მოურინიო კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს.
- არ გეჩვენებათ, რომ ზოგჯერ ზღვარს გადადის?
- ის იტალიაშიც ასეთი იყო და ყველაფერი მოიგო. დელ ბოსკე კი, პირიქით, უკიდურესად მშვიდი პიროვნებაა და მანაც ასევე ყველაფერი მოიგო. მოურინიოს ქცევის თავისებური მანერა აქვს, მაგრამ ის ნამდვილი გამარჯვებულია, მთავარი კი, ჯილდოებია.
- გგონიათ, რომ მას “რეალში” დიდი ხნით გაჩერების საშუალებას მისცემენ?
- გუნდში ახალწვეულები მრავლად არიან და მიმდინარე სეზონში მათ შეთამაშება აკლიათ. “ბარსელონას” ახლანდელი შემადგენლობა, ერთად აგერ უკვე ხუთი წელია თამაშობს და ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით. რადგანაც მოურინიო ირწმუნება, რომ მისი გუნდი შენების პროცესშია, ეს ნიშნავს, რომ ის სიტუაციას აკონტროლებს და გუნდისათვის წარმატების მოტანა შეუძლია. სწორედ ის მიიყვანს “რეალს” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებამდე.
- რატომ ვერ წარმოაჩინა კაკამ საკუთარი შესაძლებლობები მადრიდის “რეალში”?
- მას დელიკატური ტრავმა აქვს. ოდნავი ტკივილიც კი, ქვეცნობიერ შიშს იწვევს და ზეწოლა ძლიერდება, ეს არ შეიძლება თავდაჯერებულობაზე არ აისახოს. ისეთი კაკა, როგორიც ყველას გვახსოვს, კიდევ დაბრუნდება.
- მასთან ურთიერთობა თუ გაქვთ?
- დიდი ხანია არ გვისაუბრია, მაგრამ მას რონალდოსთან ხშირი ურთიერთობა აქვს და ყველა ახალ ამბავს დროულად ვიგებ. ვიცი, რომ კაკა მწყობრში ბრუნდება. მას ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ თავად იცის, რომ უკეთ თამაშისთვის უნდა იბრძოლოს. სეზონის ბოლომდე მისი თამაში გაუმჯობესდება.
- რას იტყვით რაულის თავგადასავალზე ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე?
- მას ნამდვილი მებრძოლის ხასიათი არასდროს აკლდა. რაულმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ადრე “რაულ მადრიდი” გვყავდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს გამონათქვამი დაიკარგა. ახლა რაული ფეხბურთელია, რომელიც ერთ-ერთ გერმანულ გრანდში თამაშობს და საკუთარი მნიშვნელობა კარგად აქვს გათვიცნობიერებული.
- “რეალში” მას არასაკადრისი პატივით მოექცნენ?
- მას იგივე დაემართა, რაც მე. ჩვენ საფეხბურთო კარიერის “რეალში” დასრულება გვსურდა, მაგრამ ზოგიერთმა ადამიანმა ამის საშუალება არ მოგვცა. ძალიან სამწუხაროა, რადგან რაული დიდებული ადამიანი და სუპერფეხბურთელია, მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც ჩვენზე დამოკიდებული არაფერია. არიან ადამიანები, რომელთაც ხელში ძალაუფლება უპყრიათ. სამწუხაროა, ასე რომ მოხდა.
- ორივენი “უკანა კარით” წახვედით?
- დიახ, მაგრამ მჯერა, ცხოვრება მეც და რაულსაც კუთვნილს დაგვიბრუნებს. არასდროს დამავიწყდება “რეალში” გატარებული წლები, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ ვიღაცამ ყველაფრის გაფუჭება ისურვა. ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც უკეთესის ძებნის იმედად კლუბიდან წასვლა გადავწყვიტეთ.
- ესპანეთში დაბრუნდებით?
- ვიმედოვნებ, რომ ოდესმე მადრიდის “რეალის”, ან სხვა ესპანური კლუბის მწვრთნელი ვიქნები.
- რატომაც არა, ფლორენტინიოსთან ხომ კარგი ურთიერთობა გაქვთ?
- შემიძლია “რეალის” ელჩი ვიყო და იმედია, ფლორენტინიო მიმიწვევს, როდესაც საფეხბურთო კარიერას დავასრულებ. ამით უზომოდ ბედნიერი ვიქნები. ის მუდამ კორექტული იყო, მაშინაც კი, როდესაც პრესაში ჩვენს კონფლიქტზე იწერებოდა. პრობლემა ის იყო, რომ გუნდში სანსის პრეზიდენტობისას მივედი და ზოგს ეს კონფლიქტის მიზეზად ესახებოდა, მაგრამ მე ფლორენტინიოსთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა.
- ნოსტალგია არ გაწუხებთ?
- დიახ, არ მშორდება ფიქრი, რომ შეიძლებოდა მადრიდში ახლაც ვყოფილიყავი.
- რას ელით ახალი 2011 წლისგან?
- ჯანმრთელობას, ბევრ ფულს და ოჯახის კეთილდღეობას. შვილები აღარ მინდა, რვა სრულიად საკმარისია.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა     
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095825