ძიუდო

19:45 | 24.03.2010 | ნანახია [] - ჯერ

რიხიანი და უხვმედლიანი ევროსამზადისი

თურქეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელებმა ევროპის თასზე გამოსვლა დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში შეაჯამეს. შეგახსენებთ, 20-21 მარტს, ანთალიაში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირი რამაზ ჩოჩიშვილის შეგირდებმა 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრეს. ხოლო გოგონათა ნაკრებმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც გია თენაძეა, დამოუკიდებელი ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიაში უპრეცენდენტო შედეგი აჩვენა - ოქროს მედალი მოიპოვა. ვაჟების გუნდის ღირსებას 19 ძიუდოისტი იცავდა. გოგონებში კი საქართველოს დროშის ქვეშ 3-მა სპორტსმენმა იჭიდავა.
“მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ პირველ საერთაშორისო ტურნირზე მყავდა გუნდი და ეს ფაქტორი დამატებითი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის. გუნდის გამოსვლით კმაყოფილი დავრჩი. გამოჩნდნენ ჭაბუკები, რომლებიც სამომავლოდ თავიანთ სიტყვას ახალგაზრდებსა და უფროსებშიც იტყვიან. ანთალიურ ტურნირში 15 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა და თითქმის ყველამ საუკეთესო შემადგენლობა გაიყვანა ტატამზე. ყველაფრის გათვალისწინებით, რეალურად გაჩნდა იმედი, რომ ევროპის ჩემპიონატზეც შევძლებთ წარმატების მიღწევას. მოგეხსენებათ, 20 მარტს თურქეთში საქართველოსა და რუსეთს შორის სარაგბო დაპირისპირება გაიმართა. ჩვენებურთა გამარჯვებამ ბიჭები ძალიან კარგად დამუხტა. ყველაზე მეტად გასახარი კი ნაკრებში არსებული ერთსულოვნებაა. ასეთი შეკრული გუნდი ჩემი სპორტსმენობის დროიდანაც არ მახსოვს. ეს ერთსულოვნება საერთო შედეგის მიღწევაში უდიდეს როლს ასრულებს” - განაცხადა ჩოჩიშვილმა.
ნაკრების თავკაცმა ორდღიანი ტურნირის პირველი დღის მსაჯობას კატასტროფული უწოდა. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ომარ ნიაზაშვილი, ფინალში სწორედ არაობიექტურობის გამო დაჩაგრულა და შეხვედრის რუს მსაჯს, ცოტა მოგვიანებით, ქართველი ძიუდოისტებისთვის ბოდიშიც მოუხდია. რამაზ ჩოჩიშვილმა შეგირდების გამორჩევისგან თავი შეიკავა და არც იმათი ვინაობა გაამხილა, შიდა კონკურენციაში ლიდერებად რომ გამოიკვეთნენ და ევროპის ჩემპიონატის საგზურები თითქმის გაინაღდეს.
“მწვრთნელთა საბჭო შეიკრიბება და გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ. გუნდი 15 აპრილს, დუშეთში შეიკრიბება. 23-ში კი ჩეხეთში გავემგზავრებით. 24-26 აპრილს ტეპლიცეში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება და მასზე ნაკრების უმთავრეს კანდიდატებს მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი” - დასძინა რამაზ ჩოჩიშვილმა.
გია თენაძემ განაცხადა, რომ ელენე ქებაძემ (+70 კგ) ქართულ ქალთა ძიუდოში ახალი ერის დადგომას ჩაუყარა საფუძველი. იქვე დაამატა, ამ გოგონასგან წარმატებულ გამოსვლას უკვე ველოდიო და მორიგ კარგ ჭიდაობას მისგან ევროპის ჩემპიონატზე ველიო. ევროპირველობაზე მთავარი მწვრთნელი 4 სპორტსმენის წაყვანას აპირებს. ხოლო იქამდე კანდიდატებს ორ საერთაშორისო ტურნირზე გამოცდის.
უფროსებში ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატზე (ვენა, 22-25 აპრილი) საქართველოს ქალთა ნაკრები გამოსვლას, რომ არ აპირებს, თენაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზეც დაადასტურა. მწვრთნელმა მიზეზად არასათანადო მომზადება დაასახელა – ქალთა ძიუდო საქართველოში ახლა იკიდებს ფეხს და უფროსი ასაკის გუნდის უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ ძიუდოისტებს სწავლების ყველა ეტაპი არ აქვთ გავლილიო.
ჭაბუკ ძიუდოისტებს შორის წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატი არ ტარდება და სეზონის უმთავრესი ტურნირი ევროპირველობაა, რომელიც 25-27 ივნისს, პრაღაში გაიმართება.

ოთარ მაღლაკელიძე



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09727