საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა რაულ ცირეკიძემ (85 კგ) ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის 2012 წლის ქართველმა ჩემპიონმა ორჭიდის შარშანდელი შედეგი 5 კილოგრამით გააუმჯობესა, მაგრამ ეს მხოლოდ კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასასვლელად ეყო.
უძლიერეს “ა” ჯგუფში სულ 10 ძალოსანი გავიდა ფიცარნაგზე. ცირეკიძემ პირველი მოძრაობა – ატაცი იმ წონით დაიწყო, რომლითაც შარშანდელ ევროპირველობაზე მცირე ვერცხლი მოიპოვა. 165 კილოგრამიანი შტანგა პირველსავე ცდაზე აიტაცა, მაგრამ მეორე და მესამე ცდაზე 168 კილოგრამი ვეღარ დაიმორჩილა და მე-6 ადგილს დასჯერდა. რაულ ცირეკიძის მსგავსად 165-165 კილოგრამი დააგროვეს ბელარუსმა ოლეგ ხუხაიევმა და რუსეთის ნაკრების წევრმა ალბერტ საიახოვმაც, მაგრამ პირადი წონის უპირატესობით ჩვენებურს ორივემ გაუსწრო.
ატაცში ყველას რუსეთის ნაკრების წევრმა აპტი აუხადოვმა აჯობა – 173 კილოგრამით. ბულგარელი ივან მარკოვი მას 3 კილოგრამით ჩამორჩა, ხოლო რუმინელი გაბრიელ სინქრაიენი – 7-ით.
აკვრაში ქართველმა ძალოსანმა პირველ წონად 198 კილოგრამი შეუკვეთა და ვიდრე შტანგასთან მივიდოდა, ერთი კონკურენტი იქამდე ჩამოშორდა – ხუხაიევმა 193-კილოგრამიანი სამი ცდა გაანიავა. მალე გამოიკვეთა, რომ ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მეორედ მოსაგებად ბრძოლა თითქმის შეუძლებელი იყო. აუხადოვი და მარკოვი საგრძნობლად დაწინაურდნენ, ცირეკიძის მთავარი ამოცანა კი საიახოვის ჩამოშორება გახდა. ეს მეორე ცდითვე მოახერხა, როდესაც 205 კილოგრამი აჰკრა. რუსეთის ნაკრების წევრმა კი 202-ზე მეტი ვეღარ ასწია და ქართველმა ძალოსანმა სამეული გაინაღდა, ამასთან, მცირე ბრინჯაოც მოიპოვა. მესამე ცდაზე უკვე 211 შეუკვეთა, რითაც მარკოვისთვის გასწრება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო.
ბულგარელმაც 205 კილოგრამით დაასრულა აკვრა, ხოლო აპტი აუხადოვმა ჩემპიონობის განაღდების შემდეგ 215-კილოგრამიანი შტანგა მოითხოვა და მასაც ისევე ადვილად მოერია, როგორც წინა წონებს.
დღესვე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები 77 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გამოვლინდნენ. ოქროს მედალი რუსმა დიმიტრი ხომიაკოვმა მოიპოვა ორჭიდში დაგროვებული 351 კილოგრამით. მას 5 კილოგრამით ჩამორჩნენ მოლდოველი ალექსანდრ სპაკი, რუმინელი მარტინ რაზვანი და სომეხი ანდრანიკ კარაპეტიანი. პირადი წონის გათვალისწინებით ვერცხლი სპაკს ერგო, ხოლო ბრინჯაო – რაზვანს.
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ალბანურ ევროპირველობაზე 5 სპორტსმენით ჩავიდა. სამი მათგანი: ვაჟა ღონღაძე (94 კგ), ალბერტ კუზილოვი და დავით გოგია (ორივე 105 კგ) ფიცარნაგზე ხვალ გავა. მძიმეწონოსანი ირაკლი თურმანიძე კი შტანგას ზეგ ასწევს.
ძალოსნობა
ევროპის ჩემპიონატი
ტირანა. 12 აპრილი
კაცები
77 კგ
1 დიმიტრი ხომიაკოვი (რუსეთი) 351 კგ (161+190)
2 ალექსანდრ სპაკი (მოლდოვა) 346 კგ (157+189)
3 მარტინ რაზვანი (რუმინეთი) 346 კგ (156+190)
85 კგ
1 აპტი აუხადოვი (რუსეთი) 388 კგ (173+215)
2 ივან მარკოვი (ბულგარეთი) 375 კგ (170+205)
3 რაულ ცირეკიძე (საქართველო) 370 კგ (165+205)







