ფეხბურთი

11:33 | 18.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

რატომ მოკლეს კახი ასათიანი

რეტრო


კონსტანტინე გოგიშვილი

„ოლიმპი“, 22 ნოემბერი, 2002 წელი

გუშინ დილით ქართველი ბიზნესმენები შეკრებილან და ქვეყანაში არსებულ განუკითხაობაზე დაუჩივლიათ. ფულიანი და გავლენიანი ხალხი რომ ამას დაიჩივლებს, სრულიად დაუცველმა ობივატელმა რა უნდა თქვას...

ეს ქვეყნის გასაჭირი არ არის, ეს სისტემის გასაჭირია, რომელსაც გარკვეული კატეგორიის ადამიანები ქმნიან ქვეყანაში და, ჩვენდა საუბედუროდ, კარგადაც ქმნიან.


კრიმინალური ობობა ჭამს ირგვლივ ყველაფერს და რა გასაკვირია, რომ აზროვნების კრიმინალიზაციას პოლიტიკის კრიმინალიზაციაც მოჰყვა - სხვანაირად საქართველოში ძალაუფლება ვერ გადანაწილდებოდა, რადგან ყველაზე დიდი ქართული პოლიტიკა კრიმინალია თავად.

ჩვენ კი სიკვდილის ზონაში ვცხოვრობთ.

გუშინწინ კახი ასათიანი მოკლეს, გუშინ კი შინაგან საქმეთა მინისტრი ნარჩემაშვილი იწვიეს პარლამენტარებმა და ბუნებრივია, რომ გარკვეული დატვირთვა ამ წვევას გუშინწინდელმა ტრაგედიამაც მიანიჭა.

მართალი გითხრათ, პარლამენტის შენობაში რამდენიმე პოპულარულ და სიტყვამქუხარე პარლამენტართან საუბარი კარგი სატყუარა იქნებოდა მსგავს სიტუაციაში, მაგრამ კახი ასათიანის შეკვეთილ მკვლელობასთან კავშირში სიტყვამქუხარენიც კი დუმილს ამჯობინებენ და მოდი, იმ კულუარული ვერსიების შესახებ ვისაუბროთ, რომელმაც პარლამენტის სხდომათა დარბაზის წინ გაიჟღერა. თუმცა მანამდე სიტუაციაზე:

პარლამენტის საღამოს სხდომა ოთხი საათისთვის იყო დანიშნული, თუმცა ამ დროისთვის სხდომათა დარბაზისწინა ფოიეში დამლაგებელსა და კიდევ ერთ ქალბატონს თუ შენიშნავდით, რომელმაც საათს დახედა და - ოთხზე იწყებენ, ესე იგი, ხუთის ნახევარზე გამოჩნდებიანო - ასე წამოიძახა ქვეყნის უპირველესი სალაპარაკოს წინ ბანაკდაცემული სიჩუმის დაფიქსირებაზე.

ეს შეტყაპუნებული ნახევარი საათიც გავიდა და სხდომა დაიწყო - შინაგან საქმეთა მინისტრი ამაოდ ელოდა სავსე დარბაზს: იგი დეპუტატთა ისეთ სიხალვათეში აღმოჩნდა, რომ არა ნინო ბურჯანაძის ოპტიმისტური ტონი, კინაღამ ჩაიშალა ეს წვით და დაგვით მოწვეული საგანგებო სხდომა.

მართალი აღმოჩნდა პარლამენტის უპირველესი ქალბატონი - მოვიდნენ და სხდომათა დარბაზში პირველად გაისმა ამ შეხვედრის გამომწვევი უპირველესი კატალიზატორის: კახი ასათიანის მკვლელობის შესახებ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა „ძალიან დიდი სამძიმარი“ მოუხადა ასათიანების ოჯახს, უფრო დიდი გულისტკივილი და სინანული გამოთქვა მისი მკვლელობის გამო და განაცხადა, რომ არსებობს რამდენიმე ვერსია, მიმდინარეობს საეჭვო პირებზე და მანქანებზე მუშაობა და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა საქმე რაც შეიძლება მალე გაიხსნას.

სავარაუდო ვერსიებისა და საქმის მიმდინარეობის შესახებ კობა ნარჩემაშვილმა ყველაზე უკვდავი და ალბათ პოპულარული ქართული ფრაზა წარმოთქვა:

- საქმის და გამოძიების ინტერესების გამო ამ ეტაპზე თავს შევიკავებ რაიმეს დაკონკრეტებისგანო - ვიცით, გვსმენია, არ დაგვავიწყდება და მომავალშიც გავიგონებთ - საქართველოა ეს...

მერე კი ჩვეულებრივი პარლამენტური დაგნარი დაიწყო: ხალხი გადიოდა და გამოდიოდა, ფოიეს ჟურნალისტები შეესივნენ, გაჩნდა ახალ - ახალი პოპულარული სახეები და სხდომათა დარბაზს რაც შეეხება, თითქმის ყოველი გამომსვლელის სიტყვაში გაისმოდა კახი ასათიანის შემზარავი მკვლელობის ფაქტით აღშფოთება.

კახი ასათიანის სიკვდილის შესახებ პოზიციები დააფიქსირეს: თემურ ხურციძემ, დიმა ჯაიანმა, ელენე თევდორაძემ, გენო კალანდიამ, ზურაბ ჟვანიამ, კობა ამირხანაშვილმა, გიორგი თარგამაძემ... სხვებმაც, მაგრამ იმდენად ერთფეროვნად ჟღერდა ეს ყველაფერი, დაფიქსირებადაც არა ღირს.

მოდით, პარლამენტართა მიერ მიკროფონთან სამწუთიან შუშპარობას არ ჩამოვარეესტრებ და მიქსტურად შემოგთავაზებთ იმ საინფორმაციო კომბინაციას, რომელიც გუშინ საღამოთი შეიძლება მოგესმინათ პარლამენტის სხდომათა დარბაზში (სტილი დაახლოებით დაცულია):

- კახი ასათიანი არ იყო მარტო სპორტსმენი და ფეხბურთელი... იგი უხდებოდა ქალაქს... იგი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწე გახლდათ... მისი მკვლელობა მხოლოდ ერთი რგოლია დანაშაულთა ჯაჭვში... ასე გაგრძელება არ შეიძლება, რადგან აგერ, რამდენი ხანია არ გახსნილა სანაიას, სარსანიას, კალაძის და სხვათა საქმეები... პრეზიდენტი ჩვენი სიამაყეა... დამნაშავეა არა მხოლოდ მინისტრი, საზოგადოებაც...

მოკლედ, სკოლაში დაუმადლებელი სამიანის მიღება მაინც თუ შეგეძლო კაცს, საზოგადოებათმცოდნეობის კურსის რიგით გაკვეთილზე გეგონებოდა თავი და ამის შესახებ პირველმა დიმა ჯაიანმა იყვირა:

- კახი ასათიანი მანქანაში ჩაცხრილეს და ამ დანაშაულისა და მისი სიკვდილის ფონზე რაღაც ნამეტანს ვიცინითო...

ესეც ერთგვარი კატალიზატორი აღმოჩნდა მორიგი კარუსელისთვის და მიკროფონებთანაც ახალი რიგები გაჩნდა.

ყველაზე მქუხარე ამჯერად ზურაბ ჟვანიას გამოსვლა აღმოჩნდა: რატომ ხდება ასე, რატომ უნდა შეეწიროს ადამიანის სიცოცხლე მავანის საავიაციო ბიზნეს - ინტერესსო...

თბილისი ჭორების ქალაქია - აქ ოდითგან მისდიოდათ სული ჭორებზე. მისდიოდათ და ჭორაობდნენ კიდეც, მთავარი ოდნავ ხელჩასაჭიდი რამ, თუნდაც ხავსის ღერი ჰქონოდათ და...

ახლაც ასეა: ვარაუდობენ, თხზავენ ვარაუდებს, ერთი - მეორეს აბამენ მათ და ქალაქიც არ იწყენს.

ხავსი? ინებეთ, ბატონო, ხავსის ღერზე გაცილებით მეტი - საქვეყნოდ ცნობილი კახი ასათიანის მკვლელობის ამბავი.

სანამ ამ მოარული და მთავარი ვერსიის შესახებ ვაუწყებდეთ მკითხველს, ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციაც უნდა მივაწოდოთ:

- კახი ასათიანის მკვლელობის შემდეგ დაინტერესებული პირები ცდილობდნენ, როგორმე შესულიყვნენ იმ ბინაში, სადაც აწ განსვენებულის მძღოლს მოსაწვევები მიჰქონდა. პარლამენტარ ნანა ბიჭიაშვილის სახლის კარი კი არავისთვის გაღებულა.

ეს იმიტომ, რომ ქალბატონი ნანა იმ დროს შინ არ იყო, თორემ იგი არ გახლავთ ის ქალი, რომელიც ვინმეს ბინის კარს არ გაუღებდაო - აი, ასე განაცხადეს მოქალაქეთა კავშირის ფრაქციის წარმომადგენლებმა.

თავად ქალბატონ ბიჭიაშვილს რაც შეეხება, იგი სხდომაზე არ ბრძანდებოდა.

ახლა კი მოარული ვერსიის შესახებაც:

მოგეხსენებათ, კახი ასათიანი გარდა იმისა, რომ დიდი ქართველი ფეხბურთელი გახლდათ, იყო წარმატებული ბიზნესმენიც, კაცი, რომელსაც სერიოზული მდგომარეობა ეჭირა და გავლენაც საკმაოდ დიდი ჰქონდა.

მისი ინტერესები ბიზნესში არ მოიცავდა ერთ რომელიმე კონკრეტულ სფეროს - ამის შესახებაც საკმაოდ ინფორმირებულია საზოგადოება.

თუმცა სხვას თავი დავანებოთ და შევეხოთ იმ სექტორს, რომელიც კვებავს ყველაზე გავრცელებულ და სავარაუდო ვერსიას - ანუ საავიაციო ბიზნესს.

აი, რას საუბრობენ:

განსვენებული ასათიანი გახლდათ ერთ - ერთი ქართული ავიახაზის, „ეარ - ჯორჯიის“ მფლობელთაგანი. ამბობენ, აწ განსვენებულმა „ეარ - ჯორჯია“, ასე ვთქვათ, შეიტანა „აირზენა - საქართველოს ავიახაზებში“ და სამაგიეროდ მიიღო გამსხვილებული ავიახაზის ვიცე - პრეზიდენტის პოსტი.

ბიზნესი რომ სოლიდურია, ამაზე ორი აზრი არც შეიძლება არსებობდეს და ამავე ვერსიის თანახმად, აწ განსვენებულმა „აირზენას“ (ანუ ქართული საავიაციო ბიზნესის) მთლიანი კონტროლი დაისახა მიზნად.

ეს კი ქვეყნის ხელისუფლებასთან ჯახს ნიშნავდა...

„აირზენას“ სათავეში ხომ საქართველოს პრეზიდენტის პირადი პილოტი იდგა, რომელიც თავისუფლად შეიძლება იყოს შირმა ხელისუფალთა ინტერესისა ქართულ საავიაციო ბიზნესში - აი, ამას ვარაუდობს ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული ვერსია.

ბუნებრივია, რომ გავლენის სფეროების გადანაწილებას გარკვეული შედეგიც მოჰყვებოდა და...

კახი ასათიანი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს - აი, გარკვეული შედეგი.

თუმცა ოფიციოზი ყველანაირი ვერსიების შესახებ დუმს და ახლა ყველა დაინტერესებული პირი გამოძიების შედეგს უნდა დაელოდოს: თუკი საქმე გაიხსნა, რაღაცას აუცილებლად მოეფინება მზის შუქი - კახი ასათიანის მსგავს კაცებს „ცუდი და ძველი ბიჭების“ საეჭვო მომრავლების შემდეგ არ კლავენ - ამას დიდი, ძალიან დიდი ბიზნესის სუნი სდის - ძალიან, ძალიან გავლენიანი ხალხისა.

ყველაფრის გვირგვინად კი ქალბატონ ელენე თევდორაძის „ოლიმპთან“ ექსკლუზივს შემოგთავაზებთ. ქალბატონი ელენეც ხელისუფლებისაკენ მიუთითებს, ოღონდ ამ ეტაპზე ყოველგვარ დაკონკრეტებას ერიდება:

ქალბატონო ელენე, უშვებთ თუ არა, რომ ეს საქმე გაიხსნება?

- არა! არა! მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე არ გაიხსნება. იმიტომ, რომ, ჩემის აზრით, ამ მკვლელობის უკან მაინც ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან. ეს ყველა ფაქტი, რომელიც მე სხდომაზე მინისტრს ჩამოვუთვალე, იმიტომაც არ იხსნება, რომ ამის უკან ყოველთვის დგას ხელისუფლება. მე ხელთ მაქვს ფაქტები, რომელთა დადასტურება არ შემიძლია და ამიტომ ვიკავებ თავს დასახელებისგან.

ვიმეორებ, აქ ფიგურირებენ ხელისუფლების წარმომადგენლები.

მინდა შეგეკითხოთ სავარაუდო ვერსიების შესახებ, აფიშირებას უკეთებენ საავიაციო ბიზნესში განსვენებულის ინტერესებს...

- არ დაგიმალავთ, მე დამირეკა მოსკოვიდან 20 ნოემბერს ღამით და ეს ზარი დღეს დილითაც (21 ნოემბერს) გაიმეორა თენგიზ კიტოვანმა, რომელმაც ჩემი ყურადღება გაამახვილა ზუსტად კახი ასათიანის საავიაციო ბიზნესზე. მე არ მინდა, დავასახელო ის გვარები, რომელთა შესახებაც ბატონი თენგიზი მესაუბრა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მკვლელობა დაკავშირებულია ავიაბიზნესთან.

მაშ, მოდით, მე დავასახელებ გვარებს...

- არა. მოდით, ნუ გამაკეთებინებთ ამას...

აი, ასე დავშორდი ელენე თევდორაძეს. ვფიქრობ, ეს საუბარი გარკვეული ანარეკლია საზოგადოების ამჟამინდელი მდგომარეობისა.

... არ არის უბედურება გაუხსნელი დანაშაულებები, უბედურება გახსნილი და დაფარული დანაშაულებებია: როცა ყველამ ყველაფერი იცის და თქმისა კი ყველას ეშინია.

 

Loading...
0.273379