ინტერვიუები

10:48 | 27.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ ფალიანი: “სამოყვარულო კრივი ერთი წონით შემცირდება”

საქართველოს მოკრივეთა ნაკრები ახალი სეზონისთვის სამზადისს შეუდგა. მთავარმა მწვრთნელმა რამაზ ფალიანმა, გაფართოვებული შემადგენლობა ბაკურიანში იახლა და ივნისის დასაწყისში მოსკოვში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგა. “მსოფლიო სპორტი” გუშინ ნაკრების მთავარ მწვრთნელ რამაზ ფალიანს შეეხმიანა და სანაკრებო ამბებსა და ზოგადად, საკრივო სიახლეებზე ესაუბრა.
- უკვე ერთი კვირაა ბაკურიანში ვართ და საერთო ფიზიკურ მომზადებას გავდივართ. 1 თებერვლამდე აქ დავრჩებით. ქართულ კრივს ბოლო წლებში ასეთი მასშტაბური შეკრება არ ჰქონია. ნაკრების ძირითად კანდიდატებთან ერთად, სამზადისში ახალგაზრდებიც ჩაერთვნენ და ამჟამად ჩემს განკარგულებაში 35 მოკრივეა. ეორე შეკრებაზე, რომელიც თბილისში გაიმართება, კიდევ უფრო გაფართოვებული შემადგენლობა გვეყოლება.
- მეორე შეკრებას ბაკურიანიდან დაბრუნებისთანავე დაიწყებთ?
- სავარაუდოდ, ერთი კვირით დავასვენებ ბიჭებს და ინდივიდუალურად ვარჯიშს დავავალებ. თბილისურ ორკვირიან შეკრებას კი 9 თებერვალს, დეკადეს დარბაზში შევუდგებით.
- პირველ ტურნირზე როდის გამოხვალთ?
- წინასწარი გეგმით, 17-18 თებერვალს ბულგარეთში ჩასატარებელ საერთაშორისო ტურნირზე უნდა გამოვსულიყავით, მაგრამ ამ დღეებში შევიტყვეთ, რომ მასპინძლებმა მონაწილეთა ინდივიდუალურად დაპატიჟება გადაწყვიტეს. ჩვენ ეს სისტემა არანაირად არ გვაწყობს.
- ალტერნატიული ვარიანტი უკვე გამოჩნდა?
- კონკრეტული ჯერ არაფერია, რადგან საერთაშორისო ფედერაციამაც რამდენიმეჯერ შეცვალა ამ წლის კალენდარი. საბოლოო დამტკიცებული ვარიანტის მიხედვით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ.
- სულ, ევროპის ჩემპიონატამდე რამდენ ტურნირზე გამოსვლას გეგმავთ?
- ამ ეტაპზე, 2 ტურნირზეა საუბარი. პირველი, რომელიც ბულგარეთს ჩაანაცვლებს და მეორე, მარტის ბოლოს, თურქეთში. კარგი იქნებოდა, კიდევ ერთი ტურნირიც გვქონოდა, ბიჭებს გამოცდილება ჰაერივით სჭირდებათ, მაგრამ ფედერაციის ხელმძღვანელობის მისამართით საყვედურს ვერაფრით ვერ ვიტყვი. ყველანაირად გვიდგანან მხარში, რომ მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ. გეგმაში აქედანვეა ჩადებული ორკვირიანი თურქული შეკრება იქაურ ნაკრებთან ერთად, რომელსაც 15 მარტს დავიწყებთ და რაც მთავარია, სავარჯიშოდ გაფართოვებული შემადგენლობით გავემგზავრებით.
- საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, ოლიმპიურ თამაშებში მოკრივე ქალებსაც გაუხსნა გზა. საქართველოში როგორაა ქალთა კრივის საქმე?
- თურქულ შეკრებას 2-3 ძლიერი გოგონასაც დავუგეგმავთ და თურქეთის ნაკრებთან მომზადების შემდეგ, ტურნირში ისინიც მიიღებენ მონაწილეობას.
- ქალთა კრივის დამატება, მამაკაცების ქვოტას ხომ არ შეამცირებს?
- სამწუხაროდ, ასე იქნება და ოლიმპიადაზე მოსახვედრად უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება. აქამდე, ოლიმპიური თამაშების საგზურები 4 ტურნირის შედეგებით ნაწილდებოდა. მომავალი წლიდან კი, როგორც ამბობენ, ლიცენზიებს მხოლოდ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გასცემენ. ჯერ დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ, ალბათ, მსოფლიოზე მეოთხედფინალში, ევროპაზე კი ნახევარფინალში გასვლა იქნება აუცილებელი, ლონდონში მოსახვედრად. ამ წლის სექტემბრიდან კი, 11 წონითი კატეგორიის ნაცვლად ,10-ზე გადავალთ. 57 კილოგრამი საერთოდ ამოვარდება და წონები თავიდან ასე ჩამოიწერება: 49, 52, 56, 60, 64, 69, 75, 81, 91 და +91 კგ.
- შარშანდელი სეზონი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრეთ. წლეულს რა შედეგს გეგმავთ?
- ვეცდებით, უკეთესი სინჯის მედალიც მოვიპოვოთ და რაოდენობაც გავზარდოთ. მთავარია, მოსამზადებელი ეტაპი კარგად გავიაროთ.

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089265