ძიუდო

10:24 | 23.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ ჩოჩიშვილმა ჭაბუკები მშობლებს არ დაანება

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები გამთენიისას ჩეხეთში გაფრინდა. 25-27 ივნისს ქალაქი ტეპლიცე ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს და ტატამზე 8 ქართველიც გავა. მთავარმა მწვრთნელმა რამაზ ჩოჩიშვილმა შეგირდები აეროპორტში პირდაპირ გორიდან იახლა, სადაც ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპის დასკვნითი შეკრება გაიარა. მიმდინარე სეზონის უმთავრესი ტურნირი ჭაბუკ ძიუდოისტთათვის სწორედ ევროპირველობაა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატი ამ ასაკობრივ ჯგუფში არ ტარდება. სანაკრებო სელექციისა და მომავალი შეჯიბრის შესახებ ჩოჩიშვილი “მსოფლიო სპორტს” გუშინ ესაუბრა.
რამაზ ჩოჩიშვილი: "ბოლო შეკრება გორში გავიარეთ. 2 კვირის განმავლობაში გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზში გუნდი ნაყოფიერად ემზადებოდა. ნაკრების კანდიდატების გარდა წვრთნებში მონაწილეობა გორელმა ახალგაზრდებმაც მიიღეს და თითოეული წონითი კატეგორიის ლიდერს მინიმუმ 10 სპარინგ-პარტნიორი ავარჯიშებდა".
- ჯერ კიდევ საქართველოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოთქვით სურვილი, დასკვნითი შეკრება გორში ჩაგეტარებინათ...
- ამ ქალაქში ბოლო წლებში ძიუდო ძალიან გამოცოცხლდა. ნიჭიერი თაობა წამოვიდა, რაც მარტში ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატზეც გამოჩნდა. ხარისხობრივი და რაოდენობრივი თვალსაზრისით გორული შეკრება მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ხანდახან დარბაზში ასამდე ახალგაზრდაც კი გროვდებოდა ხოლმე. თბილისის აეროპორტში პირდაპირ გორიდან გავემგზავრებით. დღეს ნაკრების წევრებს მშობლებმა ჩამოაკითხეს და გვთხოვეს, რამდენიმე საათიტ სახლში გაგვაყოლეთ და აეროპორტში ჩვენ მოვიყვანთო, მაგრამ უარი ვუთხარით. ბიჭები ზედმეტად გადაიტვირთებოდნენ.
- მოსამზადებელი ციკლი ნაყოფიერად გაიარეთ?
- საკმაოდ. მარტიდან მოყოლებული, სამი 2-კვირიანი შეკრება გავიარეთ. პირველი დუშეთში და იგი გაცნობითი ხასიათის უფრო იყო, რადგან საქართველოს ჩემპიონატს მოვაყოლეთ და ახალი კანდიდატები შევკრივეთ. მაისის მეორე ნახევარში ბაკურიანში ჩავედით და ყურადღება ფიზიკურ მომზადებაზე გავამახვილეთ. ბოლოს კი სრულყოფილი წვრთნა ჩავატარეთ. გარდა ამისა, 3 საერთაშორისო ტურნირზეც გამოვედით, თუმც ფინანსური მხარის გამო სამივეზე სრული შემადგენლობის დაყენება ვერ შევძელით. სასურველი იყო, ბიჭებს მეტი გამოცდილება მიეღოთ, მაგრამ მთლად გამოუცდელებიც არ არიან და იმედია თავიანთ შესაძლებლობებს ჩეხეთში მაქსიმალურად წარმოაჩენენ.
- წლევანდელ შემადგენლობას წინა წლებისას თუ შეადარებთ?
- ერთი წელიც არაა, რაც ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავხდი. იქამდე ამ ასაკობრივი გუნდის ავან-ჩავანი ასე კარგად არ ვიცოდი და მიჭირს შედარება. სხვებისგან კი რამდენიმეჯერ მსმენია, ახლანდელი შემადგენლობა უფრო პერსპექტიულიაო.
- ნაკრები მხოლოდ საქართველოს ჩემპიონებით და ვერცხლის პრიზიორებით დააკომპლექტეთ...
- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პირველობის დასრულებისთანავე ვთქვი, შიდა კონკურენცია ფინალისტებს შორის გაგრძელდება მეთქი, საერთაშორისო ტურნირებზე შანსი ბრინჯაოს რამდენიმე პრიზიორსაც მივეცი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ოქრო-ვერცხლის მფლობელებმა შეძლეს შიდა კონკურენციაში გალიდერება. არჩევანი საუკეთესოებზე შევაჩერეთ. 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში გელა კელეხაშვილი იჭიდავებს, 55-ში – ომარ ნიაზაშვილი, 60-ში – მიხეილ მეზურნიშვილი, 66-ში – პავლე ქავთარაძე, 73-ში – თამაზ ონიანი, 81-ში – ლაშა ტაველური, 90-ში – უშანგი გასიტაშვილი და +90-ში – კარლო ნემსიწვერიძე.

ოთარ მაღლაკელიძე



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086981