ინტერვიუები

17:39 | 17.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

რაფაელ და სილვა: “ჩემთვის სეზონი ახლა იწყება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ბრაზილიელმა მცველმა რაფაელ და სილვამ მხრის ტრავმა საბოლოოდ მოიშუშა და ნელ-ნელა გუნდის ძირითად შემადგენლობასაც უშინაურდება. მას სეზონის პირველი ნახევარი თითქმის სრულად გაუცდა, მაგრამ ახლა თავს კარგად გრძნობს და იმედოვნებს, რომ გუნდს ტიტულის შენარჩუნებაში დაეხმარება.
21 წლის ფეხბურთელმა განვლილ მძიმე პერიოდზე და უკეთეს მომავალზე კლუბის ოფიციალურ საიტთან ისაუბრა.
- პერსონალურად თქვენზე რომ ვისაუბროთ, როგორ შეაფასებთ სეზონის განვლილ ნაწილს?
- თვალნათელია, რომ გარკვეული სირთულეები მქონდა. მხრის უმძიმესი ტრავმა აგვისტოს თვეში მივიღე, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა და რამდენიმე თამაშში მონაწილეობაც მივიღე. ვიმედოვნებ, რომ სეზონის მეორე ნაწილი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე პირველი.
- სანამ თქვენ “ისვენებდით”, მარჯვენა მცველის პოზიციაზე ფილ ჯონსი, კრის სმოლინგი და ანტონიო ვალენსიაც კი თამაშობდნენ. მიესალმებით დამატებით კონკურენციას?
- რა თქმა უნდა. მშვენიერია, როდესაც გუნდში ასეთი კონკურენციაა. როდესაც მარჯვენა მცველის პოზიციაზე ფილის და კრისის თამაშს ვუყურებდი, ვფიქრობდი: ვაუ! უფრო მეტი უნდა ვიმუშაო, რათა გუნდის შემადგენლობაში ადგილი დავიბრუნო. კონკურენტებმა სამუშაო ძალიან კარგად შეასრულეს.
- რთულია იმ თამაშის ყურება, რომელშიც მონაწილეობას არ იღებ?
- ძალიან, ძალიან რთულია. იყო ტრავმირებული, ყველაზე საშინელი შეგრძნებაა დედამიწაზე, თანაც, ამ დროს მოდუნების უფლებაც არ გაქვს. ინტენსიურად უნდა იმუშაო, ყოველდღე მიხვიდე ბაზაზე და ივარჯიშო, რათა აღდგენითი პროცესი რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გაიარო. კლუბის პერსონალი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებს, რათა დაგეხმარონ. ისინი პროფესიონალები არიან და გირჩევენ განსხვავებულ ვარჯიშებს, რომ აღდგენითი პროცესი საინტერესო იყოს და არ მოიწყინო. ამ პროცესის ყველაზე მძიმე მომენტი, გუნდის თამაშის ყურებაა. ზიხარ ტრიბუნებზე, არადა, ერთადერთი სურვილი გაქვს - მოედანზე გახვიდე და თანაგუნდელებს დაეხმარო.
- შეიძლება ითქვას, თქვენ ტრავმებთან დაკავშირებით ძლიერ არ გაგიმართლათ...
- ვიცი! ზოგი ტრავმა, რომელიც მივიღე, ფეხბურთში იშვიათობაა. მარჯვენა მხარი უკვე ორჯერ ამომივარდა და ქირურგიული ჩარევა დამჭირდა მის მოსარჩენად. მხრის ტრავმა ფეხბურთელისთვის ძალიან იშვიათობაა. მით უმეტეს, ორჯერ... სწორედ ესაა უიღბლობა.
- იქნებ ეს თქვენი თამაშის სტილთანაა დაკავშირებული?
- შესაძლებელია, მაგრამ მე თამაშის ასეთი სტილი მაქვს და ვერაფერს შევცვლი. როდესაც მოედანზე ვარ, მთელი მონდომებით ვთამაშობ და იმ წუთას არც კი ვფიქრობ, შეჯახებას თავი ავარიდო, რათა ტრავმა არ მივიღო. უბრალოდ, ვთამაშობ და მასში მთელ სულს და გულს ვაქსოვს.
- ვიცით, რომ ბევრ რამეს თქვენ ძმასთან, ფაბიოსთან ერთად აკეთებთ, მაგრამ ტრავმის ერთდროულად მიღება ნამეტანი ხომ არ არის?
-(იცინის). მართალია, ჩვენ ერთად ვატარებთ დროის უმეტეს ნაწილს - ერთად ვსადილობთ, ერთად დავდივართ კინოში. მაგრამ ტრავმის ერთდროულად მიღება არ დაგვიგეგმავს, ეს ნაღდია! ჩემი ძმა მუდამ გვერდში მიდგას, როდესაც ტრავმირებული ვარ და მეც იგივეს ვაკეთებ, როდესაც მას თამაში არ შეუძლია. ძალიან კარგია, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელიც მუდამ გეხმარება ნეგატიური განწყობის დაძლევაში.
- ახლა, როდესაც მოედანზე დაბრუნდით, თავს უკეთ გრძნობთ?
- მოედანს ინგლისის ლიგის თასზე, “კრისტალ პალასთან” მატჩში დავუბრუნდი, მაგრამ კიდევ ერთი მსუბუქი დაზიანება მივიღე. ამან გული ძლიერ დამწყვიტა და ცოტა არ იყოს, საკუთარი თავის რწმენა შემირყია. თუმცა, მერე “ბლექბერნის” წინააღმდეგ ვითამაშე და მოედანზე კიდევ რამდენჯერმე გავედი. ნელ-ნელა თავი უკეთ ვიგრძენი და ვფიქრობ, სირთულეებს თავი კარგად გავართვი. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ სულ უკეთ და უკეთ ვითამაშებ.
- სერ ალექს ფერგიუსონმა “ბლექბერნის” წინააღმდეგ ნახევარდაცვაში გათამაშათ. არ გაგიკვირდათ?
- კი, ცოტათი. თუმცა, “იუნაიტედში” ნახევარდაცვაში ადრეც მითამაშია და ვიცოდი ჩემგან რას ელოდნენ. როდესაც ბოსმა მითხრა ნახევარდაცვაში უნდა ითამაშოო, სულაც არ ავღელვებულვარ. უბრალოდ გავიფიქრე, რომ მზად ვიყავი და ვითამაშებდი. მე პროფესიონალი ფეხბურთელი და ვარ ამიტომ, იქ ვითამაშებ, სადაც მწვრთნელი მეტყვის. სავარაუდოდ, ჩემს პოზიციაზე ბევრად უკეთ ვითამაშე, თუმცა, ნახევარდაცვაშიც კი, თავს კომფორტულად ვგრძნობდი და თუ კვლავ მომიწევს ამ პოზიციაზე თამაში, პრობლემა არ მექნება. შესაძლოა, დროთა განმავლობაში სულაც ნახევარმცველად ვიქცე. არავინ იცის, რა იქნება მომავალში. შეხედეთ რაიან გიგზსს და იმას, თუ წლიდან წლამდე როგორ იცვლიდა პოზიციას. რამდენჯერმე მას მარცხენა მცველის პოზიციაზეც აქვს ნათამაშები.
- მიმდინარე სეზონში გუნდის თამაშზე რას იტყვით?
- სეზონის დასაწყისში წარმოუდგენლად ბრწყინვალედ ვთამაშობდით. ახლა ძველებურად ეფექტურად ვერ ვთამაშობთ, მაგრამ შედეგს მაინც ვაღწევთ. სატურნირო ცხრილის სათავეში “მანჩესტერ სიტისგან” არცთუ ბევრად შორს ყოფნა დიდი მიღწევაა, მით უმეტეს, ტრავმების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ. წელს ჩვენ გუნდს უამრავი ტრავმა და უიღბლობა დაატყდა თავს. ამაზე წუწუნს აზრი არ აქვს.
- როგორია თქვენი მიზნები სეზონის დარჩენილ ნაწილში?
- თავს ისე ვგრძნობ, თითქოს სეზონი მხოლოდ ახლა იწყება. ვიცი, რომ უკვე თებერვალია, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი მაინც ახლა იწყება. მოუთმენლად ველი ყველა შეხვედრას და მსურს, რომ გუნდს მორიგი ტიტულის მოპოვებაში დავეხმარო.
 

მოამზადა ზურა ქსოვრელმა  
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163323