ჩოგბურთი

16:31 | 11.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

რაფა ნადალი “როლან გაროსის” რეკორდსმენია!

რაფა ნადალი წლევანდელი “როლან გაროსის” ფავორიტად სავსებით დამსახურებულად ითვლებოდა. ესპანელმა თავისი რენომე სრულად დაიცვა – ორდღიან და ოთხსეტიან პაექრობაში მალიორკელმა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:4, 6:3, 2:6, 7:5 დაამარცხა და სარეკორდოდ, მეშვიდედ გახდა საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონი. ნადალმა მატჩის მსვლელობისას 4 ეისი (დღეს ერთი) და 16 ბრეიკპოინტიდან 8 შეასრულა. ბოლო სეტში ჯოკოვიჩი აწოდებდა და მას შემდეგ, რაც ბალკანელმა ორმაგი შეცდომა დაუშვა და სეტის ანგარიში 7:5 გახდა, ბედნიერი რაფა ტრიბუნისკენ გაქანდა და იქ მყოფ ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს გადაეხვია. აქვე გეტყვით, რომ ნადალის ქომაგებს შორის ტრიბუნაზე “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ესპანელი მეფარე პაუ გასოლიც იყო. 

ნოვაკ ჯოკოვიჩს რაც შეეხება, იგი პირველად გავიდა საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში, გადამწყვეტი მატჩის დასრულების შემდეგ კი ბულონის ტყეში მდებარე კორტეზე შეკრებილ მაყურებელ ფრანგულად მიესალმა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაჰპირდა, მომავალ წელს კიდევ უფრო უკეთ თამაშს შევეცდებიო. “ნოლეს” მსგავსად, რაფამაც ჯერ ფრანგულად მიმართა პუბლიკას, მადლობა მოახსენა მოწინააღმდეგეს, შემდეგ კი დასძინა, რეკორდებს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ და კონკრეტული გამარჯვება მახარებსო.
ბოლოს მოგახსენებთ, რომ დღემდე საფრანგეთის ღია პირველობა 6-6-ჯერ შვედ ბიორნ ბორგსა და ნადალს ჰქონდათ მოგებული, ამ უკანასკნელმა კი “როლან გაროსის” კორტებზე ჩატრებული 52 შეხვედრიდან 51 (!) მოიგო. ერთადერთი მარცხი პარიზში რაფას 2009 წელს აქვს განცდილი, როდესაც მას ბორგის თანამემამულე რობინ სოდერლინგმა სძლია.
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09861