პოლონელი აგნეშკა რადვანსკა (3) უიმბლდონის წლევანდელი ტურნირის ქალთა ერთეულთა შეჯიბრების პირველი ნახევარფინალისტია. მსოფლიოს 23 წლის მესამე ჩოგანმა ცენტრალურ კორტზე მასზე ერთი წლით უფროს გერმანელ ანჟელიკ კერბერს (8) 6:3, 6:4 მოუგო და კარიერის განმავლობაში რადვანსკამ პირველად გააღწია სადიდსლემო ტურნირის ფინალში.
პირველ სეტში კერბერმა თავიდან ბრეიკი შეასრულა და 3:1 დაწინაურდა. ამის შემდეგ ორთაბრძოლას პოლონელი აკონტროლებდა. საწყის პარტიაში გადამწყვეტი მერვე გეიმი გამოდგა. ანგარიში 30:30 იყო, როდესაც გერმანელმა ზედიზედ 2 შეცდომა დაუშვა. ამას რადვანსკას საკუთარ მოწოდებაზე ზუსტი თამაში მოჰყვა და სეტიც აგნეშკას მოგებით დასრულდა – 6:3.
მეორე პარტიაში პირველი ბრეიკი უკვე რადვანსკამ შეასრულა. მეხუთე გეიმში კერბერმა ოთხჯერ უზუსტოდ ითამაშა და აგნეშკა 3:2 დაწინაურდა. საკვანძო მომენტებში პოლონელი უკეთ გამოიყურებოდა და საქმეც საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა – 6:4. აგნეშკა რადვანსკასა და კერბერის ურთიერთშეხვედრათა ბალანსს რაც შეეხება, ურსულა რადვანსკას უფროსმა დამ დღეს მესამედ სძლია კერბერს, თავად კი გერმანელთან 2 მარცხი აქვს განცდილი.
უიმბლდონის პირველობისთვის გადამწყვეტ მატჩში რადვანსკა-უფროსი სერენა უილიამსისა და ვიკტორია აზარენკას ნახევარფინალურ შეხვედრაში მოგებულს შეხვდება.







