ფეხბურთი

10:54 | 8.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქვეყნის თასის ნახევარფინალების დროც დადგა

 

8 აპრილს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართება. ქობულეთში “შუქურა” “ჩიხურას” უმაყურებლოდ უმასპინძლებს, თბილისში კი თასის მოქმედი მფლობელი, “დინამო” გორის “დილას” დაუპირისპირდება.

შუქურა (ქობულეთი) – ჩიხურა (საჩხერე)

8 აპრილი. ქობულეთი. “ჩელე არენა.”  16:00

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, გ. დოგრაშვილი (სათადარიგო)

პირველი ლიგის წარმომადგენლის თასის ნახევარფინალში ყოფნა უკვე დიდი მიღწევაა. მით უმეტეს, საჩხერელთაგან განსხვავებით, ქობულეთელები ტურნირში თავიდანვე ჩაებნენ და წალენჯიხის “სქურის” (1:0, 2:1) ძლევის შემდეგ, გათამაშებიდან უმაღლესლიგელები “ვიტ ჯორჯია” (1:0, 1:2) და “მერანი” (0:0, 3:0) გამოთიშეს. ბესიკ შეროზიას შეგირდები ჩემპიონატშიც კარგად ირჯებიან, პირველი ლიგის “ა” ზონაში ერთპიროვნული ლიდერები არიან, თუმცა ბოლო ტურში მათ “ჩელე არენაზე” უსიამოვნო ფაქტი მოხდა. ფოთის “კოლხეთთან” მატჩი ფრედ 1:1 დამთავრდა. არეულობის გამო მატჩი 6 წუთით შეწყდა, შეხვედრის დამთავრების შემდეგ კი ქვებით და ხელკეტებით შეიარაღებულმა ადამიანებმა, რომელთა უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ, ქვები დაუშინეს სტუმართა ავტობუსს და გვერდითა შუშები დაულეწეს. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა მძიმედ. სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, “შუქურა” საკუთარ სტადიონზე უახლოეს 3 მატჩს უმაყურებლებოდ გამართავს. თანაც 1 400 ლარ ჯარიმას გადაიხდის.

“ჩიხურა” უკვე ზედიზედ მეორე წელიწადია ნახევარფინალში. შარშან საჩხერელებმა ამავე ეტაპზე ბოლნისის “სიონი” დაამარცხეს და მერე ფინალში “დინამოსთან” წააგეს (1:3). გაზაფხულზე სოსო ფრუიძის გუნდს კრიზისი უდგას. ჩემპიონატში მათ ზედიზედ 5 მატჩი წააგეს. ორიდ დღის წინათ კი “დინამოსთან” იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ფრეს (1:1) დასჯერდნენ. ამასობაში, საჩხერელებმა თასის მეოთხედფინალში “სიონი” დაამარცხეს (1:1, 2:1). წინა ეტაპზე კი “ლოკომოტივი” გაანადგურეს (3:0, 4:0).  

 

დინამო (თბილისი) – დილა (გორი)

8 აპრილი. თბილისი. “დინამო არენა.” 18:00

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. თოდრია, ლ. ვარამიშვილი, ბ. ნინუა, გ. ყრუაშვილი, თ. გვანცელაძე (სათადარიგო)

დინამოელები კვლავაც გათამაშების მთავარი ფავორიტები არიან, მაგრამ მოგეხსენებათ, სათასო მატჩებს თავისი სპეციფიკა აქვს და ვინ იცის, რა მოდება. მით უმეტეს, რომ გორელები ჩემპიონატის ზედა ექვსეულში ვერ მოხვდნენ და ევროპის ლიგაზე გასვლის ერთადერთი შანსი ქვეყნის თასზე წარმატებით თამაშია. გორელთა ხელმძღვანელობა და ახალი მთავარი მწვრთნელი გია გიგატაძე არც მალავენ, რომ მათთვის ეს სეზონის ორი უმნიშვნელოვანესი თამაში იქნება.

თასის მიმდინარე გათამაშებაში დინამოელებმა ჯერ ხობის “კოლხეთი” გაანადგურეს (9:0, 6:0), შემდეგ კი რუსთავის “მეტალურგს” აჯობეს (2:0, 4:1).

გორელებმა კი მერვედფინალში ბათუმის “დინამო” (1:2, 1:0), მეოთხედფინალში კი ქუთაისის “ტორპედო” (2:1, 2:0) დაამარცხეს.


0.115821