ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო ქვაცაბაიამ თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) ხუთი მატჩი მოიგო და ჩემპიონის ტიტული არავის დაუთმო.
მე-3 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ საწყის რაუნდებში რუმინელებს პატრისია ჩირეასა და ალექსანდრა დამასკინის, შესაბამისად, 6:0, 6:2 და 6:0 4:6, 7:5 სძლია, მეოთხედფინალში მე-6 რეიტინგის მქონე ჰულია ესენს 3:6, 6:4, 6:3 მოუგო, ნახევარფინალში რუსი ანასტასია ფროლოვა 6:1, 2:6, 6:3 დაამარცხა, ხოლო ფინალში კიდევ ერთი რუსი ევგენია პაშკოვა (მე-4) 6:0, 6:2 გაანადგურა.
ამ წარმატებისთვის, ქვაცაბაიამ, რომელიც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 89 ქულით 430-ე ადგილზეა, 12 ქულა შეიმატა და დაახლოებით, 30 პოზიციით დაწინაურდება.
ანტალიის ტურნირის წყვილთა გათამაშებაში ქვაცაბიამა და სერბმა სუნიკიჩმა თურქ დებ ესენებს 6:2, 6:4 სძლიეს, შემდეგ მასპინძელთა კიდევ ერთი დუეტი (ერაიდინი-ზუბკოვა) 6:1, 6:0 დაამარცხეს, ნახევარფინალში კი მომავალ ჩემპიონ – ფროლოვასა და პაშკოვას რუსულ ტანდემთან 1:6, 0:6 წააგეს.







