ძიუდო

22:52 | 3.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისში ძიუდოს დღეები იწყება

4-6 დეკემბერს ქუთაისი ქართული ძიუდოს ეპიცენტრად იქცევა. პარასკევს იმერეთის მთავარქალაქი საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის რიგგარეშე ყრილობას უმასპინძლებს, შაბათ-კვირას კი ქუთაისის სპორტის სასახლეში 3 ტატამი გაიშლება და საქართველოს 2009 წლის ჩემპიონატი ჩატარდება. რიგგარეშე ყრილობის დაგეგმვის უმთავრესი მიზეზი ფედერაციის ხელმძღვანელობაში ცვლილებების განხორციელებაა.
აღმასკომის წევრებმა გარდაცვლილი ვიცე-პრეზიდენტის, შოთა ჩოჩიშვილის ნაცვლად, თანამდებობა დროებით გიორგი ალექსიძეს ჩააბარეს. ოფიციალურად დამტკიცება კი ყრილობისთვის გადადეს, რომელიც ნოემბრის ბოლოს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ მერე დეკემბრამდე გადასწიეს. მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ აღმასკომის წევრები ალექსიძეს პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩევდნენ და ფედერაციის მართვის სადავეებს სწორედ ეს კანდიდატი აიღებდა ხელში, ხოლო ძიუდოისტთა ერთი ჯგუფისგან შერისხული პირველი ვიცე, დავით ბერძენიშვილი ფედერაციას ჩამოშორდებოდა. შესაბამისად, თავისუფლდებოდა ერთი ვიცე-პრეზიდენტის ადგილი, მაგრამ ბოლო დღეებამდე ამ ვაკანსიის თაობაზე არავინ საუბრობდა. გუშინ კი კულუარებიდან შევიტყვეთ, რომ აღმასკომის წევრები არჩევანს იმერეთის ფედერაციის პრეზიდენტზე, ოლიმპიურ ჩემპიონ დავით ხახალეიშვილზე გააკეთებენ. რაც შეეხება დავით ბერძენიშვილს, მოარული ხმებით, იგი თბილისის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნება.
ყრილობა 14 საათზე დაიწყება და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გიორგი ალექსიძის გარეშე ჩაივლის. მომავალი პირველი ვიცე-პრეზიდენტი რამდენიმე დღის წინ დიუსელდორფში ჩატარებულ ევროპის ძიუდოს კავშირის კონგრესზე საქართველოს მხარეს წარმოადგენდა და მომავალშიც აქტიურად მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო ფედერაციებთან მუშაობაში. ქართულ არჩევნებს კი პირადი პრობლემების გამო ვერ დაესწრება – ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.
დღესვე ჩაიტანენ ქუთაისში საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ძიუდოისტთა განაცხადებს და 17 საათზე შვიდივე წონითი კატეგორიის კენჭისყრა გაიმართება. 5 დეკემბერს მედლები 60, 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება, 6-ში კი ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ 4 წონაში – 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან.
აქვე ერთი საინტერესო სიახლეც, მომავალ ჩემპიონატს საერთაშორისო კომისარი, სლოვაკი მარიან ჰეპკა მოემსახურება. იგი ქართული მხარის მოთხოვნით, საქართველოში ევროპის ძიუდოს კავშირმა მოავლინა. სწორედ ჰეპკა გააკონტროლებს ქართველი მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებებს და საბოლოო გადაწყვეტილებებსაც ერთპიროვნულად მიიღებს, რაც სავარაუდოდ, აყალმაყალისა და მუშტი-კრივის საშიშროებას მინიმუმამდე შეამცირებს.
დაბოლოს, თუ წინა წლებში, ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტების უმეტესობა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისგან თავს იკავებდა, ამჯერად კიმონოს მორგება ნაკრების ყველა წევრისთვის სავალდებულოა.

ოთარ მაღლაკელიძე


























 
 
     
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.085168