ძიუდო

10:20 | 6.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისში ჩემპიონატი სანახევროდ ჩაჭიდავდა

საქართველოს ძიუდოისტთა ჩემპიონატის პირველ დღეს მედლების სამ-სამი კომპლექტი გათამაშდა. ქუთაისის სპორტის სასახლის ტატამზე 60, 66 და 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავეები გავიდნენ. ყველაზე შედეგიანად ბეთქილ შუკვანმა (60კგ), მიხელ ხომიზურმა (66კგ) და ზურაბ დილებაშვილმა (77კგ) იჭიდავეს. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ევროპის სამგზის ჩემპიონ ზაზა კედელაშვილს ჩემპიონატში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია.
საქართველოს ნაკრების ყველაზე უხვტიტულა წევრმა, ნესტორ ხერგიანმა ჩვეულზე ერთი წონითი კატეგორიით მაღლა – 66 კილოგრამში მოსინჯა ძალა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სამეულს მიღმა კი გუშინ რამდენიმე სახელიანი ძიუდოისტი დარჩა. შმაგი ლაგაზაურმა (60კგ), ზვიად ბაზანდარაშვილმა (73 კგ), ზებედა რეხვიაშვილმა (73კგ) ფინალურ შეხვედრებს ვერ უწიეს.
წინასწარი გადაწყვეტილების მიუხედავად, ორგანიზატორებმა კენჭისყრა მაინც ძველებურად, რეგიონალური გადანაწილების მეთოდით ჩაატარეს. ყურადღება არც საერთაშორისო რეიტინგებისთვის მიუქცევიათ და ამან ყველაზე ცუდი შედეგი 90 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოიღო. ამ წონებში ფავორიტად მიჩნეულ ძიუდოისტთა უმრავლესობა ბადის ერთ მხარეში მოგროვდა.
90 კილოგრამში, ვარლამ ლიპარტელიანი პირველსავე წრეში მსოფლიოს ახალგაზრდა პრიზიორ არჩილ შინჯიკაშვილს დაეჭიდება. ასევე პირველსავე წრეში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს გრიგოლ მამრიკიშვილი და პაატა ღვინიაშვილი და საბა გავაშელიშვილი და ზვიად გოგოჭური. ამ ოთხეულისა და ლიპარტელიანი-შინჯიკაშვილის გზები მეოთხედფინალში იკვეთება. ასე რომ, კვარცხლბეკის ორ უმაღლეს საფეხურზე ასვლის შანსი მხოლოდ ერთ-ერთ ამათგანს ექნება. ბადის მეორე მხარეს კი გამოსარჩევი თედორე აბელაშვილია, რომელიც წლების განმავლობაში საბერძნეთის ნაკრების ღირსებას იცავდა, ტენტორე მასმანიდისის სახელით. მან საქართველოს ჩემპიონატის საგზური თბილისის პირველობის მოგებით გაინაღდა და ახლა საქართველოს ნაკრებში დამკვიდრება განუზრახავს. მის ბადეში ლაშა გურულისა და გიორგი ცოციაშვილის გამორჩევაც შეიძლება.
მძიმე წონაში, პირველსავე წრეში ერთმანეთის პირისპირ დადგებიან ზვიად ხანჯალიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი. ნახევარფინალში კი, სავარაუდოდ, ამ წყვილში გამარჯვებული ალექსი დავითაშვილს, ვახტანგ ზოიძესა და იოსებ მსხალაძეს შორის საუკეთესოს შეხვდება. გაცილებით მეტად გაუმართლა ლაშა გუჯეჯიანს, რომელსაც ბადეში მეტნაკლებად სახელიან ძიუდოისტთაგან მხოლოდ ახალგაზრდა ლევან მუქერია ჰყავს. მოარული ხმებით, ამ უკანასკნელს ტრავმა აწუხებს და შესაძლოა, ვერც იჭიდავოს.
წინასწარი შეხვედრები მეორე დღესაც დილის 11 საათიდან დაიწყება.

ძიუდო
საქართველოს ჩემპიონატი
5 დეკემბერი


60 კგ
1 ბეთქილ შუკვანი (ქვემო ქართლი)
2 ამირან პაპინაშვილი (აჭარა)
3 დავით ასუმბანი (ქვემო ქართლი)
3 პაატა მერებაშვილი (შიდა ქართლი)

66 კგ
1 მიხეილ ხომიზური (თბილისი)
2 უჩა ხუციშვილი (თბილისი)
3 ნესტორ ხერგიანი (ქვემო ქართლი)
3 შალვა ქარდავა (რაჭა-ლეჩხუმი)

73 კგ
1 ზურაბ დილებაშვილი (შიდა ქართლი)
2 ანზორ ხმიადაშვილი (შიდა ქართლი)
3 დავით კობერიძე (რაჭა-ლეჩხუმი)
3 ნუგზარ ტატალაშვილი (შიდა ქართლი)
ოთარ მაღლაკელიძე

 

0.094452