ფეხბურთი

20:54 | 29.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქობალიას მორიგი სამქულიანი

 

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონისთვის” წარუმატებელი გამოდგა ეროვნული პირველობის წინა შეხვედრა, სტუმრად ცხინვალის “სპარტაკთან”. კოლოსალური უპირატესობის მიუხედავად, იმერული კლუბი ბოლო წუთზე გაშვებული გოლის წყალობით დამარცხდა. ამ წაგების შედეგად “ფეროელები” სატურნირო ცხრილში მათთვის შეუფერებელ, ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებოდნენ. თავის მხრივ, იმავე ტურში საკუთარ მოედანზე მშვენივრად ითამაშა ლანჩხუთის “გურიამ”, რომელმაც დამაჯერებლად დაამარცხა 3:1 რუსთავის “მეტალურგი”.

მშვენიერი ამინდით და შესანიშნავი საფეხბურთო არენით დაუხვდნენ ზესტაფონელები გურულებს, რომლებსაც მიმდინარე ჩემპიონატში საგარეო მატჩებში ქულა არ ჰქონდათ მოპოვებული. სტუმრებს საკმაოდ ახლდნენ ქომაგებიც, რომლებიც ენერგიულად ამხნევებდნენ საკუთარ ფეხბურთელებს. მატჩის წინ “ზესტაფონის” ფანკლუბის ხელმძღვანელმა კოტე ბოჭორიშვილმა კლუბის უხუცესი გულშემატკივრები “ზესტაფონის” მაისურებით დაასაჩუქრა.  

შეხვედრის დებიუტი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მეტოქენი დიდი თავგამოდებით იბრძოდნენ მოედნის თითოეული მონაკვეთისათვის. რაიმე განსაკუთრებული ხიფათი არცერთი გუნდის კართან შექმნილა. ორჯერ სცადა დარტყმა მასპინძელთა ფორვარდმა ირაკლი ქობალიამ, მაგრამ ორივე შემთხვევაში მას მიზანმა უმტყუნა.

თამაში ისევ იმ ფორმატში გაგრძელდა როგორითაც დაიწყო – სახიფათო მომენტების გარეშე. საწყისი ნახევარი საათი ფაქტობრივად ისე მიილია, არცერთი გუნდის ფეხბურთელს სერიზულად არ შეუწუხებია მოწინააღმდეგის მეკარე. გოლკიპერის პირველი ჩართვა თამაშში, როდესაც მისი კარისკენ ბურთი წავიდა, 36-ე წუთზე იყო. გაგოშიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმამ ბობღიაშვილს ვერაფერი დააკლო. მანამდე იყო შალამბერიძის დარტყმა მასპინძელთა კარის მიმართულებით, მაგრამ არაზუსტი. ტაიმი ისე დასრულდა სახიფათო მომენტი არ შექმნილა და მეტოქეებიც უგოლოდ გავიდნენ შესვენებაზე.   

მეორე ნახევარი, წვიმის ფონზე, უფრო ცოცხლად მასპინძლებმა დაიწყეს და თამაშიც მეტად გახალისდა. 48-ე წუთზე სამუშიამ ითამაშა შეტევის მარცხენა ფლანგზე კარგად, მეურვეს გაცდა და გამჭოლი გადაცემის გაკეთება დააპირა ქობალიას მისამართით, მაგრამ ბობღიაშვილმა ითამაშა ჩინებულად და ხიფათიც განიმუხტა.

მალე ზესტაფონელთა შეტევა საპირისპირო ფლანგიდან განვითარდა, სადაც ჩინებულად გაისარჯა თორნიკე გრიგალაშვილი, რომელიც მეურვის ჩამოშორების შემდეგ ბურთიანად შეიჭრა მახვილი კუთხიდან ლანჩხუთელთა საჯარიმოში. თრნიკემაც პასი გააკეთა საჯარიმოს შუაგულისაკენ, მაგრამ ბურთის კარისკენ გაგზავნა მასპინძელთა ვერცერთმა ფორვარდმა მოახერხა.

56-ე წუთზე უკვე სტუმრებმა შეაწუხეს ფეროელთა კიპერი როინ კვასხვაძე სტანდარტული სიტუაციიდან. კოშკაძის მიერ მახვილი კუთხიდან შესრულებული საჯარიმოს მოსაგერიებლად, ზესტაფონელთა კარის დარაჯს მთელი თავისი ოსტატობის გამოვლენა დაჭირდა.

პირველი რეალური საგოლე მომენტი ლანჩხუთელთა კართან შეიქმნა 62-ე წუთზე. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან მოწინააღმდეგის საჯარიმოში ალექსანდრე გურულმა ჩააწოდა, სადაც ქობალიამ მცველების გარემოცვაში იბრძოლა და ბურთი მეტოქის კართან ეულად მდგომ სამუშიას მიუვიდა, რომელმაც შეუჩერებლივ დაარტყა. წესით, ამ შემთხვევაში გოლი უნდა გასულიყო, რომ არა “გურიას” კარის დარაჯის მინდია ბობღიაშვილის საოცარი ნახტომი, რომლის წყალობითაც გურულები გადარჩნენ, ბურთი კი კუთხურზე გადავარდა.

მალე გურული ურტყამდა ლანჩხუთელთა საჯარიმოს შიგნიდან ვარდნაში, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

საქართველოს ორგზის ჩემპიონთა სერბმა დამრიგებელმა შეტევის გასაძლიერებლად ორმაგ შეცვლას მიმართა. ბალკანელმა ლომიას და სამუშიას ნაცვლად თავის გამოჩენის შანსი შარიქაძეს და კუტალიას მისცა. თავის მხრივ შეცვლები განახორციელა “გურიას” უკრაინელმა მწვრთნელმა რომან პოკორამაც, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამ ცვლილებებმა სტუმართა თამაში რადიკალურად შეცვალა.

მასპინძლებს სახიფათო მომენტი 77-ე წუთზეც ჰქონდათ, როდესაც სტანდარტულის გათამაშების შემდეგ თედორე გრიგალაშვილი აღმოჩნდა ხელსაყრელ მდგომარეობაში, მაგრამ ზესტაფონელთა მცველმა ბურთისთვის მიმართულების შეცვლა და დარტყმა ვერ შეძლო.

ორიოდ წუთში მასპინძელთა შეცდომის წყალობით კვასხვაძესთან პირისპირ კოშკაძე აღმოჩნდა, რომელსაც ბრაზილიელი ფერეირა ფეხდაფეხ მისდევდა. ზესტაფონელთა საჯარიმოში შეჭრილი “გურიას” კაპიტანი მცველთან კონტაქტისას წაიქცა და პენალტს ითხოვდა, თუმცა მისი მოლოდინის საწინააღმდეგოდ არბიტრმა სიტუაცია სხვაგვარად განსაჯა და ფეხბურთელებს თამაშის გაგრძელების უფლება მისცა. ბუნებრივია, გაგნიძის ამ გადაწყვეტილებამ გურულების, როგორც ფეხბურთელების, ასევე ქომაგების უკმაყოფილება გამოიწვია. 

მასპინძელთათვის სასურველი სიტუაცია 87-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც სტუმართა კარში გოლი გავიდა. ზედიზედ მეორე საშინაო მატჩია პაექრობის გმირად ირაკლი ქობალია იქცა, რომელმაც მოედნის სიღრმიდან, კუტალიასაგან კარგი გადაცემა მიიღო, ბურთიანად ირბინა და საჯარიმოში შეიჭრა, იქ მეურვე ოსტატურად ჩამოიშორა და ცაციათი ბობღიაშვილს შანსი არ დაუტოვა. გოლი ეფექტური და რაც მთავარია, გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა – 1:0.

თამაშის ბოლომდე გურულებს მიეცათ გათანაბრების შანსი, როდესაც სტანდარტულის გათამაშების შემდეგ გაჩეჩილაძეს შეეძლო ბურთისთვის მიმართულების შეცვლა, მაგრამ არეულობაში “გურიას” ნახევარმცველმა ამის გაკეთება ვერ შეძლო.

არბიტრის მიერ დამატებულ დროში კი გატანა მართებდა ლევან შარიქაძეს, რომელმაც ქობალიას აქტიურობის წყალობით ბობღიაშვილთან პირისპირ დარჩენა შეძლო, მაგრამ კიპერს ვეღარ აჯობა და ზესტაფონელები მინიმალური ანგარიშით გამარჯვებას დაჯერდნენ.

რომან პოკორა (“გურია”): “ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. მოგეხსენებათ, მე გუნდში ახალი მოსული ვარ და ფეხბურთელების შესაძლებლობებს თანდათან ვეცნობი. ვფიქრობ, დღეს ვინც მოედანზე იყო, მათი დიდი ნაწილი ღირსია ძირითადში ყოფნის. იმედია, მომავალ ტურში უკრაინელი ლეგიონერები დაგვემატებიან და დახმარებას გაგვიწევენ. აქვე ვიტყვი, რომ ასეთი მსაჯობა არ შეესაბამება უმაღლესი ლიგის დონეს. მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა”.

რატკო დოსტანიჩი (“ზესტაფონი”): “უპირველესად, დიდი მადლობა ქომაგებს ბოლომდე მხარდაჭერისათვის. დღევანდელი გამარჯვება დიდწილად მათი დამსახურებაა. მართალია, დღეს წინა მატჩებისაგან განსხვავებით ბევრი საგოლე მომენტი ვერ შევქმენით, მაგრამ საბედნიეროდ გამარჯვება მაინც მოვახერხეთ, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან დაგვეხმარება”.

 

 

“ზესტაფონი” – “გურია” 1:0 (0:0)  

29 სექტემბერი. 18:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”. 1200 მაყურებელი

“ზესტაფონი”: როინ კვასხვაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, რენე ფერეირა, გაგოშიძე, აჯურუ, ჭანტურიშვილი, ალექსანდრე გურული (ენდელაძე, 90), სამუშია (კუტალია, 63), ლომია (შარიქაძე, 63), ქობალია.

მთავარი მწვრთნელი: რატკო დოსტანიჩი

“გურია”: ბობღიაშვილი, ჩუენსუ, იობაშვილი, ჩაგელიშვილი, ჯიშკარიანი, ჯოჯუა, გაჩეჩილაძე, შენგელია (კუკულაძე, 70), კოშკაძე, შალამბერიძე, ისიანი (ტორონჯაძე, 67).

მთავარი მწვრთნელი: რომან პოკორა

გოლები: 1:0 ქობალია (87).   

გაფრთხილება: სამუშია (26), იობაშვილი (30), ჩაგელიშვილი (42), ქობალია (65), თორნიკე გრიგალაშვილი (84).   

არბიტრი: ხვიჩა გაგნიძე (გორი)

 

“დინამო” (თბილისი) – “მერანი” (მარტვილი) 4:2 (1:1)

გოლები: 0:1 ციკოლია (3), 1:1 კვირველია (18), 2:1 კვირკველია (51), 3:1 ძარია (53), 4:1 შულაია (62), 4:2 ვუო (82)

„დილა“ (გორი) – „სპარტაკი“ (ცხინვალი) 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 გორელიშვილი (45), 2:0 მოდებაძე (58პ.), 3:0 მოდებაძე (63), 3:1 ნანუაშვილი (87)

„სიონი“ (ბოლნისი) – „ჩიხურა“ (საჩხერე) 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 ტატანაშვილი (45), 1:1 სამხარაძე (84), 2:1 მიკუჩაძე (84), 2:2 ჭელიძე (90)

„მეტალურგი“ (რუსთავი) – „ზუგდიდი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ფიფია (75)

 

 

1. დინამო 7 5 1 1    15:5 16
2. ჩიხურა 7 4 1 2    15:10 13
3. ტორპედო 6 3 3 0    6:3 12
4. მერანი 7 4 0 3    10:11 12
5. დილა 7 3 2 2    10:8 11
6. მეტალურგი 7 3 2 2    7:9 11
7. გურია 7 3 0 4    6:9 9
8. ვიტ ჯორჯია 6 2 2 2    7:5 8
9. სიონი 7 2 2 3    9:9 8
10. ზესტაფონი 7 2 1 4    6:7 7
11. ზუგდიდი 7 1 2 4    3:10 5
12. სპარტაკი 7 1 0 6    3:11 3

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

 

ზაზა ლეთოდიანი ზესტაფონიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116741