ჩინეთის ქალაქ ქინგდაოში მიმდინარე ძიუდოისტთა დიდი პრიზის მეორე დღე მთლიანად აზიელთა კარნახით ჩაჭიდავდა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე სამხრეთ კორეელი, იაპონელი და ჩინელი სპორტსმენები ავიდნენ.
კაცთა 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველას მსოფლიო რეიტინგის მეორეადგილოსანმა, სამხრეთკორეელმა კი-ჩუნ ვანგმა აჯობა. გადამწყვეტ შეხვედრაში მან იაპონელ ტაკენორი ნაკამურას სძლია. 81 კილოგრამის გადამწყვეტ შეხვედრაში კი იაპონელმა კეიტა ნაგაშიმამ ფრანგი ალენ შმიტი დაამარცხა. ქალებში 57 და 63 კილოგრამებში გათამაშდა მედლები და ორივე წონაში მასპინძლებმა გაიხარეს.
ტურნირის დასკვნით დღეს – 18 დეკემბერს სამეულები დარჩენილ ხუთ წონაში შეივსება. კაცებში – 100 და +100 კილოგრამებში, ხოლო ქალებში – 70, 78 და +78 კილოგრამებში.
ტატამზე საქართველოს ნაკრების წევრები ირაკლი ცირეკიძე და ლევან ჟორჟოლიანიც (ორივე 100 კგ) გავლენ. შეჯიბრებაში ორივე მეორე წრიდან ჩაერთვება. ცირეკიძეს პირველ მეტოქედ უნგრელი ბალინტ ფარკაში ერგო. მერვედფინალში კი მისი სავარაუდო მოწინააღმდეგეები ფრანგი ტიერი ფაბრე, იაპონელი რიუნოსუკე ჰაგა და ტაჯიკი მუხამადმუროდ აბდურახმანოვი არიან. სატურნირო ბადის ამავე მხარესაა ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი სამხრეთკორეელი ჰი-ტაე ჰვანგი. მისი და ცირეკიძის გზები ნახევარფინალში იკვეთება.
ჟორჟოლიანი ტურნირს მაროკოელ ადილ ფიკრისა და ამერიკელ შინტარო ჰიგაჩის შორის მოგებულთან შეხვედრით გახსნის. მერვედფინალში ან ფრანგ კირილ მარეს დაეჭიდება, ან მასპინძელ დონგმინგ ჩაოს. ხოლო თუ ამ ბარიერსაც დაძლევს, სავარაუდოდ ეგვიპტელ მსოფლიოს პრიზიორ რამადან დარვიშთან და ბელგიის სახელით მოჭიდავე ჰოლანდიელთან, ევროპის ჩემპიონ ელკო ფან დერ ხესტთან მოუწევს ოქრო-ვერცხლისკენ მიმავალ გზაზე ბრძოლა.
დიდი პრიზის ჩემპიონობა 200 სარეიტინგო ქულად ფასობს, ვერცხლისმედალოსნები 120 ქულას მიიღებენ, ბრინჯაოსნები – 80-ს.
ძიუდო
დიდი პრიზი
ქინგდაო, ჩინეთი
17 დეკემბერი
კაცები
73 კგ
1 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)
2 ტაკენორი ნაკამურა (იაპონია)
3 ნიამ-ოჩირ საინიარგალი (მონღოლეთი)
3 მაიკლ ელდრედი (აშშ)
81 კგ
1 კეიტა ნაგაშიმა (იაპონია)
2 ალენ შმიტი (საფრანგეთი)
3 სირაჟუდინ მაგომედოვი (რუსეთი)
3 ივან ნიფონტოვი (რუსეთი)
ქალები
63 კგ
1 ლილი ქსუ (ჩინეთი)
2 მუნხზაია ცედევსურენი (მონღოლეთი)
3 ანიკა ვან ემდენი (ჰოლანდია)
3 ალის შლეზინგერი (ისრაელი)
70 კგ
1 ფეი ჩენი (ჩინეთი)
2 სიონგიონ კიმი (სამხრეთ კორეა)
3 ერიკა ბარბიერი (იტალია)
3 იუტინგ იაო (ჩინეთი)
ოთარ მაღლაკელიძე







