ფეხბურთი

1:06 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია: "ფაქტი ერთია: ქართულ ფეხბურთს ძალიან უჭირს"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ, ირლანდიასთან წაგების (1:2) შემდეგ, განვლილ მატჩზე ისაუბრა. პრესკონფერენციაზე "ჯვაროსნების" თავკაცმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები ფრეს იმსახურებდა.

- წაგება უიღბლობა იყო, თუ უბრალოდ, კლასმა გადაწონა?

თემურ ქეცბაია: რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, ჩვენი სტანდარტიც ესაა და სამწუხაროდ, გულდასაწყვეტი გოლი გავუშვით. ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ. ყველას გვინდოდა გამარჯვება, რაც დაგეგმილი გვქონდა 99%-ით შევასრულეთ და ზუსტად იმ ერთ პროცენტში დავისაჯეთ. მეტოქის მაღალი კლასი აშკარაა, უმეტესობა ფეხბურთელებისა პრემიერლიგაში თამაშობს. კიდევ ერთხელ ვამბობ: ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ მოდუნებამ დაგვსაჯა. ფაქტი ერთია, ქართულ ფეხბურთს ძალიან უჭირს.

- ბოლო წუთებში გუნდს ეტყობოდა, რომ ფრით უფრო კმაყოფილი იყო. ძირითადში ხომ არ აჯობებდა გელაშვილის მაგივრად მჭედლიძეს ეთამაშა...

- გელაშვილითაც და ყველა ფეხბურთელის თამაშითაც კმაყოფილი ვარ, მათ ყველაფერი გაიღეს. კვირკველიას თამაშითაც კმაყოფილი ვარ, კაცს თვენახევარი არ უთამაშია და ფეხზე დადგა ნაკრებისთვის. გარედან ადვილია ჩვენი განსჯა, მაგრამ შიგნიდან უნდა შეხედოთ რა ხდება. ყველა ასპექტში იყო პრობლემა და ეს დასამალი არცაა. გვინდოდა, მაყურებლის მოლოდინი გაგვემართლებინა, მაგრამ ძალიან საწყენი მარცხი ვიწვნიეთ.

- უმეტეს მატჩებში, თქვენი გუნდი მეორე ნომრად თამაშობს...

- ფიზიკური მომზადებაა საჭირო. ჩვენი გუნდი ირლანდიასთან ამ კომპონენტში ახლოსაც არ იყო. ისინი ევროთასებზე თამაშობენ, ამავდროულად, მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ჩემპიონატში და ჩვენ ვინ გვყავს, კანკავას გარდა, ევროთასებზე? არავინ. გამოვიდნენ ბიჭები და ბოლომდე იბრძოლეს. ისეც არაა საქმე, გამოიყვანო სულ შემტევი ფეხბურთელები და დაცვა არ გყავდეს. ძნელია ასე თამაში. ხუთი წელია აქ ვარ და მეც ნერვები მაქვს, შეიძლება ხალხს ყელში ამოუვიდა ჩემი თავი. უნდა დავიწყო ფიქრი და შევხედოთ მომავალ ორ თამაშში რა შედეგსაც მივაღწევთ, იმის მიხედვით შევხედავთ სიტუაციას, ავწონ-დავწონი და ჩემ გზაზე წავალ - ამით ნაკრებს არაფერი დააკლდება.

- ანუ, რას ნიშნავს, თუ ორ თამაშს ვერ მოიგებთ, წახვალთ?

- არა, ეგ გადაჭრით ნათქვამი არაა. უბრალოდ, შევხედავთ სიტუაციას და შესაბამისად მოვიქცევით.

შეგახსენებთ, რომ პირველი ტაიმის მიწურულს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. როგორც შემდგომში გაირკვა, ქართველმა გოლკიპერმა ნეკნი დაიზიანა და გამოკვლევის შემდეგ დადგინდება, თუ რამდენი ხანი მოუწევს უქმად ყოფნა.

გიორგი ბალახაძე

0.139576