დღეს, ევროპულ მინდვრებზე, ქართველი ფეხბურთელების გუნდების მონაწილეობით რამდენიმე თამაში გაიმართა. ერთადერთი ქართველი, რომელმაც თავისი გუნდის მოგებაში მონაწილეობა მიიღო, აკაკი ხუბუტიაა.
რუსეთის პრემიერლიგის 27-ე ტურში, ხუბუტიას “მორდოვია” კვლავ ჯანო ანანიძის გარეშე მოთამაშე მოსკოვის “სპარტაკს” მასპინძლობდა. აქამდე ბოლო ადგილზე მყოფი “მორდოვია” ევროტურნირებისთვის მებრძოლ მეტოქესთან ატუსაიდერი იყო და პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს კიდევ, მაგრამ მე-2 ნახევარში, 10 კაცით მოთამაშე მეტოქეს “მორდოვიამ” 2 უპასუხო ბურთი გაუტანა – 2:1. მასპინძელთა ქართველმა ცენტრალურმა მცველმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო.
ქართველი ფეხბურთელების გუნდების დაპირისპირება გაიმართა დნიპროპეტროვსკში. ადგილობრივი გუნდი “ზორიას” დაუზავდა, ანგარიშით 1:1. მასპინძელთა რიგებში, თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო კობახიძემ, რომელიც 64-ე წუთზე შეცვალეს. მთელი მატჩი სტუმართა სათადარიგოთა სკამზე გაატარა ჯაბა ლიპარტიამ.
უჟგოროდში დამარცხდა ყენიასა და დაუშვილის “კარპატი”. 1:2 წაგებულ შეხვედრაში, ორივე ქართველმა სრულად ითამაშა.
ზედიზედ მე-6 წაუგებელი თამაში ჩაატარა გივი იოსელიანის “კეჩკემეტმა”, რომელიც “ჰალადაშს” სტუმრად 1:1 დაუზავდა. უნგრული გუნდის ქართველი ნახევამრცველი განაცხადს მიღმა დარჩა.
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო “ჰერტამ”, რომლის განაცხადშიც ადგილი ლევან კობიაშვილისთვის არ მოიძებნა. ბერლინელებმა “აუეს” 3:2 სძლიეს.
საფრანგეთის ლიგა 2–ში ბოლო 4 მატჩში პირველად იმარჯვა გიორგი მაკარიძის “ლე მანმა”, რომელმაც ბოლოადგილოსან “გფკ აიაჩოსთან” 3:1 გასვლითი მოგებით გასავარდნ ზონას თავი დააღწია.
ცხრილში ერთი საფეხურით ქვემოთ მყოფ “გენჩლერთან” ქულები გაიყო შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილმა “ქასიმფაშამ”, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში მე-2 ნულოვანი ფრე ითამაშა.







