კალათბურთი

20:26 | 24.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა წარმატებული დღე ესპანურ ლიგაში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-4 გამარჯვება იზეიმა ვიქტორ სანიკიძის და გიორგი შერმადინის “სარაგოსამ”, საქართველოს ნაკრების წევრებმა კი ტრადიციულად სარგებლიანად ითამაშეს.

ბადალონის “ხუვენტუტთან” წარმატებულ (87:83) მატჩში ქართველთაგან სასტარტო ხუთეულში შერმადინი იყო, რომელმაც 19:40 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 13 გახლდათ, ამ მხრივ კი საუკეთესო მაჩვენებელი (20) სანიკიძეს ჰქონდა, რომელმაც 19:02 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

ვიქტორმა 6-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2-ჯერ დაჯარიმდა და მასზეც თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის შემდეგ არაგონელთა თავკაცმა ხოსე ლუის აბოსმა ქართველი ფორვარდის გარჯა განსაკუთრებით აღნიშნა – სხვებმაც კარგად ითამაშეს, თუმცა, სანიკიძემ საკუთარი საქმე სანიმუშოდ გააკეთაო.

“სარაგოსა” 4 მოგებით და 3 მარცხით მე-5 ადგილზე იმყოფება, მე-6 პოზიციაზე კი იდენტური მონაგარის მქონე “კახასოლი” იმყოფება, რომლის ღირსებასაც ბექა ბურჯანაძე იცავს.

სევილიელები ამჯერად “გრან კანარიას” ესტუმრნენ და მეტოქე, რომელსაც აქამდე ერთადერთი მარცხი გააჩნდა, მოულოდნელი მარცხი აგემეს – 68:58.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 07:43 წუთი გაატარა და გუნდს 2 ქულა და 1 მოხსნა შესძინა. ბურჯანაძემ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 2 სამქულიანი ააცილა, ამასთან, მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.

მე-8 ტურში, 30 ნოემბერს, “კახასოლი” მრისხანე მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს, ხოლო “სარაგოსა” 1 დეკემბერს ასევე ფავორიტად შერაცხულ “ბარსელონას” ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116063