დღეს, ხარკოვი წესების გარეშე ბრძოლებს უმასპინძლებს. ცნობილი ორგანიზაცია “PROFC”-ს მიერ ორგანიზებული ტურნირის – ერთა მეგობრობის თასის მე-13 ეტაპში მონაწილეობას 6 ქვეყნის 5-კაციანი გუნდი მიიღებს. მათ შორის ქართული “ჯეოფაიტიც”, რომელსაც ამ ლიგაში 22 იანვარს ჰქონდა დებიუტი. თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებულ მე-12 ეტაპზე, “ჯეოფაიტი” რუსულ “ელბრუსთან” ძალიან დაიჩაგრა.
“ელბრუსმა” ერთა მეგობრობის თასის უფრო ადრეულ ეტაპზე რუსული “AE Team” დაამარცხა. დღეს, “ჯეოფაიტის” მეტოქე სწორედ ეს სანქტ პეტერბურგული კლუბი იქნება. გამარჯვებულად, 5 შეხვედრის ჯამში უკეთესი შედეგის მქონე გუნდი გამოცხადდება.
ქართულ შემადგენლობაში თბილისური წარუმატებლობის შემდეგ, სამი ცვლილება განხორციელდა. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში 37 წლის დიმიტრი რობაქიძე, 26 წლის პაატა რობაქიძემ ჩაანაცვლა. მისი სიმაღლე 172 სანტიმეტრია, ხოლო წონა – 70 კილოგრამი. მეორე-მესამე წონაში - 76 და 84 კილოგრამებში რინგზე კვლავ გოჩა სმოიანი (19 წლის, 182 სმ, 76 კგ) და ლუხუმ ხულელიძე (33 წლის, 175 სმ, 83 კგ) ავლენ. 93 კილოგრამში დიმიტრი ჭუმბურიძის ადგილს 38 წლის დავით ქრისტესიაშვილი (180 სმ, 93 კგ) დაიკავებს, ხოლო მძიმეწონოსან ლადო ჩოჩიშვილს 23 წლის ილია ჯადუგიშვილი (193 სმ, 115 კგ) შეცვლის.
“PROFC”-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მოცემული სტატისტიკის თანახმად, რობაქიძეს წესების გარეშე აქამდე არასოდეს უბრძოლია, სმოიანის ანგარიშზე 3 მოგება და 4 წაგებაა, ხულელიძეს 1 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს, ქრისტესიაშვილს თითო მოგება-წაგება, ხოლო ჯადუგიშვილს – 4 მოგება და 2 წაგება.
აქვე რუსული კლუბის შემადგენლობაც:
70 კგ – იუნუს ევლოევი (26 წლის, 171 სმ, 69 კგ, 5 მოგება – 5 წაგება)
76 კგ – ალექსანდრ ბუტენკო (178 სმ, 72 კგ, 9 მოგება – 3 წაგება)
84 კგ – ჰასან უმალატოვი (180 სმ, 83 კგ, 7 მოგება – 1 ფრე)
93 კგ – შამილ აბდულმუსლიმოვი (180 სმ, 93 კგ, 6 მოგება – 2 წაგება)
+93 კგ – დენის გოლცოვი (198 სმ, 98 კგ, 2 მოგება)
დღესვე, უკრაინულ რინგზე კიდევ ორი გუნდური დაპირისპირება შედგება. უკრაინული “Pro Team Peresvit” აზერბაიჯანულ “ნეფჩის” შეხვდება, პოლონური “Team MMA Rocks” კი - ბელარუსულ “Akademia MMA”-ს
ბრძოლები თბილისის დროით 21:00 საათიდან დაიწყება და რუსულ ტელეარხ “ბოეცზე”, პირდაპირ ეთერში გადაიცემა. პირდაპირი რეპორტაჟის ცქერა ასევე ვებ-გვერდზე – www.profc.ws შეგეძლებათ.
ბოლოს, ერთი საინტერესო და ქართული გუნდის გულშემატკივრებისთვის უსიამოვნო ინფორმაცია. გოჩა სმოიანს 22 იანვარს, სპორტის სასახლეში მოპოვებული გამარჯვება, ორიოდ დღის წინ მარცხით შეუცვალეს. შესაბამისად, “ჯეოფაიტმა” რუსულ “ელბრუსთან” არა 1:4, არამედ 0:5 წააგო.
შეგახსენებთ, სმოიანისა და ალბერტ ტუმენოვის დაპირისპირებამ აზრთა სხვადასხვაობა დარბაზშივე გამოიწვია. “ელბრუსის” ხელმძღვანელობამ შედეგი უმალ გააპროტესტა, აქაოდა, ქულებიც არასწორად დაგვითვალეს და ბრძოლაც ვადაზე ადრე დაასრულეს, რადგან დაინახეს, ტუმენოვს ნოკაუტით გამარჯვებამდე წამებიღა აკლდაო. “PROFC”-ს თავკაცებმა სამართლიანი გადაწყვეტილების გამოსატანად, შეხვედრის ვიდეოფირი აზერბაიჯანელ, უკრაინელ და ბელარუს ექსპერტებს გადაუგზავნეს. ხუთივე ექსპერტმა გამარჯვება რუს მებრძოლს მიაკუთვნა, ერთნაირი ანგარიშით – 10:9.
ოთარ მაღლაკელიძე









