კალათბურთი

15:49 | 5.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ქართველებს ფაჩულიას გარეშეც ძლიერი გუნდი ჰყავთ"

ევრობასკეტის ვებ-გვერდზე კოკოშკოვის სია გაარჩიეს

 

მიუხედავად ტრავმირებული კაპიტნის ზაზა ფაჩულიას არყოფნისა, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით მიემგზავრება. აღნიშნული ვარაუდი ევრობასკეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოთქმული, სადაც იგორ კოკოშკოვის მიერ ქართველთა შემადგენლობის გამოცხადებას ცალკე სტატია მიეძღვნა.

“გუნდის ვარსკვლავური ცენტრი ზაზა ფაჩულია, რომელმაც აპრილში ოპერაცია გაიკეთა, საქართველოს ნაკრების 20-კაციან შემადგენლობაში ვერ მოხვდა, თუმცა, მის გარდა, ქართველებს დანაკლისი არ გააჩნიათ, რაც მათ წინაშე საკმაოდ კარგ პერსპექტივებს შლის.

ნაკრების სერბ დამრიგებელს განსაკუთრებით წინა ხაზის უნდა ეიმედებოდეს, სადაც წამყვანი ფიგურა სიენას “მონტეპასკის” ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე იქნება. 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე მას გუნდში მოხსნების მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. დიდი როლი დაეკისრებათ პირეოსის “ოლიმპიაკოსის” მაისურით ევროლიგის მომგებ ცენტრ გიორგი შერმადინს და ფორვარდ თორნიკე შენგელიას, რომელსაც “ბრუკლინ ნეთსში” საკმაოდ იმედისმომცემი მატჩები ჰქონდა.

გამოძახება მიუვიდა სტამბულის “გალათასარაის” მსროლელ მანუჩარ მარკოიშვილს, რომელიც ლიტვაში ჩატარებულ ევრობასკეტზე, გუნდის ბომბარდირთა შორის მხოლოდ ფაჩულიას ჩამორჩა და საშუალოდ 18 ქულა აგროვებდა. მოსალოდნელია, რომ მწვრთნელისთვის მარკოიშვილი ერთ-ერთი მთავარი შემტევი ოფცია იქნება.

გუნდში მოხვდა რამდენიმე ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელთაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მათგან ესპანური “კახასოლის” ფორვარდი ბექა ბურჯანაძე უნდა გამოვაარჩიოთ, რომელიც 20-წლამდელთა გასულ ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო მექულეთა შორის მე-3 ადგილზე გახლდათ.

ამას გარდა, საქართველოს ნაკრებში ახალ ნატურალიზებულ მოთამაშეებსაც ვხედავთ. თელ ავივის “მაკაბის” და “ფინიქს სანზის” ამერიკელი კალათბურთელები, უკანახაზელი რიკი ჰიკმანი და ცენტრი ლუკ ზელერი შეკრებაზე გუნდთან ერთად იქნებიან და მათგან საუკეთესოს კოკოშკოვი აარჩევს. როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატის განაცხადში გუნდებს მხოლოდ ერთი ნატურალიზებული მოთამაშის შეყვანის უფლება აქვთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვენიაში დაგეგმილ ევრობასკეტზე C ჯგუფში მოხვდა და ქალაქ ცელიეში მასპინძელთა გარდა, ესპანეთს, ხორვატიას, პოლონეთს და ჩეხეთს დაუპირისპირდება”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.06797