ირანის აღმოსავლეთით მდებარე გილანის პროვინციის ქალაქ რეშტში, დასრულდა ტრადიციული ტურნირი 9th-Khazar International Cup Open Chess 2011, რომელშიც მონაწილეობას ერთბაშად 16-მა ქართველმა მოჭადრაკემ მიიღო.
ქალთა ტურნირში არანაირი პრობლემა არ შექმნიათ ბელა ხოტენაშვილსა (2240) და ნინო ბაციაშვილს (2396), რომლებიც პირველ-მეორე ნომრებად იყვნენ განთესილნი და საბოლოოდ, ასპარეზობა ამავე მიმდევრობით დაასრულეს. აღსანიშნავია, ქართველმა გოგონებმა ფრედ მხოლოდ ერთმანეთთან ითამაშეს, დანარჩენი 8-8 პარტია კი მოიგეს.
ვაჟთა უმაღლეს A ჯგუფში, მოწინავე ათეულში 4 ქართველი მოხვდა, მათგან საუკეთესო შედეგი კი გიგა ყუფარაძემ (2395) აჩვენა, რომელიც 7.0 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა.
ყუფარაძე ირანულ ტურნირს უკანასკნელ მე-9 ტურამდე ლიდერობდა, ბოლოს კი შავი ფიგურებით პირველი რეიტინგის მქონე, ევროპის 2008 წლის ჩემპიონი სერგეი ტივიაკოვს (2623) დაუზავდა და ბელორუს ალექსეი ფედოროვს (2593) დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა. სათქმელია ისიც, რომ ყუფარაძეს “ხაზარის თასზე” მხოლოდ 29-ე განთესვა ჰქონდა.
6.5-6.5 ქულა მოაგროვეს ლევან ფანცულაიამა (2610) და დავით მაღალაშვილმა (2453), რომლებიც შესაბამისად, მე-4 და მე-6 პოზიციებზე გავიდნენ, დავით ზარქუა (2356) კი 6.0 ქულით მე-9 გახლდათ.
დანარჩენმა ქართველმა მოჭადრაკეებმა ასეთი შედეგები აჩვენეს: 15. დავით ჯოჯუა (2515) – 5.5; 16. კონსტანტინე შანავა (2560) – 5.5; 17. დავით ლომსაძე (2345) – 5.5; 23. მალხაზ სულაშვილი (2497) – 5.0; 26. დავით ბენიძე (2522) – 5.0; 27. გაიოზ ნიგალიძე (2456) – 5.0; 30. ბაჩანა მორჩიაშვილი (2400) – 5.0; 37. ივერი ჭიღლაძე (2394) – 4.5; 38. შოთა აზალაძე (2456) – 4.5; 66. გიორგი გამზარდია (2204) – 3.0;







