საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კანდიდატებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ გეგმაში შეტანილი ბოლო საერთაშორისო ტურნირი წარუმატებლად დაიწყეს. დღეს-ხვალ, პრაღაში მსოფლიოს თასი თამაშდება და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პირველი-სამი წონითი კატეგორიის წინასწარი შეხვედრები მიმდინარეობს, უკვე გარკვეულია - ამ წონებში სამეულები ქართველების გარეშე შეივსება.
60 კილოგრამში ტატამზე ახალგაზრდებსა და 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი, პაატა მერებაშვილი გავიდა. ფრანგ ეშლი მაკკენზის ოთხ წუთში იპონით გასცდა, მაგრამ კანადელ ფრეზერ ვილთან მეოთხე წუთზე თავად წამოეგო იპონზე. უმსუბუქეს წონაში ნაკრების პირველნომრობის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი დავით ასუმბანია, მაგრამ ამჯერად მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა მას ზედმეტი კილოგრამები არ დააკლებინა და 66-ში ჭიდაობის ნება დართო. ასუმბანი ჩეხურ ტატამზე ერთადერთხელ გავიდა. რუმინელ დან გეორგე ფასიესთან მხოლოდ 2 წუთი და და 15 წამი გაძლო.
66 კილოგრამში კიდევ ორმა ქართველმა მოირგო კიმონო, მაგრამ... მინდია ხომიზური პირველსავე წრეში, ლიტველ ალბერტ ტეჩოვთან ვაზარით დამარცხდა. ხოლო შალვა ქარდავა ყაზახი რუსლან ჟალგასბაიევის ვაზარით ჩამოშორების შემდეგ ტუნისელ რაგებ კარჩუდთან დაიპონდა.
73 კილოგრამში, თენგიზ პაპოშვილი ტურნირში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ფრანგ ლორენტ მესეგერთან შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე დამარცხდა.
ოთარ მაღლაკელიძე







