ძიუდო

22:27 | 16.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა მასტერსი მსუბუქად დაიწყეს

ძიუდოისტებმა 2010 წლის სეზონი ერთ-ერთი უპრესტიჟულესი ტურნირით, მსოფლიოს მასტერსით გახსნეს. დღეს, სამხრეთ კორეის ქალაქ სუვონის ტატამზე 60, 66 და 73 კილოგრამი წონითი კატეგორიების მსოფლიოს რეიტინგსიის საუკეთესო სპორტსმენები გავიდნენ და პირველი მედლებისთვის, სარეიტინგო ქულებისა და საპრიზო თანხისთვის იბრძოლეს. საქართველოს ნაკრები შეჯიბრზე სამკაციანი გუნდითაა ჩასული და ერთმა მათგანმა უკვე დაასრულა კიდეც გამოსვლა.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილმა პირველსავე წრეში წაიფორხილა და წონის 14 მონაწილეს შორის იმ ექვსეულში შევიდა, მასტერსი გამარჯვების გარეშე რომ ჩაიჭიდავეს. ქართველი მსუბუქწონოსანი ევროპის რუს ჩემპიონს, არსენ გალსტიანს შეხვდა და მე-5 წუთზე ბეჭებზე დავარდა. არადა, გამარჯვების შემთხვევაში, მეოთხედფინალში გადიოდა და მეტიც რომ ვეღარაფერი გაეკეთებინა, მე-5 ადგილი და 80 სარეიტინგო ქულა განაღდებული ექნებოდა.
ჩემპიონი ბევრისთვის მოულოდნელად, უზბეკი რიშოდ სობიროვი გახდა. ამ ძიუდოისტმა შარშანდელ სეზონში ოქროს მედალი მხოლოდ გერმანიის დიდ პრიზზე მოიპოვა, ამჯერად კი, თავისი შესაძლებლობა უფრო მაღალ დონეზე წარმოაჩინა. ფინალში სობიროვმა იაპონელ მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორს, ჰიროაკი ჰირაოკას ვაზარი შემოუტრიალა. იქამდე კი, ოქროს გზაზე იტალიელი ელიო ვერდე და იაპონელი მასააკი ფუკუოკა იპონებით, ხოლო სამხრეთ კორეელი გუან-იეონ ჩოი ვაზარით ჩამოიცილა. ცნობისთვის, ამ კორეელმა მეოთხედფინალში უკრაინის სახელით მოჭიდავე ქართველი, მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია დაამარცხა.
66-კილოგრამიანთა ბრძოლაც სენსაციური ფინიშით დაგვირგვინდა. მასტერსი წაუგებლად რეიტინგსიის მე-11 ნომერმა, მონღოლმა სანიაასურენ მიარაგჩამ ჩაამთავრა. 2009 წლის ჩინეთის დიდი პრიზის მომგებმა ძიუდოისტმა მსოფლიოს მასტერსზე გასაჩემპიონებლად, სამ ჩატარებულ შეხვედრაში, ჯამში, 5 წუთი და 9 წამი იმყოფინა. იაპონელ მასაში ებინუმას საქმე 19 წამში მოუმთავრა, ნახევარფინალსა და ფინალში კი რუსი მეტოქეების – მუსა მოგუშკოვისა და ალიმ გადანოვის დასამარცხებლად 2-2 წუთზე ცოტა მეტი დასჭირდა. ამ წონის რეიტინგსიის ლიდერი, კიდევ ერთი მონღოლი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი კი ტატამზე ერთადერთხელ გავიდა და ფრანგ დავიდ ლაროშთან 2-ჯერ ვაზარზე დავარდა.
73 კილოგრამში რეიტინგის პირველი ნომერი სამხრეთკორეელი კი-ჩუნ ვანგია. საკუთარ კედლებში, რა თქმა უნდა, უმთავრეს ფავორიტად სწორედ იგი მიიჩნეოდა, მაგრამ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მეოთხედფინალს ვერ გასცდა. ამ წონაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე სხვა კორეელი ავიდა. 2009 წლის აზიის ჩემპიონმა გუი-მან ბანგმა, ოქროს გზაზე, ჰოლანდიელ დექს ელმონზე, უკრაინელ ვოლოდიმირ სოროკაზე, კი-ჩუნ ვანგის მძლეველ იაპონელ იასუჰირო ავანოსა და ფრანგ ჟილ ბონომზე გაიარა.
ჩემპიონებმა 400-400 სარეიტინგო ქულა შეიმატეს და 6-6 ათასი დოლარი მიიღეს, ვერცხლის მედალოსნები 240 ქულით და 4 ათასით წაახალისეს, ბრინჯაოს პრიზიორები - 160 ქულით და 2 ათასით.
დღესვე, სუვონის დარბაზში მედლების 4 კომპლექტი ქალთა შორისაც გათამაშდა და ოთხივე ოქროს იაპონელები დაეუფლნენ. 48 კილოგრამში კი სულაც, კვარცხლბეკი მთლიანად იაპონელებმა დაიპყრეს.
კვირას მედლები მამაკაცთა 81, 90, 100 და +100 და ქალთა 70, 78 და +78 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. 90 კილოგრამში კიმონოს ვარლამ ლიპარტელიანი მოირგებს, 100-ში - ლევან ჟორჟოლიანი.

ძიუდო. სუვონი
მსოფლიოს მასტერსი
16 იანვარი

მამაკაცები

60 კგ

1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)
2 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია)
3 გუან-იეონ ჩოი (სამხრეთ კორეა)
3 არსენ გალსტიანი (რუსეთი)
9 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

66 კგ

1 სანიაასურენ მიარაგჩა (მონღოლეთი)
2 ალიმ გადანოვი (რუსეთი)
3 დავიდ ლაროში (საფრანგეთი)
3 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)


73 კგ
1 გუი-მან ბანგი (სამხრეთ კორეა)
2 ჟილ ბონომი (საფრანგეთი)
3 იასუჰირი ავანო (იაპონია)
3 მანსურ ისაევი (რუსეთი)

ქალები

48 კგ

1 ჰარუნა ასამი (იაპონია)
2 კაორი კონდო (იაპონია)
3 ტომოკო ფუკუმი (იაპონია)
3 შოკო იბე (იაპონია)

52 კგ

1 მასატო ნაკამურა (იაპონია)
2 ლაურა გომესი (ესპანეთი)
3 იუკა ნიშიდა (იაპონია)
3 პენელოპე ბონა (საფრანგეთი)

57 კგ
1 კაორი მაცუმოტო (იაპონია)
2 ნაე უდაკა (იაპონია)
3 ჰიტომი ტოკუჰიშა (იაპონია)
3 ჰედვიგ კარაკაში (უნგრეთი)

63 კგ
1 იოშიე უენო (იაპონია)
2 ია-იუნგ კონგი (სამხრეთ კორეა)
3 მიკი ტანაკა (იაპონია)
3 ალის შლეზინგერი (ისრაელი)

 

ოთარ მაღლაკელიძე












 




           





 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089521