ძიუდო

20:02 | 5.02.2011 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა დიდი სლემი ბრინჯაოთი გახსნეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ამირან პაპინაშვილმა პარიზის დიდი სლემი მე-3 ადგილით და 120 სარეიტინგო ქულით დაასრულა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ნახევარფინალში, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ და რეიტინგის პირველადგილოსან უზბეკთან, რიშოდ სობიროვთან დასანანი მარცხი იწვნია.
პაპინაშვილი ტურნირში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო. ფინელ იუჰო რეინვალს ვაზარით მოუგო, ჩინელ ა ლამუსს კიდევ უფრო იოლად სძლია, მეოთხედფინალში კი გერმანელი ტობიას ენგლმაიერი ჩამოიცილა. მეორე ქართველი მსუბუქწონოსანი, ბეთქილ შუკვანი მედლისთვის ბრძოლას მერვედფინალიდან გამოეთიშა, სომეხ ჰოვანეს დავთიანთან წაგებით. იქამდე შუკვანმა საუდის არაბეთის წარმომადგენლის, ეისა მაირაშის დასაიპონებლად წუთნახევარი იკმარა, ხოლო ჩეხ პაველ პეტრიკოვს ორ წუთში მოუმთავრა საქმე.
დღესვე, მედლები 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც თამაშდება. საქართველოს ნაკრებს 66-ში მონაწილე არ ჰყავდა, 73-ში კი კიმონო ორმა ძიუდოისტმა მოირგო და კვარცხლბეკზე ასვლის შანსი უკვე ორივემ დაკარგა.
ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) ებრაელ იოზეფ პალელაშვილს 3 წუთში შესრულებული 2 ვაზარით გასცდა, მაგრამ მეორე წრეში, ტაჯიკ რასულ ბოქიევთან ორთაბრძოლა ჰანტეითი წააგო.
თენგიზ პაპოშვილისთვის (73 კგ) დაუძლეველი ბარიერი სამხრეთკორეელი ვონ იუნ კიმი აღმოჩნდა. ამ მერვედფინალურ შეხვედრამდე ქართველმა ძიუდოისტმა 2 მოწინააღმდეგე ჩამოიცილა – ნიგერიელ აბას სალიჰუს წუთნახევარში სძლია, ხოლო ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ბელგიელ დირკ ვან ტიჩელტს – სამწუთნახევარში.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170873