ფეხბურთი

12:19 | 30.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებისთვის უიღბლო ტური

რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-12 ტურში, გათამაშების ლიდერი ტიხვინის “ტოსნო” სტუმრად “სიბირთან” 1:2 დამარცხდა.

მეკარე ნუკრი რევიშვილმა ტიხვინელებში სრულად ითამაშა. მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი სასტარტოში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. ფორვარდები ოთარ მარცვალაძე და მიხაილ გორელიშვილი თამაშში შესაბამისად 84-ე და 89-ე წუთებზე ჩაერთვნენ. წაგების მიუხედავად, “ტოსნო” 24 ქულით 18 გუნდში პირველ ადგილზეა.

“სახალინმა” “ტიუმენი” მიიღო და დაპირისპირება 0:0 დასრულდა. ნახევარმცველმა ზურაბ არზიანმა მასპინძლებში თავიდან ბოლომდე იასპარეზა და 82-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. რუსეთის მოქალაქე ლევან ჯღარკავა მოედანზე 86-ე წუთზე შევიდა. ნახევარმცველები გიორგი კახელიშვილი და გოჩა ხოჯავა სამატჩო განაცხადში არ ფიგურირებდნენ. “სახალინი” 11 ქულით მეთხუთმეტეა.

ხაბაროვსკის “სკა-ენერგია” გასვლაზე ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგასთან” მატჩში 0:6 განადგურდა. ნახევარმცველმა გოგიტა გოგუამ ხაბაროვსკელებში სრულად ითამაშა. მის მსგავსად მარჯვენა მცველი კახა ალადაშვილი და ნახევარმცველი გუჯა რუხაიაც  სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ და ორივე 39-ე წუთზე შეცვალეს. ფორვარდი მერაბ ურიდია “ვოლგას” რიგებში მოედანზე 51-ე წუთზე გამოჩნდა. “სკა-ენერგიას” 12 ქულა აქვს და 18 გუნდში მეთოთხმეტეა. “ვოლგა” 14 ქულით მეთორმეტეა.

მახაჩყალის “ანჟიმ” შინ სარატოვის “სოკოლს” 3:0 აჯობა. მარცხენა მცველი გია გრიგალავა და ნახევარმცველი ლევან გვაზავა მახაჩყალელთა 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდნენ. “ანჟი” 21 ქულით მეოთხეა.

კალინინგრადის “ბალტიკამ” თავის მოედანზე ძერჟინსკის “ხიმიკს” 1:0 სძლია. რუსეთის მოქალაქე მცველმა გიორგი ჯიქიამ დამარცხებულთა შორის პირველიდან ბოლო წუთამდე იასპარეზა. “ხიმიკი” 9 ქულით მეჩვიდმეტეა.

ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგია” ასტრახანში ადგილობრივ “ვოლგართან” 1:2 დამარცხდა. მცველი გურამ თეთრაშვილი ვლადივოსტოკელთა სასტარტოში იმყოფებოდა და 75-ე წუთზე გააძევეს. “ვოლგარის” ნახევარმცველი თემურ ბუკია თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო. ორივე რუსეთის მოქალაქეა. “ლუჩ-ენერგია” 17 ქულით მერვეა, ხოლო “ვოლგარი” 20 ქულით – მეხუთე.

ლატვიის ვირშლიგაში (უმაღლესი ლიგა) რიგის “სკონტომ”, რომელსაც თამაზ პერტია წვრთნის ზედიზედ მესამე თამაში წააგო. ქართველი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გუნდს ასეთი უიღბლო სერია არ ჰქონია. 31-ე ტურში რიგელები სახლში “იელგავასთან” 0:3 დამარცხდა. “სკონტოში” მცველმა ლაშა დვალმა 90 წუთი ითამაშა. ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი სასტარტო იმყოფებოდა და 76-ე წუთზე შეცვალეს.

დანიის სუპერლიგის მე-9 ტურში, “ოდენსე”, სადაც ლადო დვალიშვილი ირიცხება, გასვლაზე “ნორსიელანდთან” 1:2 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი სასტარტოში არ იმყოფებოდა და მოედანზე 83-ე წუთზე შევიდა. “ოდენსეს” 6 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოსწინაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.170886