ერთდღიანი შესვენების შემდეგ განახლდა მოჭადრაკე ქალთა გრან პრის გათამაშების მეხუთე ეტაპი, რომელსაც კურორტი ლოპოტა მასპინძლობს. ამჯერად მოჭადრაკეებმა მეცხრე ტურის პარტიები გაითამაშეს, რომელშიც რამდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. სამწუხაროდ, მოულოდნელ შედეგებში უარყოფითი როლი ქართველმა მოჭადრაკეებმა შეასრულეს. პირველ სამეულში მყოფი, თეთრებით მოთამაშე ნანა ძაგნიძე ბულგარელ სტეფანოვასთან დამარცხდა, რომელიც ამ ტურნირში კარგი თამაშით არ გამოირჩევა და აღნიშნულიდან გამომდინარე სატურნირო ცხრილის შუაგულში იმყოფება. კიდევ უფრო ცუდად ითამაშა მეორე ქართველმა დიდოსტატმა ბელა ხოტენაშვილმა, რომელიც ასპარეზობის გამოკვეთილ აუტსაიდერ, 0,5 ქულის მქონე ნაფისა მუმინოვასთან დამარცხდა.
აღნიშნულ ტურში მოულოდნელი მხოლოდ ეს შედეგები არ ყოფილა. ელინა დანიელიანმა გრან პრის გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი ინდოელი ჰამპი კონერუ დაამარცხა.
მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ძაგნიძის უშუალო კონკურენტმა ჟუ ვენჟუნმა ჰარიკა დრონოვალთან ყაიმი გააკეთა, 6 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყარად დამკვიდრდა. რაც შეეხება ტურნირის ერთადერთ დაუმარცხებელ მოჭადრაკეს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჰოუ იფანს, მორიგი გამარჯვება სლოვენიის სახელით მოასპარეზე უკრაინელ დიდოსტატ ანა მუზიჩუკთან მოიპოვა, 8 ქულა დააგროვა, უახლოეს მდევარ თანამემამულე ვენ ჟუნს ორი ქულით უსწრებს და შეიძლება ითქვას, რომ პირველი ადგილი თითქმის გაინაღდა.
შეგახსენებთ, რომ მეხუთე ეტაპის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი.
მეცხრე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
ძაგნიძე -სტეფანოვა 0:1
დრონოვალი -ვენჟუნი 0,5:0,5
მუზიჩუკი-იფანი 0:1
კოსტენიუკი - ქსიუ 0,5:0,5
დანიელიანი -კონერუ 1:0
მუმინოვა-ხოტენაშვილი 1:0
სატურნირო მდგომარეობა ცხრა ტურის შემდეგ:
1. იფანი - 8.0
2. ვენჟუნი- 6.0
3-4. ძაგნიძე, დანიელიანი 5,5-5,5.
5-7. მუზიჩუკი, სტეფანოვა, დრონოვალი 5-5
8. კონერუ 4,5
9. კოსტენიუკი 4,0
10. ქსიუ 2,5
11-12 . ხოტენაშვილი-მუმინოვა 1,5-1,5.
მე-10 ტურის შეხვედრათა განრიგი
სტეფანოვა - ხოტენაშვილი
კონერუ - მუმინოვა
ქსუ - დანიელიანი
იფანი - კოსტენიუკი
ვენჟუნი - მუზიჩუკი
ძაგნიძე - დრონოვალი







