სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ კეიპთაუნში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის წილისყრა შედგა და რვავე წონითი კატეგორიის ბადე შეივსო. ჩემპიონ-პრიზიორები კი, ხვალიდან კვირის ჩათვლით გამოვლინდებიან. ოთხდღიანი ტურნირის პირველ დღეს - 3 ნოემბერს ვაჟებში მედლები 55 და 60 კილოგრამებში გათამაშდება, 4 ნოემბერს – 66-სა და 73-ში, 5 ნოემბერს – 81-სა და 90-ში, ხოლო 6 ნოემბერს – 100-სა და +100-ში.
უმსუბუქეს წონაში საქართველოს სახელით ტატამზე ლერი ჭელიძე და გიორგი მესაბლიშვილი (55 კგ) გავლენ. ჩემპიონატში ორივე მეორე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთვება.
ჭელიძე ამერიკელ ნათან კერნის დაუპირისპირდება. თუ მოუგებს, სამხრეთაფრიკელ მეთიუ ჩასესა და ავსტრალიელ კიმ ჯოლის შორის საუკეთესოს შეხვდება. მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის კი, ერთ-ერთია ბელგიელი ადრიენ ქუერტინმონ, რომელიც ჭელიძემ თვენახევრის წინ, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალში დაამარცხა.
მესაბლიშვილი შეჯიბრებას კანადელ მაჰდი ზეგირთან შეხვედრით გახსნის. ამ წყვილიდან გასული კი იაპონელ რიოჯი იზუტანის დაეჭიდება, რომელიც ჯიბუტელ ბილალ ლეჩვიენს აუცილებლად ჩამოიცილებს, თუ სასწაული არ მოხდა. მეოთხედფინალში კი ქართველი შეიძლება ევროპის მოქმედ ჩემპიონს, სომეხ გარიკ ჰარუთინიანს შეხვდეს.
პირველ წრეში ტატამზე გასვლა არც ვაჟა მარგველაშვილს და ლაშა გიუნაშვილს (ორივე 60 კგ) მოუწევთ. მარგველაშვილი სავარაუდო მოწინააღმდეგეებს, ფრანგი ვინსენტ ლიმარესა და არგენტინელი ხუან ვიტალის ჭიდაობას დააკვირდება, ხოლო გიუნაშვილი – უკრაინელი ანდრეი კუშკოვისა და არგენტინელი გაბრიელ საბატინოს შეხვედრას.
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 15-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრა და აქვე თითოეული ძიუდოისტის პირველ მეტოქეს ან სავარაუდო მეტოქეებსაც გაგაცნობთ. ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) მეორე წრეში ან მაროკოელ მოჰამედ ოტმან არმაზს დაეჭიდება, ან ჩეხ იაკუბ ჟეჩმინეკს. მიხეილ ჩოხელი (73 კგ) ლატვიელ არტურს კურბანოვსს შეხვდება, ფრიდონ გიგანი (73 კგ) – ირანელ საეიდ მოლაეისა და კანადელ არტურ მარგელიდონს შორის მოგებულს, შალვა ნინიძე (81 კგ) – ინდოელ ავტარ სინხს, ბექა ღვინიაშვილი (81 კგ) – ჰუნგრელი პეტერ ჰეიმისა და ამერიკელი იან კაფარსკის წყვილიდან გასულს, გიორგი მემარნიშვილი (90 კგ) – ბელგიელ დილან ვან ნუფელს, გიორგი ქავთარაძე (90 კგ) – ავსტრალიელ ბრენდონ ბამინს, დავით მერაბიშვილი (100 კგ) – ეგვიპტელ მოჰამედ აბდელრაჰმანს, გურამ თუშიშვილი (100 კგ) – იტალიელ დომენიკო დი გუიდას, უშანგი კოკაური (+100 კგ) – ფრანგ ნაბილ ზალაგს, ხოლო ლევან მატიაშვილი (+100 კგ) – ეგვიპტელ მაისარა ელნაგარსა და ყაზახ აიტუარ აბდულოვს შორის გამარჯვებულს.
ოთარ მაღლაკელიძე







