ძიუდო

14:52 | 31.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები თურქეთში კორეელებით დაიწყებენ

ოფიციალურად დაზუსტდა, ძიუდოში, მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე 8 ქვეყნის ნაკრები გამოვა და მათ შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს ნაკრებიც იქნება. ჩემპიონატს 30-31 ოქტომბერს თურქეთის ქალაქი ანთალია უმასპინძლებს. პირველ დღეს ტატამი ქალებს დაეთმობათ, ხოლო მეორე დღეს კიმონოს მამაკაცები მოირგებენ. სოსო ლიპარტელიანის შეგირდებიც, სწორედ მეორე დღეს ჩაერთვებიან საქმეში.
“კენჭისყრა დღეს შედგა. ორგანიზატორებმა ოთხი გუნდი განთესეს და შესაბამისად, ბადეში წინასწარვე გადაანაწილეს. საქართველოს მეოთხე ნომერი მიანიჭეს და ბადეში პირველ ნომრად განთესილ იაპონიასთან ჩასვეს. შესაბამისად, გადაწყდა, რომ ქართულ-იაპონური გზა ნახევარფინალში იკვეთება. თუმც იქამდე ჩვენმა გუნდმა სამხრეთ კორეა უნდა დაამარცხოს, ხოლო იაპონიამ - რუსეთი. ბადის მეორე მხარეს მეორე-მესამე ნომრად განთესილი საფრანგეთი და მონღოლეთი გადანაწილდნენ. საფრანგეთი – ბრაზილიას დაუპირისპირდება, მონღოლეთი – თურქეთს” – უთხრა გუშინ “მსოფლიო სპორტს” ანთალიაში მყოფმა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახურის უფრისმა ზურა უსუფაშვილმა.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა თურქეთში 7 შეგირდი ჩაიყვანა. 66 კილოგრამში დავით ასუმბანი იჭიდავებს, 73-ში – ნუგზარ ტატალაშვილი, 81-ში – ავთანდილ ჭრიკიშვილი და ხვიჩა ხუციშვილი, 90-ში – ვარლამ ლიპარტელიანი, +90-ში კი ზვიად ხანჯალიაშვილი და ლაშა გუჯეჯიანი.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 17:30-დან. როგორც შევიტყვეთ, თურქული მხარე მზადაა, საქართველოს პირდაპირი ტელერეპორტაჟი მიზერულ ფასად მიჰყიდოს, მაგრამ შედგება თუ არა მოლაპარაკება, ჯერ ძნელი სათქმელია.
შეგახსენებთ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს მოქმედი გუნდური ჩემპიონია. ტიტული 2008 წელს, შოთა ხაბარელის ხელმძღვანელობით, ტოკიოში მოიპოვა.
დასასრულ, მოკლედ ქალებზეც ვთქვათ. დღეს, მსოფლიოს უძლიერესი გუნდის სახელის მოსაპოვებლად ბრაზილიის, გერმანიის, იაპონიის, ჰოლანდიის, მონღოლეთის, საფრანგეთის, ჩინეთისა და თურქეთის ქალთა ნაკრებები იბრძოლებენ.

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090002