ინდოეთის ქალაქ პუნეში სტარტი აიღო საჩოგბურთო ტურნირმა “როიალ ინდიან ოუფენმა”, რომელშიც ძალებს ქართველი გოგონები – სოფო შაფათავა და ოქსანა კალაშნიკოვაც მოსინჯავენ. შეჯიბრის საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარია, ქართველები კი პირდაპირ ძირითად ბადეში არიან დაშვებულნი და კორტზე 6 ნოემბერს გავლენ.
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ შაფათავას კენჭისყრისას არ გაუმართლა, რადგანაც პირველივე წრეში “უაილდ ქარდით” მიწვეულ ანდრეა პეტკოვიჩს ეთამაშება. გერმანელი ჩოგბურთელი ორიოდ წლის წინ მსოფლიოს მე-9 ჩოგანი გახლდათ და მართალია, სადღეისოდ რეიტინგში 143-ეა, ბოლო პერიოდში ჩვეული ფორმის დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს.
თუკი სოფომ გერმანული ბარიერი დასძლია, წინსვლის კარგი შანსი აქვს, რადგანაც მერვედფინალში გაცილებით სუსტ ჩოგბურთელებს – ინდოელ პრარტანა ტომბარეს (“უაილდ ქარდი”, 956-ე) და ჩინელ ჩანგ ლიუს (382-ე) შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.
საწყის რაუნდში ავსტრალიელ მონიკ ადამჩაკთან (187-ე) მოუწევს შიდილი ოქსანა კალაშნიკოვას, ხოლო წარმატების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელი ტაილანდელი ვარატჩაია ვონგტეანჩაის (311-ე) და მე-3 ნომრად განთესილ ხორვატ დონა ვეკიჩის (118-ე) ჯახში გამარჯვებულს შეერკინება.
ინდურ ჩელენჯერზე პირველ ნომრად რუსი ნინა ბრატჩიკოვაა განთესილი, პირველი წლის დაძლევისთვის კი 22 ქულა სარეიტინგო ქულაა გათვალისწინებული. ისიც ვთქვათ, რომ მეოთხედფინალისტები 44 ქულას მიიღებენ, ნახევარფინალისტები – 85-ს, ფინალისტი მარაგს 117 ქულას შემატებს, ხოლო გამარჯვებული 160 ქულით და 20 ათასი დოლარით დაჯილდოვდება.
ცნობისთვის, წყვილთა ტურნირში ქართველი გოგონები ერთად არ თამაშობენ. კალაშნიკოვა ხსენებულ ბრატჩიკოვასთან ერთად მე-2 ნომრად არის განთესილი და ძალებს მასპინძელთა დუეტთან (ბოსალე-ტომბარე) მოსინჯავს, ხოლო შაფათავა და ინდოელი ანუშკა ბარგავა იაპონელებს – დატე-კრუმს და ნარას გაეჯიბრებიან.
დღესვე ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგი გამოქვეყნდა, რომელშიც ანა ტატიშვილი 1140 ქულით 51-ე ადგილზე დარჩა, სულ კი კლასიფიკაციაში 8 ქართველი ჩოგბურთელი მოხვდა. მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, სიას ისევ დაუბრუნდა ანი გოგვაძე.
51 (51). ანა ტატიშვილი – 1140 ქულა; 290 (286). სოფო შაფათავა – 171; 400 (395). მაკა ჩახნაშვილი – 93; 405 (399). სოფო ქვაცაბაია – 93; 477 (465). ეკატერინე გორგოძე – 68; 542 (541). ოქსანა კალაშნიკოვა – 52; 665 (660). ნათია გეგია – 33; 1158 (-). ანი გოგვაძე – 3.
მიმდინარე კვირაში ბელორუსის დედაქალაქ მინსკში იმყოფება მაკა ჩახნაშვილი, რომელიც პირველ რაუნდში მე-4 განთესვის მქონე რუს მარგარიტა გასპარიანს ეთამაშება. წყვილთა გათამაშებაში ქართველი ჩოგბურთელი არ ფიგურირებს.
დასასრულ მოგახსენებთ, რომ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი 5 ადგილით დაქვეითდა და 142 ქულით 312-ეა, მის გარდა, კი სიაში კიდევ სამი ქართველია: 922 (919). ალექსანდრე მეტრეველი – 11 ქულა; 1335 (1351). გიორგი ცივაძე – 3; 1449 (1445). გიორგი ჯავახიშვილი – 2;







