ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საჭადრაკო გრან-პრის დასკვნითი ეტაპის მე-9 ტურში, ორმა ქართველმა ქალმა მოჭადრაკემ, ჯამში მხოლოდ 0.5 ქულის აღება მოახერხეს.
მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე, თეთრი ფიგურებით ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვას დაუპირისპირდა, მაგრამ ერთ-ერთი აუტსაიდერის დამარცხება ვერ მოახერხა და მასთან მხოლოდ ყაიმს დასჯერდა. ამ ნახევარმა ქულამ ქართველი მოჭადრაკე ერთი საფეხურით დააწინაურა და ახლა მე-5-მე-6 ადგილებს შვედ პია კრამლინგთან იყოფს. ბოლოსწინა მე-10 ტურში, ჩიბურდანიძე შავი ფიგურებით ფრანგ მარი სებაგის ეთამაშება, რომელიც ამჟამად მეორე ადგილზეა და დოჰას გრან-პრის მოსაგებად იბრძვის.
სამწუხაროდ, შავი ფიგურებით მარცხი განიცადა მეორე ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ. ის სწორედ ჩიბურდანიძის მომავალ მეტოქე სებაგთან დამარცხდა და ყატარში პირველობის შანსი საბოლოოდ დაკარგა, რადგანაც შეჯიბრის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, სომეხ ლიდერ ელინა დანიელიანს მთელი 2.5 ქულით ჩამორჩება. მიუხედავად ამისა, ძაგნიძეს ექვსი ეტაპის ჯამში, პირველობის შანსი ჯერ კიდევ შერჩა. მე-10 ტურში ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით გრან-პრის აუტსაიდერ, მასპინძელ ჟუს ეთამაშება, ხოლო დასკვნით ტურში, შავი ფიგურებით მაია ჩიბურდანიძეს დაუპირისპირდება. ძაგნიძემ 5 ქულით მე-4 ადგილი შეინარჩუნა და უშუალო კონკურენტ კონერუს მხოლოდ ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, საერთო ჩათვლაში 410 ქულით იფანი ლიდერობს, ძაგნიძე 390 ქულით მეორეა, ხოლო მის მდევარ კონერუს 323.30 ქულა გააჩნია. სხვა მოჭადრაკეები ქართველისა და ინდოელის დავაში ვეღარ ჩაერევიან. დასკვნითი ეტაპის მოგებისთვის 160 ქულაა გათვალისწინებული, შემდეგ კი ქულები ასე ნაწილდება: 2 - 130, 3 - 110, 4 - 90, 5 - 80, 6 - 70, 7 - 60, 8 - 50, 9 - 40, 10 - 30, 11 - 20, 12 - 10.
ფიდე-ს ქალთა გრან-პრის მე-6 ეტაპი. დოჰა (ყატარი). 20 თებერვალი-6 მარტი
მე-9 ტური
მარი სებაგი (საფრანგეთი, 2489) - ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2550) 1:0
მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 2502) - ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2546) 0.5:0.5
ბატხუაიგ მუნგუნტუული (მონღოლეთი, 2410) - პია კრამლინგი (შვედეთი, 2516) 1:0
ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2454) - მარტა ფიერო ბაკერი (ეკვადორი, 2363) 1:0
იუჰუა ქსუ (ჩინეთი, 2484) - ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2607) 0.5:0.5
ლილიტ მკრტჩიანი (სომხეთი, 2475) - ჩენ ჟუ (ყატარი, 2495) 1:0
სატურნირო მდგომარეობა
7.5 - დანიელიანი;
6.5 - სებაგი;
6 – კონერუ;
5 - ძაგნიძე;
4.5 - ჩიბურდანიძე, კრამლინგი;
4 - მკრტჩიანი, ფიერო ბაკერო;
3.5 - მუნგუნტუული;
3 - ქსუ, სტეფანოვა;
2.5 - ჟუ.
მე-10 ტური
ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2550) - ჩენ ჟუ (ყატარი, 2495)
ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2607) - ლილიტ მკრტჩიანი (სომხეთი, 2475)
მარტა ფიერო ბაკერი (ეკვადორი, 2363) - იუჰუა ქსუ (ჩინეთი, 2484)
პია კრამლინგი (შვედეთი, 2516) - ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2454)
ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2546) - ბატხუაიგ მუნგუნტუული (მონღოლეთი, 2410)
მარი სებაგი (საფრანგეთი, 2489) - მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 2502)







