აშშ-ში გამართული “ოფენ ამერიკის” შემდეგ, საქართველოს კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა თურქეთში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა. ქართველმა კარატისტებმა აშშ-ს ყველაზე პრესტიჟულ ღია ჩემპიონატზე ერთი ოქრო (დავით სვანაძე) და ერთი ბრინჯაო (ედუარდ საგრუნოვი) მოიპოვეს.
“ოფენ ამერიკაზე” წარმატების კვალად, ჩვენი ნაკრები მეტად მოტივირებული იყო, ამიტომაც თურქეთში საკმაოდ დიდი წარმატებით გამოვიდა. 5-7 აპრილს, თურქეთში, სტამბულში გაიმართა შოტოკანის მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც 45 ქვეყნის 3000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ შორის საქართველოს ნაკრები გუნდი 110 სპორტსმენი ასპარეზობდა.
მსოფლიო ჩემპიონატი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და სპორტსმენების თვალსაზრისითაც უმაღლესი რანგი იყო წარმოდგენილი. ჩვენმა ნაკრებმა თავი აქაც ისახელა და საბოლოო ჯამში, 11 ოქრო, 12 ვერცხლი და 27 ბრინჯაო მოიპოვა.
გუნდური პირველი ადგილი დავიკავეთ 12-13 წლიანებში ვაჟთა შორის, მეორე ადგილი გვერგო +18 წლამდელთა შორის და მესამე ადგილებს დავჯერდით 14-15 წელი გოგონათა და 16-17 წლიან ვაჟთა შორის”, - განაცხადა თურქეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ.
თურქეთიდან დაბრუნებული ნაკრები რუსეთში, ქალაქ ტიუმენში გაემგზავრა WKF-ის “პრემიერ ლიგაზე”.
თურქეთის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსნები გახდნენ ჰენრი ვეკუა, ირაკლი ტყებუჩავა, გოგიტა არქანია, რუდიკ საგრუნოვი, საბა ცაავა, ალექსი ტყვაცირია, ცოტნე სორდია, სალომე ლაშხია, ვალერიანე სიორდია, ნიკა კოხრეიძე, ლუკა ხვედელიანი.
საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეს-სამსახური







