ირანის ქალაქ თავრიზში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის მე-5 ტურში გამართული ქართული დაპირისპირება გაიოზ ნიგალიძესა (2460) და ლევან ფანცულაიას (2592) შორის ყაიმით დასრულდა. შედეგად, ამ მოჭადრაკეებმა 4-4 ქულა მოაგროვეს და მეცხრე-მეათე ადგილებზე იმყოფებიან.
ასეთივე მონაგარი გააჩნია კიდევ სამ ქართველ მოჭადრაკეს. მეხუთე ტურში შოთა აზალაძე (2403) ფრეს დასჯერდა, მალხაზ სულაშვილმა (2441) და ბაჩანა მორჩიაშვილმა (2372) კი ირანელ მოჭადრაკეებს აჯობეს. დამატებითი მაჩვენებლებით, აზალაძე მერვეა, სულაშვილი – მე-13, ხოლო მორჩიაშვილი – მე-15.
ხუთი ტურის თავზე, ქულათა მაქსიმუმით, ირანელი პურია დარინი (2458) დაწინაურდა, რომელსაც 0.5 ქულით მისივე თანამემამულე ეშან მაგამი გაემი (2570) და სომეხი ტიგრან კოტანჯიანი (2533) ჩამორჩებიან.
მე-6 ტურში ცენტრალური კოტანჯიან-დარინისა და ფანცულაია-გაემის პარტიები იქნება.
შეგახსენებთ, რომ ირანულ ტურნირში მოასპარეზე 12 ქვეყნის წარმომადგენელ 122 მოჭადრაკეს შორის 13 დიდოსტატია. ტურნირი შევცარიული სისტემით, 11 ტურად მიმდინარეობს, საპრიზო ფონდი კი 40 ათასი დოლარია.
სომხეთში, ანდრანიკ მარგარიანის სახელობის ტურნირის მე-9 ტურში, გიორგი ბაღათუროვმა (2449) შავი ფიგურებით მასპინძელ ჰოვანეს გაბუზიანთან (2402) წააგო და 4.0 ქულით, 12 მონაწილეს შორის ბოლოსწინა ადგილზე აღმოჩნდა.
ტურნირის დასრულებამდე ორი ტური რჩება, ბაღათუროვის მეტოქეები კი ირანელი პუია იდანი (2448) და სომეხი დავიდ კალაშიანი (2419) იქნებინ. მარგარიანის მემორიალს 7.0 ქულით რუსი ვლადიმირ ბელოუსი (2522) ლიდერობს.







