ძიუდო

22:43 | 3.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ხუთეულის ერთი მეხუთე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ გეგმაში შეტანილ ბოლო საერთაშორისო ტურნირზე გამოდის. 3-4 ივლისს, მოსკოვი ერთ-ერთ უპრესტიჟულეს ტურნირს, “დიდ სლემს” მასპინძლობს. რუსეთში თითქმის ყველა უძლიერესი ნაკრები საუკეთესო შემადგენლობით ჩავიდა, რადგან წლევანდელ შეჯიბრს დატვირთვად ლონდონის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულების დარიცხვა დაემატა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმაც, მოსკოვში ის შეგირდები იახლა, რომელთაც სავარაუდოდ, 9-13 სექტემბერს, ტოკიოში ჩასატარებელი მსოფლიოს პირველობის განაცხადში შეიყვანს. ამასთან, სტუმართათვის დაწესებული ქვოტაც (თითო წონაში 2 სპორტსმენი) მაქსიმალურად გამოიყენა. ერთადერთი გამონაკლისი 73 კილოგრამი წონითი კატეგორიაა. ტოტიკაშვილმა რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ “დიდ სლემზე” ზაზა კედელაშვილიც იჭიდავებდა, მაგრამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ავარჯიშებული ევროპის 3-გზის ჩემპიონის ტატამზე დაბრუნება სექტემბრამდე გადაიდო.
ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონ-პრიზიორები პირველ-სამ წონაში გამოვლინდნენ. კიმონო ხუთმა ქართველმაც მოირგო, მაგრამ კვარცხლბეკზე ასვლა ვერც ერთმა მათგანმა მოახერხა.
60 კილოგრამში დავით ასუმბანი პირველსავე წრეში დამარცხდა, უზბეკ გაბიტ ესიმბეტოვთან. ამირან პაპინაშვილმა რუსეთის სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძეს კი აჯობა, მაგრამ იტალიელ ელიო ვერდესთან ვეღარას გახდა.
შალვა ქარდავამ და პაატა მერებაშვილმაც (ორივე 66 კგ) თითო ბარიერი დაძლიეს. ქარდავამ საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ლავრენტის ალექსანიდისს სძლია და მონღოლ მიარაგჩა სანიაასურენთან წააგო, ხოლო მერებაშვილმა ირანელი მოუსენ გაფარი დაამარცხა და იაპონელ მასაში ებინუმასთან დამარცხდა.
ყველაზე ყოჩაღად კი, ქართული ხუთეულიდან ნუგზარ ტატალაშვილმა იჭიდავა - მედლის შანსი მეოთხედფინალში, სამხრეთკორეელ გი-მან ბანგთან დაკარგა, იქამდე კი, ირანელ ზაკარია მორადისა და რუს ბატრაზ კაიტმაზოვს დაასრულებინა ტურნირი უშედეგოდ.
დიდ სლემზე რეპეშაჟის წესი არ მოქმედებს და ნახევარფინალში დამარცხებული ძიუდოისტები უმალ ბრინჯაოს პრიზიორები ხდებიან. მეოთხედფინალში წაგებულმა ტატალაშვილმა კი, ტურნირი მე-5 ადგილით დაასრულა.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონაში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი, ლევან წიკლაური, დავით ქევხიშვილი (ორივე 81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, მინდია ბოდაველი (90 კგ), ირაკლი ცირეკიძე, ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ), ლაშა გუჯეჯიანი და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) იჭიდავებენ.

 
ძიუდო
დიდი სლემი
მოსკოვი. 3 ივლისი
კაცები
60 კგ.
1. რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)
2. ხეროენ მურენი (ჰოლანდია)
3. ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი)
3. ელიო ვერდე (იტალია)
 
66 კგ.
1. მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)
2. იო-ჩინ კიმი (სამხრეთ კორეა)
3. მიკლოშ უნგვარი (უნგრეთი)
3. ალიმ გადანოვი (რუსეთი)
 
73 კგ.
1. ბენჟამენ დარბალე (საფრანგეთი)
2. გი-მან ბანგი (სამხრეთ კორეა)
3. იასუჰირო ავანო (იაპონია)
3. ბრუნო მენდონცა (ბრაზილია)
 
ოთარ მაღლაკელიძე
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093557