დღეს პარიზში ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. რამდენიმე საათში პირველ ორ წონით კატეგორიაში - 60 და 66 კილოგრამებში მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდებიან. საწყისი ეტაპის შეხვედრების შედეგებით უკვე ცნობილია, რომ კვარცხლბეკი საქართველოს ნაკრების წევრთა გარეშე შეივსება. ფრანგულ ტატამზე ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი (ორივე 60 კგ), დავით ასუმბანი და შალვა ქარდავა (66 კგ) გავიდნენ და მეოთხედფინალამდე მიღწევაც ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო, ბრინჯაოს შანსი მაინც რომ შერჩენოდათ.
პაპინაშვილმა ჩემპიონატი წმინდა გამარჯვებით გახსნა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო - ტაჯიკი ჯამშედ ხალილოვის დაიპონების შემდეგ, თავად წააგო წმინდად უზბეკ გაბიტ ესიმბეტოვთან. შუკვანმა კიდევ უფრო დასანანი მარცხი იწვნია. მისთვის დაუძლეველი ბარიერი კანადელი ფრეზერ ვილი აღმოჩნდა. შუკვანი ვაზარი-იუკოთი იგებდა და უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
ქარდავა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების წევრ კენეტ ჰაშიმოტოს თანაბარ შეხვედრაში, იუკოს უპირატესობით გასცდა, მაგრამ ბრაზილიელ ლეანდრო კუნიასთან უშანსოდ წააგო. ასუმბანმა სამეულში შესვლის შანსი 66 კილოგრამის მსოფლიო რეიტინგის ლიდერთან, მონღოლ ცაგაანბაატარ ჰაშბაატართან წაგებით დაკარგა, იქამდე კი ერთი მეტოქის – ჩეხი დავიდ დუბსკის ჩამოშორება მოასწრო.
ოთარ მაღლაკელიძე







