როტერდამის გრან-პრის მეორე დღე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებისთვის წარუმატებელი გამოდგა. დღეს მედლები მამაკაცთა 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში თამაშდება და ჩასატარებელი ნახევარფინალები და ფინალებიღა რჩება, მაგრამ ქართველი სპორტსმენები შეჯიბრს საწყის ეტაპზევე გამოეთიშნენ.
ზაზა კედელაშვილი (73 კგ) და იოსებ წელაური (81 კგ) პირველსავე მეტოქეებთან დამარცხდნენ, ხოლო ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ) და ლევან წიკლაურმა (81 კგ) თითო შეხვედრის მოგება მოახერხეს. კედელაშვილისთვის დაუძლეველი ბარიერი ებრაელი იოსებ პალელაშვილი აღმოჩნდა, წელაურისთვის – ფინელი ანტი ვირტა. ტატალაშვილმა იტალიელი ლუჩა პოეტას ძლევის შემდეგ ჰოლანდიელ დექს ელმონთან წააგო, წიკლაურმა კი თურქ ჰალილ ოზერლერთან იმარჯვა და ფრანგ ალენ შმიტთან ვეღარას გახდა.
ოთარ მაღლაკელიძე







