ჩოგბურთი

16:23 | 12.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ქართული კვარტეტი ისევ ფლორიდაშია

ფორტ უოლტონ ბიჩის 25-ათასიანი ტურნირზე თამაშის შემდეგ, ქართულმა კვარტეტმა მაკა ჩახნაშვილის, სოფო შაფათავასა და ეკატერინე გორგოძისა და სოფო ქვაცაბაიას შემადგენლობით, ფლორიდაშივე კლერვოტერში გადაინაცვლა და ანალოგიური საპრიზო ფონდის მქონე ტურნირში ჩაერთო.
ოთხივე ქართველმა ასპარეზობა საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო. მე-4 ნომრად განთესილი ჩახნაშვილი და ქვაცაბაია პირველ რაუნდში ერთმანეთს გადაეყარნენ და მაკა 2:1-ს იგებდა, როდესაც სოფომ თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. მე-2 წრეში ჩახნაშვილი კანადელ ეუჟენ ბუშარს გაეჯიბრება, რომელმაც მ-ე-16 განთესვის მქონე შაფათავა 6:0, 6:4 დაამარცხა.
რაც შეეხება გორგოძეს, მან მე-12 ნომრად განთესილ შვეიცარიელ ამრა სადიკოვიჩს პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე 7:4 მოუგო, რის შემდეგაც მეტოქემ ასპარეზობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. კვალიფიკაციის დასკვნით რაუნდში ეკატერინეს პირისპირ პირველ ნომრად მიჩნეული იტალიელი კამილა ჯორჯი იქნება.
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დაწყებულ 10-ათასიან ტურნირში ითამაშებს ნათია გეგია. ქართველი ჩოგბურთელი პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული, მისი პირველი მეტოქე კი რუსი ნადეჟდა გორბაჩკოვა იქნება. წყვილებში გეგია და ყაზახი ასელია არგინბაიევა პირველ ნომრად განთესილ რუსულ-უკრაინულ დუეტს (პაშკოვა-ვასილიევა) გაეჯიბრებიან.
თურქულ ანტალიაში 10-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაციაში უნდა ეთამაშა კლეოპატრა ქარუმაშვილს, თუმცა, მან მე-13 ნომრად მიჩნეულ იტალიელ სტეფანია რუბინის წინააღმდეგ ასპარეზობა ვერ მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089123